გარდაიცვალა ვლადიმერ ქუმარიტაშვილი, საციგაო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი
1728474142
ყოველგვარ სიმდიდრეს, მატერიალურსაც და არამატერიალურსაც, არ უნდა მივანიჭოთ თვითკმარი მნიშვნელობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იქცევა წინაღობად ღმერთსა და ადამიანს შორის. ე.ი. ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, ასეთ სიმდიდრეებზე უარი ვთქვათ. გული არ უნდა გვქონდეს მიჯაჭვული ისეთ ფასეულობებზე, რომელთაც შეუძლიათ ღმერთს დაგვაშოროს, - განაცხადა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი).
მან მსახურებაზე წაკითხული, დღევანდელი სახარება განმარტა და ამქვეყნიური სიმდიდრის წარმავალობაზე ისაუბრა.
„გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, სულთმოფენობიდან მეთორმეტე კვირას; გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.
დღეს სახარებაში წაკითხული იყო, რომ უფალ იესო ქრისტესთან ერთხელ მივიდა მდიდარი ჭაბუკი და ჰკითხა: „მოძღვარო, სახიერო, რა გავაკეთო, რომ მარადიული ცხოვრება დავიმკვიდრო?“ (მთ. 19:16). ე.ი. ცათა სასუფეველში შევიდე. ეს მისგან უცნაური შეკითხვა იყო, რადგან ეს ჭაბუკი, გარდა იმისა, რომ მდიდარი იყო, ასევე მორწმუნეც იყო და პატიოსანი ცხოვრებით ცხოვრობდა. მან იცოდა რელიგიური ცხოვრების წესები, მცნებები, მაგრამ რატომ ეკითხება იესო ქრისტეს ამ შეკითხვას? ალბათ იმიტომ, რომ მას ესმოდა, რომ ჩვეულებრივ სიკეთეს ჯერ კიდევ ვერ შეჰყავს ადამიანი მარადიულ ცხოვრებაში. იგი მოსეს მიერ მოცემულ მცნებებს იცავდა, მაგრამ სინდისი ეუბნებოდა, რომ ეს არ არის საკმარისი, რომ სულის ცხონებისთვის საჭიროა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, რაც მას აკლია. ამიტომ ეკითხება უფალ იესო ქრისტეს, ვინაიდან მაცხოვრის სწავლებაში ყველაფერი იყო განსაკუთრებული და ეს ჭაბუკი ხვდებოდა, რომ მარადიული ცხოვრების დასამკვიდრებლად საჭიროა რაღაც განსაკუთრებული და მიმართავს ამ შეკითხვით.
უფალი იესო ქრისტე მას დაინახავს, მასში განჭვრეტს ძალიან კეთილ ადამიანს, შეუყვარდება იგი, როგორც ამბობს მახარობელი, და მის შეკითხვას ასე უპასუხებს: „მცნებები იცი - არ მოკლა, არ იმრუშო, არ მოიპარო, ცილი არ დასწამო, პატივი ეცი შენს მშობლებს. აი, რა გჭირდება შენ“ (მთ. 19:18-19). ჭაბუკი მიუგებს, რომ ამ ყველაფერს ბავშვობიდან იცავს, მაგრამ ხვდება, რომ ეს არ არის საკმარისი. მაშინ მაცხოვარმა უთხრა: „შენ გინდა, რომ სრულყოფილი იყო? მაშინ უარი თქვი შენს სიმდიდრეზე, შენი ქონება გლახაკებს დაურიგე და მოდი და გამომყევი“ (მთ. 19:21). ამ სიტყვების გაგონებაზე ჭაბუკი დამწუხრდა, რადგან ძალიან მდიდარი იყო და არ შეეძლო ამ სიმდიდრეზე უარის თქმა და წავიდა.
როგორც იცით, უფალი ხშირად საუბრობს ხატოვნად, იგავური ფორმით. ამიტომ მისი გამონათქვამების ყოველთვის პირდაპირი მნიშვნელობით გაგება არასწორია, არ უნდა გვესმოდეს ყოველთვის პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ ბევრად უფრო ღრმა და ფართო მნიშვნელობით. ამ შემთხვევაშიც ასეა: როდესაც იგი საუბრობს სიმდიდრესა და სიმდიდრის უარყოფაზე, ამ სიმდიდრეში იგი არ გულისხმობს მხოლოდ ფულს და მატერიალურ ქონებას, რადგან სიმდიდრე შეიძლება იყოს არამატერიალურიც. ე.ი. ფულის და ქონების გარდა, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სხვა სახის სიმდიდრეებიც. ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს მაღალი თანამდებობა ან საზოგადოებრივი მაღალი მდგომარეობა, ცნობადობა. ზოგისთვის ყველაზე დიდი ფასეულობა არის პატივი. სხვებისთვის შეიძლება ეს იყოს განსწავლულობა, განათლებულობა, კულტურულობა, ცოდნა, თუ გნებავთ და ა.შ.
და რა, განა უფალი იესო ქრისტე მოგვიწოდებს, რომ ჩვენ ამ ყველაფერზე უარი ვთქვათ და გავხდეთ უკულტურონი, გაუნათლებლები და უარი ვთქვათ ცოდნაზე? რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. მაშ, როგორ გავიგოთ ქრისტეს ნათქვამი დღევანდელ სახარებაში სიმდიდრეზე უარის თქმის შესახებ?
საქმე ისაა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ყოველგვარ სიმდიდრეს, მატერიალურსაც და არამატერიალურსაც, არ უნდა მივანიჭოთ თვითკმარი მნიშვნელობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იქცევა წინაღობად ღმერთსა და ადამიანს შორის. ე.ი. ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, ასეთ სიმდიდრეებზე უარი ვთქვათ. გული არ უნდა გვქონდეს მიჯაჭვული ისეთ ფასეულობებზე, რომელთაც შეუძლიათ ღმერთს დაგვაშორონ. არ უნდა ვიყოთ მიჯაჭვული ამაზე, ჩვენი გული სრულიად თავისუფალი უნდა იყოს ასეთი სიმდიდრისგან.
აი, ამას ეუბნებოდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამ მდიდარ ჭაბუკს, მაგრამ მისთვის სიმდიდრე იყო ყველაზე დიდი ფასეულობა ცხოვრებაში. ამიტომაც იგი დამწუხრდა, თავისი სიმდიდრე ამჯობინა ქრისტესთან ყოფნას და განშორდა, გაეცალა მას.
შემდეგ უფალმა უთხრა თავის მოწაფეებს: „ძნელად შევა მდიდარი ცათა სასუფეველში. უფრო ადვილად გაივლის აქლემი ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში“ (მთ. 19:23-24). მოციქულებმა გაკვირვებით ჰკითხეს: „კი, მაგრამ, თუ ასეა, ვინღა ცხონდება მაშინ, ვის შეუძლია რომ ცხონდეს?“ (მთ. 19:25). და ეს შეკითხვა ყოველ ჩვენგანსაც შეიძლება დაებადოს: როგორ შეიძლება ჩვენ სული ვიცხონოთ, როცა ამდენი რამ მომეთხოვება და მე ამ ყველაფრის შესრულება არ ძალმიძს? და მაცხოვარი მიუგებს, რომ „შეუძლებელი კაცთათვის შესაძლებელია ღვთისთვის“ (მთ. 19:26). შესაძლებელია ჩვენი მხსნელისთვის, რომელიც არის სიყვარული და რომელიც ყოველთვის მზადაა, მოწყალების ხელი გამოუწოდოს ყოველ ცოდვილს, რადგან იგი ამისთვის მოვიდა ამ დედამიწაზე, მიიღო ეს მიწიური ცხოვრების ყოველგვარი საშინელება, თვით გოლგოთაზე ჯვარცმამდეც კი.
ძვირფასო ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და სიტყვები, რომ ,,შეუძლებელი კაცთათვის შესაძლებელია ღვთისთვის“ - ძალიან გვანუგეშებს და გვაძლიერებს. ამიტომ ვეცადოთ, ვიცხოვროთ უფლის რწმენის ძალით, რომელიც გვაცხონებს და შეგვიყვანს ცათა სასუფეველში, რისი ღირსიც გაგვხადოს ჩვენ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ“, - განაცხადა მეუფე შიომ.