„გლდანის ციხე დედამიწაზე ჯოჯოხეთი იყო... ყველა ვიდეო-მასალა მიხეილ სააკაშვილთან მიდიოდა, საახლობლო წრესთან განიხილავდა თითოეული პატიმრის წამების ამბავს, იცინოდნენ, ხალისობდნენ“ - სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე მოლაშვილი

სულხან მოლაშვილი

გადაცემა "ისტორია დეტალებში" უახლოესი წარსულის ერთ-ერთ მძიმე ეპიზოდს - "ციხის კოშმარს" მიეძღვნა. გადაცემაში კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის ძმამ, ყოფილმა პოლიტპატიმარმა, თორნიკე მოლაშვილმა უმძიმეს დეტალებზე ისაუბრა.

მას შემდეგ, რაც სულხან მოლაშვილმა ევროპულ სასამართლოს მიმართა, მისი ძმა თორნიკე მოლაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და მოსთხოვეს აღნიშნული მიმართვა უკან გამოეწვიათ. სტრასბურგის სასამართლოდან სარჩელის გამოტანაზე ოჯახმა უარი განაცხადა, ამის შემდეგ კი თორნიკე მოლაშვილი დააპატიმრეს.

თორნიკე მოლაშვილი გადაცემაში საკუთარი დაკავების დეტალებს და გლდანის ციხეში გატარებულ მძიმე პირობებს იხსენებს.

"წამიყვანეს და პირდაპირ მითხრეს, რომ სულხანმა დაწეროს განცხადება, სტრასბურგიდან სარჩელი გამოიტანოს და ხვალ დილით 10 საათზე იქნები სახლში. დაწეროს განცხადება, მოგვცეს ჩვენ და იმ განცხადებას ჩვენ მივხედავთო. წერდა სულხანი განცხადებას, უნდოდა, მაგრამ პასუხისმგებელი იმაზე, რომ მე გამომიშვებდნენ, არავინ არ იყო.

აღმოვჩნდი გლდანის ციხეში. სასჯელის ნახევარი გავატარე გლდანის ციხეში, ნახევარი ე.წ. მატროსოვზე. გლდანის ციხე დედამიწაზე ჯოჯოხეთი იყო, ვერ აღგიწერთ. ევროპელი დამკვირვებლები რომ იყვნენ შემოსულები ციხეში, თქვეს, რას უშვრებითო ამ ხალხსო?ციხეში, სად შეიძლება სიჩუმე იყოსო? ბუზის გაფრენის ხმას გაიგებდი ისეთი სიჩუმე იყო ციხეში. სიკვდილის და სისხლის სუნი იდგა. ხალხი დარწმუნებული იყო, რომ ციხიდან ცოცხლები ვერ გამოვიდოდნენ," - აღნიშნა თორნიკე მოლაშვილმა.

ასევე, ყოფილმა პოლიტპატიმარმა იმ დეტალზეც გაამახვილა ყურადღება, როდესაც მისი ძმა, პატიმრობის დროს, გარკვეული პერიოდი დაკარგულიც კი იყო.

"სულხანი 2-ჯერ, ერთხელ 5 დღით, მეორედ 7 დღით, საერთოდ დაიკარგა ციხეში, დაგვიმალეს. ე.წ. რეზბალნიციდან სად გადაიყვანეს არ ვიცოდით. მოვიარეთ მთელი საქართველოს ციხეები, არსად არ იყო, თურმე სამინისტროს ქვემოთ ციხე რომ არის, იქ ჰყოლიათ," - განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.

მისივე განცხადებით, წინა ხელისუფლების დროინდელი ციხეში მყოფი პატიმრების წამების ვიდეო კადრები მიხეილ სააკაშვილთან მიჰქონდათ, რომელიც ამ კადრებით ერთობოდა.

"ყველა ვიდეო-მასალა მიხეილ სააკაშვილთან მიდიოდა. ამას ყველაფერს აყურებინებდნენ, არამხოლოდ თვითონ, არამედ მის საახლობლო წრესთან განიხილავდა თითოეული პატიმრის წამების ამბავს, იცინოდნენ, ხალისობდნენ, ბედნიერები იყვნენ. ასეთი მთავრობა გვყავდა. მაგათთვის, ვინც არ უნდა ყოფილიყო არ ჰქონდა მნიშვნელობა, ადამიანის წამება, სიკვდილი და სულში ჩაფურთხება სიამოვნებდათ. ამით ტკბებოდა, ვამპირი იყო," - აღნიშნა თორნიკე მოლაშვილმა.