გიორგი შანიძე: საზოგადოებრივ სივრცეში იმატა ე.წ. გამოხატვის ფორმებმა, რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ტრადიციების, იმ ღირებულებების წინააღმდეგაა მიმართული, რომელთაც ეფუძნება ქართული სახელმწიფოებრიობა

გიორგი შანიძე

მსახიობმა გიორგი შანიძემ საინიციატივო ჯგუფთან ერთად  ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობ დააანონსა, რომელიც  ქვეყანში არსებული ვითარების დე-ესკალაციისა და ნორმალიზაციისკენ იქნება მიმართული.

შანიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატა  ე.წ გამოხატვის ფორმებმა, რომელიც მიმართულია ქვეყნის ტრადიციებისა და ღირებულებების წინააღმდეგ, აღნიშნული ტენდენცია კი საფრთხეს უქმნის "საზოგადოებრივ თანხმობას, ეროვნულ ერთობასა და სამოქალაქო მშვიდობას".

"გვსურს ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება და გაგაცნოთ ჩვენი ჯგუფის ინიციატივა, რომელიც მიგვაჩნია, რომ ვითარების დე-ესკალაციისა და ნორმალიზებისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია.

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში, ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში საგრძნობლად იმატა იმ ტიპის ქმედებებმა და ე.წ. გამოხატვის ფორმებმა, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ისტორიული მეხსიერების, კულტურული ტრადიციებისა და იმ ღირებულებების წინააღმდეგაა მიმართული, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში ეფუძნებოდა ქართული სახელმწიფოებრიობა.

ჩვენი შეფასებით, აღნიშნული პროცესები სულ უფრო მეტად სცდება ჯანსაღი საზოგადოებრივი დისკუსიისა და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და ხშირ შემთხვევაში, მიზანმიმართული შეურაცხყოფის, აგრესიული რიტორიკის, სიძულვილის კამპანიებისა და საზოგადოებაში დაპირისპირების გაღრმავების ხასიათს იღებს. ეს ტენდენცია საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ თანხმობას, ეროვნულ ერთობასა და სამოქალაქო მშვიდობას", - განაცხადა გიორგი შანიძემ.