„ღამის პრაიმტაიმში“ მქონდა ბრძოლები. „პრაიმჰაუსი“ ჩემთან ახლოსაა. გამოვტყდები, რომ...“ - ნახეთ, როგორ ემზადება ავთანდილი რეალური შოუსთვის

avtandili

ის, რომ ავთანდილ ცქვიტინიძე რეალური შოუს, „პრაიმჰაუსის“ ჟიურის წევრი ყოფილიყო, „ღამის პრაიმტაიმის“ ბოლო გადაცემამ განაპირობა, სადაც დიზაინერი, შოუს მონაწილეებთან საგრძნობლად გაიხსნა. სულ სხვანაირი ავთანდილი ვიხილეთ.

თუ მანამდე ის აკადემიურ, გაწონასწორებულ წამყვანად გვევლინებოდა, სამშაბათის "ღამის პრაიმტაიმში", სადაც რეალითის მონაწილეებს დავალება მისცა, რომ ერთ-ერთი გაეწირათ, გაცილებით იდუმალი, თავისუფალი და საინტერესო სახით წარდგა. მისადმი კეთილგანწყობა იგრძნობოდა "პრაიმჰაუსის" მონაწილეებისგანაც. 

მაშ ასე, როგორი იქნება რეალური შოუს ჟიურის წევრი ავთანდილი, მოდით, მის აზრს გავეცნოთ.

ავთანდილი: - ძალიან ახლოს არის ჩემთან და ჩემს ხასიათთან რეალური შოუ და როდესაც ბოლო „ღამის პრაიმტაიმში“, „პრაიმჰაუსის“ პრეზენტაცია შედგა, ალბათ, ხელმძღვანელებმა დაინახეს, რომ მე ჰარმონიულად ვიგრძენი თავი.

შოუს დროს მე მონაწილეებისგანაც ვიგრძენი ჩემდამი კეთილგანწყობა. ზოგმა ტიკ-ტოკი გადაიღო ჩემთან და ეს უცნობი ბავშვები, ურთიერთობაში ადვილად და აღტაცებით შემოვიდნენ. საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა ერთად გადაწყვიტა, რომ ჟიურიში ვიყო.

გამოვტყდები, ბევრი არ მიფიქრია, მხოლოდ ერთი დღე. ჩემი გრაფიკი დავალაგე და თანხმობაც განვაცხადე.

მიმაჩნია, რომ ტელევიზიაში ამ დოზით გამოჩენა ჩემი პირველი ნაბიჯებია, მე კიდევ გაცილებით სხვა ამბიციები მაქვს. ფანტასტიკური პერიოდია, საკუთარ თავს სხვადასხვა კუთხით გამოცდები ჩავუტარო, რაც ჯერჯერობით, საზოგადოებას მოსწონს.

სიმართლე რომ ვთქვა, ჩემთვის მნიშვნელოვანია, თუ რა კომფორტის ზონაში ვიმყოფები, რა ოდენობის ადრენალინს ვაძლევ თავს, რით ვაძლევ სტიმულს და ვივსები.

დასაწყისში ყველა სკეპტიკურად უყურებდა ჩემს ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ „შუა დღეც“ და „ღამის პრაიმტაიმიც“ იმდენად რადიკალურად განსხვავებული გადაცემებია, რომ ძალიან მომწონს. „შუა დღეში“, სადაც ჩემი დიდი ხნის მეგობრები მუშაობენ, ძალიან კომფორტულია მუშაობა, სადაც ჩემს საქმიანობაზე ვსაუბრობ. „ღამის პრაიმტაიმში“ მქონდა ბრძოლები, შემიძლია თუ - ნაკლებად შემიძლია. უფრო რთული აღმოჩნდა. თუმცა ბოლო გადაცემაში, რეალურს რომელიც მიეძღვნა, უკვე თავისუფლად ვიგრძენი თავი, ჩემთან ახლოს იყო თემატიკა. ვნახოთ, რა მოხდება „პრაიმჰაუსში“.

რეალობას სწორად ვხედავ, მაქვს ლოგიკის უნარიც, სამართლიანობაც ჩემია თავიდან ბოლომდე. ცოტა იუმორიც, სიმკაცრეც, გამბედაობაც - ამ ყველაფერს ერთად ჩავრთავ და გამომივა.

 

„პრაიმჰაუსის“ ჟიურის დანარჩენი წევრები - ნინუცა ორჯონიკიძე და პიტო სეთურიძე არიან.

შოუს წამყვანები - კესარია აბრამიძე და მარიამ სანოგო გახლავთ. შაბათის ლაივშოუს კი გვანცა დარასელია წარუძღვება.

შაბათს, 30 აპრილს, 22 საათზე, „რუსთავი 2“-ზე რეალური ბრუნდება და ის 14 მონაწილით, სამ თვის განმავლობაში მიიპყრობს თქვენს ყურადღებას.