გარემოს სააგენტოს გაფრთხილება მოსახლეობას - ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი

ძლიერი ქარი და წვიმა

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისის ჩათვლით საქართველოს მთიან რეგიონებში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში მთიან რაიონებში დროგამოშვებით იწვიმებს. ზოგიერთ ადგილას ნალექი ძლიერი იქნება, მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაც.

გარემოს ეროვნული სააგენტოს შეფასებით, ინტენსიურმა ნალექებმა შესაძლოა პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრული და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას შეუწყოს ხელი.

სპეციალისტები მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი მთიან რეგიონებში მცხოვრებლებსა და დამსვენებლებს, ურჩევენ, ყურადღებით ადევნონ თვალი ამინდის განახლებულ პროგნოზებს და საჭიროების შემთხვევაში დაიცვან შესაბამისი უსაფრთხოების რეკომენდაციები.