ჩემი შვილი დააკავეს შეუტყობინებლობის მუხლით, რაც გადაკვალიფიცირდა 117-ე მუხლით, არ ვეთანხმები არცერთს - მერაბ მალანია

მერაბ მალანია

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე, გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა.

გამოძიების მიხედვით, 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძესთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად, გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა დაგეგმეს. გიორგი მალანიას დახმარებით, რომელიც გიგა ავალიანის მოსწავლე იყო, გაარკვიეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.

გიორგი მალანიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით - ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება წარედგინა, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი მალანიას მამა, მერაბ მალანია აცხადებს, რომ ის არ ეთანხმება ბრალს და სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებენ.

"ჩემი შვილი დააკავეს შეუტყობინებლობის მუხლით. ეს გადაკვალიფიცირდა 117-ე მუხლით, რაც თავდასხმაში ხელშეწყობას გულისხმობს. არ ვეთანხმებოდი არც პირველს, ანუ შეუტყობინებლობას და არც ამას ვეთანხმები, რა თქმა უნდა. ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას. დღეს გამოგვეცა მასალები, ჯერ არაფერი ვიცით, ახლა უნდა გავეცნოთ", - განაცხადა მერაბ მალანიამ.