მედიაში გავრცელდა კადრები, რომელიც შონ DIDDY კომბსის დაკავებამდე ერთი საათით ადრეა გადაღებული
1727950620
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი სოციალურ ქსელში 15 აგვისტოსთვის არსებული მონაცემებით შოვის სტიქიის რეკონსტრუქციას აქვეყნებს
"შოვის სტიქიის რეკონსტრუქცია 15 აგვისტოსთვის არსებული მონაცემებით:
MAXAR-ის სატელიტ Worldview 3-ის მასალების მიხედვით გამოიკვეთა შოვის სტიქიის განვითარების ეტაპები, რომელიც შეივსო საქართველოს სეისმური მონიტორინგის ცენტრის მასალებით.Planet-ის გამოსახულებებზე წყლის ინდექსის გადათვლამ გვაჩვენა, რომ სტიქიის ეპიცენტრში სტიქიამდე ხდება წყლის დაგროვება და გავრცელება, რაც თოვლის ინტენსიურ დნობასა და სტიქიისწინა პერიოდში მოსულ წვიმებს უნდა უკავშირდებოდეს (ვიდეო).ტერიტორიაზე წყლის დიდი რაოდენობით დაგროვებამ გაააქტიურა გამოფიტული ქანების გადაადგილების პროცესი და 3 აგვისტოს 14 საათსა და 57 წუთზე 57000 მ2 ფართობის და დაახლოებით ნახევარი მილიონი კუბური მეტრის (მოცულობა აღებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემიდან) კლდის მასივი დაიძრა. დაძრული სხეული ჩამოყალიბდა კლდეზვავად და დაახლოებით 20 წამში მიაღწია მყინვარამდე (სურათი 1, სურათი 2-ის და სურათი 3-ის პროცესი 1);
მყინვარში და მყინვარის ფსკერზე ვვარაუდობთ ძალიან უხეში შეფასებით 50 000 მ3 თხევად წყალს, თუ მეტია, რამდენიმეჯერადად მეტი წყალი ნაკლებად გვგონია. ზვავის მყინვარზე მოქმედებამ გამოიწვია GLOF, ანუ მყინვარული, ზედაპირზე უხილავი, «ტბის» გასკდომა და თხევადი წყლის გამოთავისუფლება. ამ პროცესთან დაკავშირებული მოვლენა გაგრძელდა დაახლოებით 45 წამი (სურათი 2 და სურათი 3, პროცესი 2);
კლდეზვავის მყინვარზე მოქმედებამ გამოიწვია მყინვარის ძალიან მცირე მოცულობით გადნობა, რაც სავარაუდოდ 1-2 ათეულ ათას კუბურ მეტრ წყალს არ უნდა აღემატებოდეს (მოდელირების ამოცანაა და შემდეგაა დაზუსტებადი);
რელიეფიდან გამომდინარე ნაკადი გადაადგილდება ორი მიმართულებით: ერთი მიმართულებაა სამხრეთის, სადაც ძირითადად მოძრაობს წყლით მდიდარი ნაკადი, ხოლო მეორე მიმართულებაა სამხრეთ-აღმოსავლეთი სადაც მყარი მასალის კონცენტრაცია, წინა ნაკადთან შედარებით, მეტია. ეს გრძელდება დაახლოებით 10 წამი (სურათი 2 და სურათი 3, პროცესი 3);
მყარი მასალით შედარებით მდიდარი ნაკადი სამხრეთისკენ მოხვევამდე ინერციით ეჯახება კედელს და ხდება მისი შედარებით დაცხრომა (სურათი 2 და შეჯახება - სურათი 3, პროცესი 4);
ორივე ნაკადს, გზად, სავარაუდოდ უწევთ მყინვარების ნაპრალებში მყარი მასალის ჩატოვება, მყინვარის ზედა თხელი, რბილი ფენის მოხსნა და ამის გამო იზრდება ნაკადში წყლის კონცენტრაცია. შესაბამისად ლურჯ ზონაში გადასვლისას (სურათი 4) ნაკადს აქვს წყალდიდობის სახე (თუმცა დაახ. 150 000 მ3 მასალას ისევ გადაადგილებს, ზოგს ადგილზეც ტოვებს), სეისმურ ჩანაწერში რხევის ამპლიტუდებიც შედარებით «მშვიდდება» (სურათი 2 და სურათი 3, პროცესი 5). ეს გრძელდება დაახლოებით 40 წამი. აქვე ყურადღებას ვაქცევთ ლურჯ ზონაში არსებულ მცენარეულ კუნძულებს, რომლებიც არ დაზიანებულა;
ნაკადის მდინარის ხეობაში შესვლის შემდეგ იწყება ნიადაგის და გამოფიტული ძირითადი ქანების ეროზია და ამ 5.5 კმ-იან მონაკვეთში ყალიბდება ღვარცოფი. ეროზირებული ფართობი მინიმუმ 500 000 მ2-ია, ალბათ 750 000 მ2-მდეც. ესეც მოდელირების ამოცანაა, მაგრამ აქ ვვარაუდობთ 1 მლნ მ3 მყარი მასალის მობილიზებას (სურათი 4). ღვარცოფის ჩამოყალიბებას და შოვამდე მისვლას დასჭირდებოდა 5 წუთი ან მეტი დრო (სურათი 2, პროცესი 6);
შოვში 540000 მ2 ფართობზე ღვარცოფმა დატოვა სავარაუდოდ 1 მლნ მ3 მასალა (სურათი 4, წითელი ზონა), ხოლო შოვი გაიარა და რიონს მიაღწია 230-500 ათასმა მ3 მასალამ (სურათი 4, მწვანე ზონა). წითელი ზონის საშუალო სიღრმედ აღებულია დაახლოებით 2 მეტრი (დასაზუსტებელია), ხოლო მწვანე ზონის საშუალო სიღრმედ 1 მეტრი, რაც ეყრდნობა გარემოს ეროვნული სააგენტოს (გ.ე.ს.) მიერ გამოქვეყნებულ ჰიდროლოგიური სადგურის დონის ჩანაწერებს (სურათი 5), სადაც 3 აგვისტოდან მოყოლებული მაქსიმალური დონე, მინიმუმ რამდენიმე დღე, მომატებულია დაახლოებით 1 მეტრით, რაც სავარაუდოდ ღვარცოფული მასალის დალექვის გავლენით უნდა იყოს. ასეთი ფართობი არის 230000 მ2, ამიტომ აქ მასალას ვვარაუდობთ 230000-დან უხეშად 500000 მ3-მდე (სურათი 4). ესაც მოდელირების შედეგად უნდა დაზუსტდეს;
სულ რა რაოდენობის ღვარცოფის მყარ მასალას ვვარაუდობთ? დაახლოებით 1500000 მ3-ს;
სულ რა მოცულობის წყალს ვვარაუდობთ?
შოვთან დაახლოებით უხეშად 250000 მ3, სათავეში ბევრად ნაკლებს;
სათავეში სად ინახებოდა წყალი?
სავარაუდოდ მყინვარში და მყინვარის ფსკერზე. მყინვარის ფსკერის რელიეფი არ გვაქვს, გვაქვს ზედაპირის რელიეფი. თუ ზედაპირის რელიეფის მიხედვით ფსკერზე ვიმსჯელებთ, საწყის ზონაში, ფერდობის მიუხედავად უნდა იყოს ორი მოსწორებული ან ჩაღრმავებული ადგილი. მათი ფართობი დაახლოებით 1 ჰა-ია (სურათი 6), რაც წყლისთვის რეზერვუარი შეიძლება ყოფილიყო;
კლდეზვავი სრულად ჩამოვიდა?
კლდეზვავმა გადაუარა მყინვარის 779000 მ2 ფართობს, ამოავსო საკმაოდ ბევრი და დიდი ნაპრალები, გადაფარა მყინვარის ზედაპირი და ზედ დამატებით დატოვა დიდი რაოდენობის ლოდები (სურათი 7). მოდელირების ამოცანაა, მაგრამ დაახლოებით ვვარაუდობთ 350 000 მ3 მასალას თეთრ ზონაში (სურათი 4). დანარჩენმა გაიარა ლურჯი ზონა, მაგრამ ნაწილი ლურჯ ზონაშიცაა დარჩენილი.
რა ვიცით რომ სათავეში სუბ GLOF მოხდა და რას გვაჩვენებს სეისმური მონაცემი?
ჩვენს მიერ წარმოდგენლი გლოფის სცენარის დასაბუთებაა საქართველოს სეისმური მონიტორინგის ცენტრის მიერ რეგისტრირებული გლოფის მიერ გამოწვეული თრემორის სეისმური ჩანაწერები. მოცემულ მასალაში ვიყენებთ ილუსტრაციისათვის ყველაზე ახლო სადგურის, კერძოდ სადგურ ღარის (ონის მუნიციპალიტეტი) ჩანაწერს, რომელიც სტიქიის ლოკაციიდან 30 კმ-ში მდებარეობს. გლოფით გამოწვეული გრუნტის მოძრაობის სიგნალი სადგურ ღარამდე მიაღწევდა დაახლოებით 3-4 წამში. შესაბამისად, მოვლენის დაწყების დროდ მიგვაჩნია 14:57.
აღწერილი რეკონსტრუქცია არის პირველადი, მისი მონაცემები და სტადიები დაზუსტებადია, მათ შორის მოდელირების შედეგად. მონაცემებს ვანთავსებთ ღიად, რომ გახდეს განხილვის და შედეგად დაზუსტების საგანი
წყარო: Ambebi.ge