გაიცანით სპორტსმენი, რომელმაც ეგვიპტის მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

სპორტსმენი

რამდენიმე დღის წინ, ქართველმა სპორტსმენმა იაგო გორგოძემ, ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში მიმდინარე მსოფლიო თასზე, გამარჯვება მოიპოვა. პარაძალოსანმა სამივე ცდა წარმატებით დაძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ვინ არის იაგო გორგაძე, რა გზა გაიარა წარმატებამდე და როგორ იხსენებს საბედისწერო დღეს, რომელმაც ეტლს მიაჯაჭვა, სწორედ ამ სტატიიდან შეიტყობთ.

მასთან ინტერვიუ წლების წინათ, გაზეთ „პრაიმტაიმში“ ჩაწერე. მაშინ უკვე არაერთი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული და ლონდონის პარაოლიმპიადისთვის ემზადებოდა. წინ კიდევ დიდი მიზნები ჰქონდა...

მისი სახელი და გვარი ქართული პარაოლიმპიური სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. ის პირველი ქართველი სპორტსმენია, ვინც 2008 წლის პეკინის პარაოლიმპიადაზე გამოვიდა. წოლჭიმის სახეობაში მოასპარეზე იაგო გორგაძე 1999 წელს მომხდარმა ავარიამ ინვალიდის ეტლს მიაჯაჭვა... მაშინ 22 წლის სტუდენტს მეგონა, რომ სიარულს ისევ შეძლებდა...

აი რას უყვებოდა 2011 წელს „პრაიმტაიმს“  პირველი ქართველი პარაოლიმპიელი.

 

„1999...“

 

სპორტით ბავშვობაში დაინტერესდა. როცა მეხუთეკლასელს მამამ ჰანტელები უყიდა, პატარა იაგო კულტურისტობაზე ოცნებობდა... სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა აგრარულ უნივერსიტეტში განაგრძო, პარალელურად პოლიციის აკადემიაში ჩაირიცხა...

იაგო გორგოძე: „1999 წლის 19 სექტემბერს ავარიაში მოვყევი... კახეთში მეგობართან რთველში ვიყავი დაპატიჟებული, უკან რომ ვბრუნდებოდით, მძღოლის დაუდევრობის გამო ბადიაურის ხიდიდან გადავვარდით... მანქანაში სულ ექვსნი ვიყავით. მე უკან ვიჯექი... ჩემ გვერდით 3 ადამიანი იჯდა, ქალბატონი, ახალგაზრდა გოგონა და 12 წლის ბავშვი. სამივე დაიღუპა... როცა მანქანა ხრამში გადავარდა, მეძინა, არაფერი გამიგია... მძიმედ დავშავდი. ხერხემალზე ორი ოპერაცია გამიკეთეს, რამდენიმე მალა მქონდა დაზიანებული... მოტეხილი მქონდა ფეხი, ლავიწის ძვალი... რამდენიმე დღის შემდეგ, ღმერთის დახმარებით, კომიდან გამოვედი... რეანიმაციაში გავახილე თვალი. როდესაც მითხრეს, რომ ავარიაში მოვყევი, მაშინვე მანქანაში მჯდომი სხვა ადამიანები მოვიკითხე. მითხრეს, რომ ყველა მძიმედ იყო...

1999 წლის 19-მა სექტემბერმა რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, უფრო სწორად ახალი ცხოვრება დავიწყე. 22 წლის სტუდენტი ბიჭი, რომელიც აქტიური ცხოვრების რეჟიმიდან უცებ სავარძელში აღმოვჩნდები... ვერ გადმოვცემ, რას გრძნობ, რა გემართება და რა მდგომარეობაში ვარდები... თავიდან საერთოდ არ ვფიქრობდი იმაზე, რომ სიარულს ვეღარ შევძლებდი. ოქტომბერში დაბადების დღე მაქვს და ექიმს ვეკითხებოდი, ჩემი დაბადების დღისთვის ხომ გავივლი-მეთქი... მაშინ ყველა მაიმედებდა, რომ გავივლიდი... სამი თვის შემდეგ გამომწერეს საავადმყოფოდან მაშინ მივხდი, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ვფიქრობდი... ეს დროის ფაქტორია, მაგრამ იმედი ახლაც მაქვს, რომ რაღაც შეიცვლება და მედიცინაში მიღწეული შედეგებით, დამოუკიდებლად სიარულს ისევ შევძლებ...“

„გზა პარაოლიმპიადამდე“

 

საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, რეაბილიტაციას ყირიმში გადიოდა. ამბობს, ფიზიკურად იქ მომაძლიერესო. საქართველოში დაბრუნებულმა აქტიურად დაიწყო ვარჯიში.

„თბილისში დაბრუნების შემდეგ, მეგობრის მოცემული გირებით დავიწყე ვარჯიში. მაშინ ჩემი ძმა ოლიმპიურ სკოლაში სწავლობდა და პარალელურად მასთან დარბაზში დავიწყე ტრენაჟორებზე სიარული. ასეთ მდგომარეობაში დავამთავრე ორივე უნივერსიტეტი...

როცა 2004 წელს ათენის ოლიმპიადა ჩატარდა, პირველად მაშინ გამიჩნდა სურვილი, რომ მეც მიმეღო მონაწილეობა... მაშინ უკვე აქტიურად ვვარჯიშობდი წოლჭიმში.

მივმართე თბილისის პარაოლიმპიურ კომიტეტს, სამხრეთ კორეაში მსოფლიო ჩემპიონატი იმართება, მონაწილეობის მიღება მინდა და იქნებ დამეხმაროთ-მეთქი. მითხრეს, რომ უსახსრობის გამო ისინი ვერ დააფინანსებდნენ ჩემი გამგზავრების ხარჯებს. იმედი არ დამიკარგავს, ვარჯიში გავაგრძელე, მერიისა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით, 2006 წელს სრულიად მარტო, ტრენერის გარეშე, გავემგზავრე სამხრეთ კორეაში. 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში 122 კილო ავწიე, ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები წარმატებისკენ გადადგმული.“

 

„შეუძლებელი არაფერი, მთავარია მიზანი“

 

2008 წელს, როცა გორში ჯერ კიდევ რუსი ჯარისკაცები მარადიორობდნენ, იაგო გორგოძე საქართველოს ღირსებას პეკინის პარაოლიმპიადაზე იცავდა... „მიდი იაგომ შენ ამას შეძლებ!“- ამ სიტყვებით ამხნევებდა პეკინში მწვრთნელი 31 წლის წოლჭიმის სახეობაში მოასპარეზე ქართველ პარაოლიმპიელს.

„2008 წელს პეკინის პარაოლიმპიადაზე მერვე ადგილზე გავედი, 145 კილო ავწიე. მიხარია, რომ ყველაზე ძლიერი ქართველი ვარ ასეთ მდგომარეობაში. თავიდან 100 კილოგრამით დავიწყე, მაგრამ ახლა ბევრად ბევრს ვეწევი. კვირაში ოთხ დღეს, სამ-ოთხ საათს ვვარჯიშობ.“

 

„სიზმარში ხშირად ვხედავ, რომ დავდივარ...“ 

 

„დიდი სურვილი მაქვს, შეიქმნას ცენტრი სადაც ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანები შევიკრიბებით, ერთმანეთს გავიცნობთ და ვისაუბრებთ... ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც ჩემსავით სავარძელში სხედან და არ აქვთ საშუალება, საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ...

ადრე მშობლებს ეტლში მჯდომი შვილების რცხვენოდათ და ცდილობდნენ, არსად გამოეჩინათ. ჩემი ოჯახის შემთხვევაში პირიქით იყო, მშობლები ყოველთვის ცდილობდნენ, რომ სადმე გავსულიყავი, მაგრამ მე არ მინდოდა, ჩემი მდგომარეობით ვინმე შემეწუხებინა. ახლა სხვანაირად ვფიქრობ, ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ რეალიზებული ვიყო.“

უბედური შემთხვევიდან თითქმის სამი წლის განმავლობაში, ყოველდღე ერთსა და იმავე სიზმარს ხედავდა... ახლაც ხშირად ესიზმრება, რომ დადის... 

„მაგრამ რეალობა სხვა არის და ამას ვერსად გავექცევი. მე მომავალს იმედით ვუყურებ. ჩვენ მედიცინამ უნდა გვიშველოს. კარგი სამეგობრო წრე მყავს და მათი დახმარებით კვირაში ერთი დღე სანადიროდ ან სათევზაოდ დავდივარ. ცხოვრებას ვიმრავალფეროვნებ, ვცდილობ, აქტიური ვიყო...“- ამბობდა „პრაიმტაიმთან ინტერვიუში იაგო გორგაძე.