გაიცანით ოთო ჩანქსელიანი, რომელმაც ქიმიაში უმაღლესი ქულა მიიღო - „ყოფილა დღეები, 24 საათიდან 20 მეცადინეობისთვის დამითმია“

oto chankseliani

ექიმ-ონკოლოგმა გიორგი ღოღობერიძემ გუშინ საზოგადოებას მისთვის მნიშვნელოვანი და სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა. მისმა აბიტურიენტმა ერთიან ეროვნულ გამოცდებში ქიმიის საგანში 60-დან 60, უმაღლესი ქულა მიიღო. 

„ოთო ჩანქსელიანი - კარგად დაიმახსოვრეთ ეს სახელი და გვარი! ეს ადამიანი მედიცინაში გახდება ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო, თითით საჩვენებელი, საამაყო პიროვნება“, - განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ და ჩვენი ინტერვიუს შემდეგ ამაში ნამდვილად დარწმუნდებით. 

„პრაიმტაიმი“ წარმატებულ აბიტურიენტს ექსკლუზიურად ესაუბრა.

ოთო ჩანქსელიანი: ქიმია, პრინციპში, 1 წელიწადში ვისწავლე. ეს საკმაოდ რთული საგანია, უბრალოდ მოვინდომე და შედეგი დავდე. ჩემი დროის უდიდეს ნაწილს სწავლას ვუთმობდი და ამ უდიდეს ნაწილში მართლა უდიდეს ნაწილს ვგულისხმობ. ყოფილა დღეები, 24 საათიდან 20 მეცადინეობისთვის დამითმია და ძილისთვის მხოლოდ 4 საათი მქონდა, ხანდახან გამითენებია კიდეც. ქიმია, როგორც საგანი, ყოველთვის მომწონდა, უბრალოდ ასეთი მონდომებული არ ვიყავი სწავლისას, როგორც ბოლო წელს. შესაბამისად, ბოლო 1 წლის შრომა დამიფასდა კიდეც. 

- როგორ გახდა გიორგი ღოღობერიძე შენი რეპეტიტორი?

- გიორგისთან სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი. სხვას რეპეტიტორთან მინდოდა მომზადება, თუმცა დედაჩემმა ფეისბუკიდან გაიგო მასზე, რომ აბიტურიენტებს ამზადებდა. მე და დედა რუსთავზე, მოსამზადებელ ადგილას შემთხვევით აღმოვჩნდით. შევიარეთ გიორგისთან სრულიად შემთხვევით ვიპოვეთ ერთმანეთი.

- რა როლი აქვს მას შენს წარმატებაში?

- გიორგის როლი ძალიან დიდია. არა მხოლოდ საგნებზე, ზოგადად ჩემს ცხოვრებაში. მისი სწავლის ტაქტიკა, სამოტივაციო ფრაზები, ეს ყველაფერი სწავლაში ყოველთვის მეხმარებოდა. ყველაზე მეტად მისი ერთ-ერთი ფრაზა მომწონს: „როცა გინდა, რომ რაღაც ახალი შეიძინო, ძველი უნდა დათმო“. ამ ძველში იგულისხმება კომფორტის ზონიდან გამოსვლა, თავდაუზოგავი შრომა, მეგობრებთან ერთად გართობაზე უარის თქმა.

რომელ უნივერსიტეტში გსურს სწავლის გაგრძელება?

- 2 უნივერსიტეტი მაქვს შერჩეული, სადაც სწავლის გაგრძელება მსურს - ერთია, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ამერიკული პროგრამა და მეორეა, ტვილდიანი.

- დანარჩენ საგნებში რა შედეგები გაქვს?

- გიორგი ქიმიის გარდა ბიოლოგიაშიც მამზადებდა, 70-დან 68 ქულა ავიღე. ინგლისურში 80-დან 71, ქართულში 60-დან 54 ქულა.