პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
21-ე საუკუნეში ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენა შეუძლებელი და რთული აღარ არის, რადგან სოციალური ქსელები ამის მიღწევის საშუალებას მარტივად იძლევა.
„პრაიმტაიმი“ გაგაცნობთ ინტერნეტვარსკვლავს, რომლის სიმღერებიც ყველა პლატფორმაზე ვირუსულად ვრცელდება.
29 წლის სანდრო კახიძე თბილისში ცხოვრობს და გარდა მუსიკალური ნიჭისა, თავი ბიზნესშიც იპოვა.
სანდრო კახიძე: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი დავამთავრე, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. დიპლომატი ვარ, მაგრამ ამ პროფესიით არ მიმუშავია.
19 წლის ასაკიდან მონაწილეობას ვიღებდი მუსიკალურ პროექტებში. ბავშვობაშიც იყო საბავშვო კონცერტები, მაგრამ სერიოზული ნაბიჯები არა. 19 წლიდან იყო „ახალი ხმა“, შემდეგ 20-21 წლის ასაკში X-ფაქტორში მივიღე მონაწილეობა. ასევე, GDS-ზე, ბერა ივანიშვილის ჰქონდა ასეთი პროექტი „გახდი ვარსკვლავი“, იქაც ვიღებდი მონაწილეობას, ფინალში გადავედი. იმ პროექტიდან დაიწყო ჩემი საქმიანობა, ფერმერობა. ეს აღმოჩნდა ჩემთვის ინსპირაციის წყარო, იმიტომ, რომ ფინალში თანხა გადმომცეს პრიზის სახით, რაც უაზროდ არ დამიხარჯავს. გადავწყვიტე, კახეთში ვენახები გამეშენებინა, წარმოშობით აქედან ვარ.
20 წლის ასაკიდან პატარ-პატარა ვენახების გაშენება დავიწყე, ამ პროექტმა კი მომცა საშუალება, რომ გავფართოებულიყავი. რამდენიმე წელში, ამ ვენახებიდან აღებული თანხით სხვადასხვა კულტურის, ბაღების გაშენება დავიწყე. სამომავლოდ, დიდ იმედს ვამყარებ, რომ სოფლის მეურნეობა გაამართლებს, ეს მიმართულება რაც უფრო გავითარდება და დაიხვეწება ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო უკეთესი იქნება როგორც ბიზნესის კუთხით, ასევე ეკოლოგიისა და ზოგადად, ქვეყნისთვის.
უნივერსიტეტის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ ჩემი საქმე მუსიკა და ბიზნესია. ძალიან იშვიათად კორპორატიული საღამოებისთვის მირეკავენ, ან ახალ წელს, კონცერტისთვის. კოვიდამდე ვმღეროდი ბარებში როგორც ინდივიდუალურად, ასევე მეგობრებთან ერთად. პანდემიის დროს, მოგეხსენებათ, ყველაფერი დაიკეტა და სიმღერას ვეღარ ვახერხებდი, თუმცა, მთავარი აქცენტი ჩემს ბიზნეს-გეგმებზე გავაკეთე. ჯერ დამწყები კი ვარ, მაგრამ მაქსიმალურად ვიხარჯები.
გარდა ამისა, თბილისშიც მაქვს საქმე წამოწყებული. გარდა ფერმერობისა და მეურნეობისა, აქცენტს უძრავ ქონებაზე ვაკეთებ. ვყიდულობ მშენებარეში ფართებს, ვარემონტებ და შემდეგ ვყიდი. ძალიან შრომატევადია. იყო ასეთი შემთხვევა, შევაკოწიწე თანხა, ვიყიდე ფართი და ჩემი ხელით, თავიდან ბოლომდე გავაკეთე, თან სრულიად გამოუცდელი ვიყავი. ეს იყო პირველი ბინა, შემდეგ მოჰყვა მეორე, მესამე და გამოცდილებაც შევიძინე.
- ვიცით, რომ წყალბურთელი იყავით. რატომ დაანებეთ ამ სპორტს თავი?
- 8-9 წლის ვიყავი, ზღვაზე, ოჯახთან ერთად ვისვენებდი. ტალღებს გავუთამამდი და ზღვაში შემაგდო. ძლივს გამოვედი, რანაირად გადავრჩი, დღემდე მიკვირს. ცურვა არ ვიცოდი იმ დროს. ნათქვამია, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებსო. გადავწყვიტე, რომ ცურვა მესწავლა. მაშინ „ლაგუნა ვერე“ იყო, 1-2 თვე ვცურავდი. შემდეგ ერთ-ერთმა ტრენერმა შემომთავაზა, წყალბურთი მეცადა. 13-14 წლის ვიქნებოდი, „ლაგუნა ვერეს“ კლუბში რომ გადავედი. იყო წარმატებები, შემდეგ ეროვნულ ნაკრებშიც გადავედი, ევროპის ჩემპიონატზეც გავედით. მერე მოხდა ისე, რომ 20 წლის ასაკში ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების გამო, მომიწია, თავი დამენებებინა აქტიური სპორტისთვის.
დღესაც ვცურავ, ვცდილობ მუდმივად ფორმაში ვიყო. ძალიან დიდი სხვაობაა ინტენსიურსა და სტანდარტულ ცურვას შორის. დღეში 2-ჯერ გვიწევდა ხოლმე ვარჯიში, დილა-საღამოს. ძალიან დიდი დატვირთვა გვქონდა. პროფესიას ვეღარ დავარქმევ, ნაკრებში აღარ ვარ, მაგრამ არც ჰობია. აქტიურ ნაწილს იკავებს ცურვა ჩემს ცხოვრებაში.
- სოციალური ქსელის ყველა პლატფორმაზე დიდი პოპულარობით სარგებლობთ. როგორია გამოხმაურებები და ხალხის რეაქცია?
- როცა შენს საყვარელ საქმეს აკეთებ და ხალხს ეს მოსწონს, უფრო გეძლევა სტიმული. როგორც გითხარით, კოვიდამდე ბარებში ვმღეროდი ხოლმე და ჩემს ბიზნეს-გეგმებს მუსიკას ვუთავსებდი, ერთი მეორეს ხელს არ უშლიდა. მერე ყველაფერი გაჩერდა, კომენდანტის საათი დაწესდა, მთავარი აქცენტი კახეთზე გავაკეთე და საფუძვლიანად გამოვიყენე ეს პერიოდი. ამ დროს გადავწყვიტე, რომ რაღაც ვიდეოების გადაღება დამეწყო. ტიკტოკი არ მომწონდა, რადგან სხვა ბლოგერების კონტენტი ჩემთვის მისაღები არ იყო და ამ მიმართულებით ჩემი თავი ვერ წარმომედგინა, მაგრამ მაინც ვცადე.
გასული წლის თებერვლის ბოლოს ტიკტოკზე ჩემი ძველი ვიდეო „იაგუნდი“ ავტვირთე. მაშინ ამ პლატფორმის ფუნქციებშიც ვერ ვერკვეოდი. მეორე დღეს რომ გავხსენი, ძალიან ბევრი კომენტარი, გამოხმაურება და მოწონება დამხვდა, რაც ძალიან მესიამოვნა და სტიმული მომეცა. ბევრი გამომწერი არ მყავს, 10 000-მდე, თუმცა, იქიდან სხვა პლატფორმებზე გადადის ხოლმე ჩემი ვიდეოები.
ქართველი ხალხი ბრძენია და იმაზე მეტად კრიტიკოსია, ვიდრე უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ საზოგადოებაში უფრო მეტი სიყვარული და ერთმანეთის მიმართ პატივისცემა რომ იყოს, ძალიან კარგი იქნებოდა. თუნდაც, სპორტსმენების, ხელოვანი ადამიანების თუ სხვადასხვა სფეროში მყოფი ადამიანის მიმართ. რაც უფრო მეტ სიყვარულს გავუზიარებთ ერთმანეთს, ძალიან კარგი იქნება. ყველამ საყვარელი საქმე რომ აკეთოს, წინ და წინ წავა ჩვენი ქვეყანა.
- თქვენ თუ იღებთ ნეგატივს?
- ჰეითერები ძალიან აქტუალური თემაა. დღეს თუ ვინმე რამეს აკეთებს ნებისმიერ სფეროში, არ არსებობს, რომ ჰეითერი არ ჰყავდეს. ეს იქნება საქართველო, ევროპა თუ ამერიკა, ყველგან არიან და ნორმალურიცაა. ისინი უნდა არსებობდნენ, რომ კარგისა და ცუდის გარჩევა შეიძლებოდეს. ჩემს შემთხვევაში, მე თვითონ მიკვირს, კომენტარებს და შეტყობინებებს რომ ვნახულობ, 99% დადებითია.
- გიფიქრიათ ქვეყნიდან წასვლაზე?
- იყო შემთხვევა, როცა ფაქტის წინაშე დავდექი, წავსულიყავი სხვა ქვეყანაში თუ არა. ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდი შესაძლებლობები მექნებოდა, ალბათ სხვებსაც ხშირად აწუხებთ ეს ფიქრი. რატომღაც ჯერჯერობით ვერ წავედი, მირჩევნია, რომ აქ ვიყო. იმის იმედად, რომ ნელ-ნელა ყველა მიმართულებით წინსვლა იქნება და ხალხს ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება გაუმარტივდება.
- ალბათ, ბევრს აინტერესებს თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ...
- ოჯახი არ მაქვს შექმნილი, თუმცა, დეტალებზე არ ვსაუბრობ.
- დაკავებული ხართ? ეს მაინც გვითხარით
- თავს შევიკავებ.
- თქვენი ოჯახის შესახებ გვიამბეთ. როგორ გარემოში იზრდებოდით?- ძალიან თბილ გარემოში, ბებია-პაპასთან ერთად გავიზარდე. ყურადღება არასდროს მომკლებია. ჩემთვის ნამდვილი თბილი ოჯახი როგორიც უნდა იყოს, ისეთში გავიზარდე. პირველ რიგში, პაპა-ბებიის დამსახურებით, მათ შვილიშვილების მიმართ განსაკუთრებული სიტკბო და სიყვარული აქვთ. შემდეგ მშობლების, რა თქმა უნდა. ერთი ძმა მყავს, 10 თვით უმცროსია ჩემზე და მყავს 3 წლით უფროსი და, რომელიც მეხუთე შვილს ელოდება, ძალიან მაგარი გოგოა. ჩემი ძმაც დაოჯახებულია, ბავშვობიდან ტყუპებივით ვიზრდებოდით, ბაღი, 1 წელი დაველოდე, რომ სკოლაში ერთ მერხზე დავმსხდარიყავით. უნივერსიტეტშიც ერთ ჯგუფში, ერთ ფაკულტეტზე სულ შემთხვევით მოვხვდით. ბედისწერაა. სამწუხაროა ის რეალობა, რომ წლები გადის, ყველა თავის გზაზე მიდის და ისეთი შეკრულები აღარ ვართ, როგორც ბავშვობაში.