გაიცანით „ბატონი დავითი“, რომლის ვიდეოებიც სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბატონი დავითი

ცეცხლასროლი და ცივი იარაღის, აღჭურვილობის, ვაზნების მიმოხილვა, ზღაპრები დიდებისათვის, საბრძოლო ხელოვნება, პარტიზანული ბრძოლის ხერხები, დანა, ცივი იარაღი, ხანჯალი, კულინარია, საჭმლის მომზადება, თვითგადარჩენა, პარტიზანობა, საბრძოლო ხერხები, ისტორია - ეს იმ კონტენტის შინაარსია, რომელსაც ყოფილი სამხედრო, ზურა კვანჭახაძე სოციალურ ქსელში ათავსებს.

ამ საინტერესო თემების ფონზე, განსაკუთრებულ ყურადღებას კიდევ ერთი ფაქტი იწვევს, ტყეში გადაღებულ ვიდეოებში ხშირად ზურას შვილი, 8 წლის დავითი მონაწილეობს.

მამა ბავშვს „ბატონ დავითს“ ეძახის. აქტიურმა და კომუნიკაბელურმა ბიჭმა მოკლე დროში გამომწერებს თავი უკვე შეაყვარა. ინტერნეტ სივრცეში მისი სახალისო ფრაზები ხშირად ვირუსულად ვრცელდება.

„პრაიმტაიმი“ ოჯახს უფრო ახლოს გაგაცნობთ.

ზურა კვანჭახაძე: - ჯარში დაახლოებით, 25 წელი ვიმსახურე, ოღონდ მიყოლებით არა. ვიყავი სპეცდანიშნულების რაზმში, ქართველ შევარდენთა ლეგიონში, შემდეგ ავიაციაში, გენშტაბში და ა.შ.

რაც შეეხება იუთუბიზე აქტივობას, დავინახე, რომ ქვეყანაში იარაღის მოწყობის კულტურა არ იყო, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, მე არ გამოვჩენილიყავი და ისე გადამეღო, იარაღის დაშლა-აწყობას მაინც ვასწავლი-მეთქი. მერე დიდი იარაღი შემხვდა, სადაც მთლიანად მიწევდა გამოჩენა და ნიღაბი გავიკეთე. 

დარწმუნებული ვიყავი, რომ 1 000 გამომწერამდე ვერ ავიდოდი, მაგრამ 1 კვირაში ზუსტად ამდენი მყავდა. შემდეგ ნიღაბი მოვიხსენი და მივხვდი, რომ ხალხს ჩემი გამოცდილების გაზიარება სჭირდებოდა. მერე ბატონი დავითიც გამოჩნდა. მართალია, სპონსორი არ გვყავს, მაგრამ ჩემი მეგობრები, ყოფილი სამხედროები გვეხმარებიან.

- დავითზე მოგვიყევით, უნდა, რომ მომავალში თქვენს გზას გაჰყვეს?

- ბატონი დავითი 8 წლისაა, მესამე კლასში. ოღონდ ჩემთან იყოს და ჯარში კი არა, მთვარეზე წამოვა. მეუბნება, შენ თუ მოგწონს, ესე იგი, მინდაო. ყველგან დამყვება.

მოსახლეობას გამომწერებს ეძახის. ვეუბნები, ეგრე ნუ უყურებ, ხალხია მეთქი. ცოტა თავგზა აებნა, მაგრამ არ იბღინძება, ორგანულად აქვს ყველაფერი მიღებული. ერთი 4 თვეა ალბათ, რაც აქტიურად არის ჩართული. სულ დამყავდა, მაგრამ არ ვაჩენდი. ჩვენს ვიდეოებს მისი თანატოლებიც უყურებენ, ვიფიქრე, მათი მშობლებიც მოგვბაძავენ და შვილებს ცოტა ხნით მაინც წაიყვანენ ტყეში. ყველას ეჩქარება, დრო აქ აქვთ...

- ბატონ დავითს დედმამიშვილები თუ ჰყავს?

- ძმა ჰყავს. 14 წლის ბიჭი მყავს. მას დრო არ აქვს ჩვენთან ერთად რომ იაროს. ძირითადად, სწავლითაა დაკავებული. თან ტყე მაინცდამაინც არ უყვარს, სწავლა ურჩევნია.

- დედას ამ ყველაფერზე როგორი რეაქცია აქვს?

- თავიდან აპროტესტებდა, შემდეგ 1-2 ჯერ რომ წავედით... იცის, რომ ჩემთან უსაფრთხოდაა და არ ნერვიულობს. 

- დავითი ჩანაწერებს თუ უყურებს, როგორი რეაქცია აქვს?

- მოსწონს. თან როგორი პოპულარული ბავშვი გახდა?! (იცინის) ისე, 100 000 გამომწერი ხუმრობა არ არის. ვიღაცებს აფინანსებენ, ჩვენ არა... ერთ-ერთი კომპანია გვეხმარება, საინტერესო ნივთებს გვაძლევს. ახლა გადავწყვიტეთ, რომ ბავშვს არხი გავუკეთოთ და ჭკვიანი სათამაშოები შეგვიძინონ. ბავშვებიც ნახავენ და გონების გახსნისთვის ძალიან კარგია. 

- ქუჩაში როგორი რეაქციებით გხვდებიან?

- სკოლიდან რომ მომყავს, მინიმუმ, 20 ადამიანთან მაინც ვიღებთ სურათებს. ეუბნებიან, ძმა ხარ დავითო. უშუალო, კომუნიკაბელური ბავშვია. 

- კადრში თქვენ და დავითი ჩანხართ, ვინ არის კადრს მიღმა?

- ჩემი მეგობარი, ვანო მეხმარება. ყოფილი სამხედროა, ისიც თადარიგშია წამოსული. მძღოლი გვახლავს ხოლმე თან. ვანომ ოპერატორობა ისწავლა, მე მონტაჟი. საქმე ისა, რომ პროფესიად გავიხადე უკვე ეს ყველაფერი. გეგმები გვაქვს, ვნახოთ რა და როგორ იქნება.