პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოში ფემიციდთან დაკავშირებული პრობლემა კვლავ გამოწვევად რჩება. ქვეყანაში ფიქსირდება შემთხვევები, როცა მამაკაცები ქალებზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობენ.
ქალზე ძალადობის შემთხვევებზე კანონიერი რეაგირების მიუხედავად კი, აღნიშნული ფაქტები ხშირად ქალის სიცოცხლის მოსპობით სრულდება ხოლმე.
ანალოგიური ფაქტი მოხდა გუშინ თერჯოლაში, სადაც ახალგაზრდა ქალი ყოფილმა მეუღლემ, შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიუხედავად, მოკლა.
იმ ქვეყანაში, სადაც დედა კულტია, ხოლო ქალზე ძალადობა ზოგისთვის დასაშვები, სად უნდა ვეძებოთ პრობლემიდან გამოსავალი?
აღზრდაში თუ კანონის აღსრულების მექანიზმებში, ან იქნებ ორივეში - „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ ფემიციდის გახშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით პარლამენტარები, რომლებიც ქალზე ძალადობას კატეგორიულად გმობენ და კანონის გამკაცრების შესახებ საუბრობენ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლადო კახაძე:
„ერთი ქალის სიცოცხლეც რომ შეეწიროს ძალადობას, ეს არის დანაშაული ღვთის წინაშე, დანაშაული სინდისის წინაშე, დანაშაული სიცოცხლის წინაშე. ქალის მიმართ ძალადობა როგორ შეიძლება, დაუშვას ნორმალურმა ადამიანმა?! ამ ქვეყანაში ქალის მიმართ მოწიწება უნდა იყოს პირველ ადგილზე. მე მომხრე ვარ, რომ ამ მხრივ კანონი გამკაცრდეს. ასევე, მომხრე ვარ, რომ ბავშვს თავიდანვე ვასწავლოთ, რომ ძალადობა საერთოდ და განსაკუთრებით ქალის მიმართ, არის მიუღებელი ქმედება“,- განაცხადა კახაძემ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი გია ცაგარეიშვილი:
„სამწუხაროა, რომ ასეთი საშინელი ფაქტები საკმაოდ ხშირად ხდება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქალის მიმართ ძალადობა არა მხოლოდ დაგმობილი იყოს ყველა საშუალების გამოყენებით, არამედ იყოს აღკვეთილი. მამაკაცი, რომელიც ქალზე ხელს აღმართავს და მასზე იძალადებს, ის არის სახე დაკარგული მამაკაცი.
ვფიქრობ, რომ ამ მხრივ სისხლის სამართლებრივი დევნის მექანიზმებიც უნდა გამკაცრდეს და უფრო უნდა დაიხვეწოს, მაგრამ როგორც ჩანს, მხოლოდ ეს არ შველის საქმეს. საზოგადოებაში ძალადობის წინააღმდეგ კამპანია უნდა გაგრძელდეს მთელი წელიწადი. ყოველდღიურად გასაძლიერებელია ძალისხმევა, რომ როგორმე, ამგვარი წარმოუდგენლად მძიმე ფაქტები აღარ დაფიქსირდეს“,- განაცხადა ცაგარეიშვილმა.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ იმ კაცის პრობლემა, რომელიც ფემიციდისკენ არის მიმართული, ოჯახში და განათლებაშია.
„კანონში ყველაფერი წერია იმისთვის, რომ ქალზე ძალადობა არ მოხდეს, ერთი მხრივ, პრობლემა მის აღსრულებაშია, ხოლო მეორე მხრივ, ეს არის ფსიქოლოგიური საკითხი. გასათვალისწინებელია, რამდენად სრულდება შემაკავებელი ორდერის პირობები. მხოლოდ აღსრულების მექანიზმის გაუმჯობესება პრობლემას ვერ გადაჭრის, მთავარი პრობლემა არის იმაში, რომ ადამიანი არ უნდა აძლევდეს უფლებას იძალადოს სხვაზე, რაც დამოკიდებულია აღზრდაზე, განათლებაზე, ზოგად კულტურაზე და ეკონომიკურ მდგომარეობაზეც. ამ შემთხვევაში ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მთავარი პრობლემა უნდა ვეძებოთ ოჯახში და სჯოლი, ანუ განათლებაში“,- განაცხადა ხმალაძემ.
რა სტატისტიკა არსებობს საქართველოში ქალზე ძალადობის კუთხით?
პროკურატურის ინფორმაციით, 2014-2022 წლებში 186 ქალი მოკლეს, ამავე პერიოდში დაფიქსირდა 129 ქალის მკვლელობის მცდელობა. ფემიციდის პიკი 2014 წელს იყო, როდესაც ერთ წელიწადში 33 ქალი მოკლეს.
2022 წელის პირველ 8 თვეში 13 ქალი დაიღუპა, 2021 წელს 18. ამასთან, პროკურატურის მონაცემებით, ქალების ნახევარს ოჯახის წევრები კლავენ.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. საქართველოს ხელისუფლებამ კანონის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მკვლელობების გახშირების შემდეგ გადაწყვიტა.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ოჯახში ძალადობა არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკურ შეხებას. ოჯახის წევრის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი, სიტყვიერი შეურაცხყოფა ასევე ძალადობაა და კანონით აკრძალულია.
ოჯახში ძალადობის შემთხვევაში პოლიციის გამოძახება შესაძლებელია 112-ზე დარეკვით. ზარი უფასოა.
საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი — 116 006.
საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე:
საფარის უფასო იურიდიული დახმარება — 0322 30 76 03; 599 40 76 03;
სახალხო დამცველის ცხელი ხაზი — 1481;