თელავის სასამართლო

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული თელაველი დეპუტატი, სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული თელაველი დეპუტატი, სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, მიხეილ გრემელაშვილის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ, თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნია. მიხეილ გრემელაშვილის ადვოკატი, ქეთევან ზაქარიაშვილი ამბობს, რომ პროცესი რთული იყო.

„საკმაოდ რთული პროცესი იყო. ბრალდების მხარე, უფრო მეტ აქცენტს, ოჯახურ ძალადობაზე აკეთებდა. მხარეებს შორის, სერიოზული პაექრობა იყო. ჩვენი პოზიცია, მაინც მეტად დასაბუთებული აღმოჩნდა და მოსამართლე მამუკა წიკლაურის განაჩენი, ძალაში დარჩა“- განაცხადა ზაქარიაშვილმა.

თავად ყოფილი დეპუტატი, სოციალურ ქსელში წერს, რომ დასაბუთებული განაჩენი, სრულიად ობიექტურად დარჩა ძალაში.

გამამართლებელი განაჩენი მიხეილ გრემელაშვილის მიმართ, თელავის რაიონულ სასამართლოში 4 ივლისს გამოიტანეს.

მოსამართლე მამუკა წიკლაურის გადაწყვეტილებით, დეპუტატი ბრალად შერაცხულ ყველა მუხლში, გამართლდა.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, მიხეილ გრემელაშვილი, 2020 წლის 8 ივლისს დააკავეს.

სახელმწიფო ბრალდება დაკავებულს, ოჯახში ძალადობაში, ოჯახის წევრების მიმართ მუქარასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში ადანაშაულებდა.

ინფორმაცია, მიხეილ გრემელაშვილის მიერ ოჯახის წევრებზე მუდმივი ძალადობის შემთხვევებზე, სოციალური ქსელით, მისმა ნათესავმა, სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარიამ კუკუნაშვილმა გაავრცელა.

მიხეილ გრემელაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შალაურის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სახელმწიფო ბრალდება, უზენაეს სასამართლოში, ერთი თვის ვადაში გაასაჩივრებს.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

მთავარი სიახლეები