„...ფეხები ძირგამძვრალ კედში გაუყვია, ჩემი აქ ყოფნით ვინმე არ გავაღიზიანოო და..." - სევდიანი ამბავი ნეაპოლიდან

oldman

იტალიელი პოეტი, მწერალი და დრამატურგი - ტონინო გუერა 103 წლის გახდებოდა. ის ცნობილია თავისი გემრიელი, საინტერესო და ცხოვრებისეული გამონათქვამებით. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

"დგება დრო, როდესაც იწყებ პარტნიორის ძებნას, ვისთან ერთადაც მოუსმენ წვიმას. 

სინაზე - ეს მხარზე პეპლის ჩამოჯდომას ჰგავს.

შენ ყოველთვის ფლობ მხოლოდ იმას, რაც ბავშვობაში გაგაჩნდა.

მოხუცის გზა - ეს არის გზა არა სიკვდილისკენ, არამედ გზა ბავშვობისკენ.

როდესაც გიყვარს, შენ უბრალოდ ადამიანად ყოფნას ეშვები და ხდები არომატი. მიწაზე კი არ დადიხარ, დანარნარებ მასზე. ეს არის შეყვარებულობის მდგომარეობა და ცხოვრებაში უმთავრესი. და მნიშვნელობა არ აქვს ვისზე ხარ შეყვარებული - ქალზე, სამუშაოზე, ცხოვრებაზე თუ სამყაროზე.

თოვა ღვთიურ მოვლენად მიმაჩნია. და როდესაც წვიმს, ან ფოთლებისგან იძარცვებიან ხეები - ეს კაცის ცხოვრებაში ღვთიური მოვლენებია. და თუ გარდაცვალება სამწუხაროა, მხოლოდ ამგვარი მოვლენების გამო. ეს ცხოვრების სპექტაკლია, თვით ცხოვრებაა ღვთიური განგება." 

 

"დამახსოვრებული" ყავა - ტონინო გუერას მონათხრობი

"ნეაპოლი ჩემთვის ყოველთვის ძნელად ამოსახსნელი გამოცანების ქალაქი იყო. სამაგიეროდ, დე სიკა გრძნობდა მშობლიურ ქალაქში თავს ისე, როგორც თევზი წყალში. ერთხელ ფილმის (“ქორწინება იტალიურად”) ნატურის შესარჩევად ნეაპოლში ერთად მოგვიხდა ჩასვლა.

დე სიკა მეუბნება: "მოდი, ცოტა ხანს ამ ბარში დავსხდეთ. აქ შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, რაც ნეაპოლელებს უფრო მეტად შეგაყვარებს".

ბარი მოედანზე, ვაგზლის პირდაპირ გაეხსნათ. მაგიდას მივუსხედით და გავაბოლეთ. ის-ის იყო შეკვეთის მიცემა დავაპირეთ, რომ ამ დროს ბარში შემოსულმა ორმა ახალგაზრდამ ბარმენს კარის ზღურბლიდანვე ოთხი ყავა შეუკვეთა, ოღონდ ეს ძალზე უცნაურად გაკეთდა: "ოთხი ყავა! ორს ვსვამთ, ორს ვიმახსოვრებთ!" ამასთან, "ორს ვიმახსოვრებთ" გარკვევით და ლამის დამარცვლით იქნა წარმოთქმული, რათა რაიმე გაუგებრობა არ გამოეწვია. ახალგაზრდები დახლთან მივიდნენ, თითო-თითო ფინჯანი ყავა შესვეს, ოთხისა გადაიხადეს და წავიდნენ.

ცხადია, დე სიკას მაშინვე ვკითხე, რას ნიშნავდა გადახდილი, მაგრამ დაულეველი ორი ყავა.

"შენთვის იჯექი, ყველაფერს თვითონ მიხვდებიო", – უსიტყვოდ მანიშნა მან.

ხალხი შემოდიოდა და გადიოდა. თანაც უმრავლესობა არაფრით არ გამოირჩეოდა: შეუკვეთავდა, დალევდა, წაიხემსებდა და მიდიოდა.

მაგრამ აი, ბარში ძალზე უბრალოდ ჩაცმული სენიორა შემოდის და ბარმენს ეუბნება: "სამი ყავა! ერთი – მე, ორს კი ვიმახსოვრებთ!" ქალი ერთ ყავას სვამს, სამისას იხდის და თავისი გზით მიდის.

ცნობისწადილი არ მასვენებს და კვლავ ვცდილობ, რაიმე გავიგო. მაგრამ დე სიკას ფიქრადაც არ მოსდის, "გამეხსნას". მეტიც, ახლა თვითონ დგება და ბარმენს მიმართავს: "ხუთი ყავა! ორს ვსვამთ, სამს ვიმახსოვრებთ!"

ამასობაში შუადღემ მოატანა. ფართოდ გაღებულ კარებში მოჩანს ვაგზლისწინა მოედანი, რომელიც სულ უფრო და უფრო ინთქმება მზის ალმურში, სულ უფრო და უფრო ემსგავსება უკაცრიელ უდაბნოს. და უცებ, ამ თვალისმომჭრელ სინათლეში ჩნდება ჩრდილი. იგი ნელა მოძრაობს, თანდათან სულ უფრო მკვეთრი ხდება: კარის ღიობში დგას მათხოვარი. რაღაც გაჭუჭყიანებული წინსაფარი შემოუკრავს, ფეხები ძირგამძვრალ კედში გაუყვია. ჩემი აქ ყოფნით ვინმე არ გავაღიზიანოო, ცოტათი მარჯვნივ გადგება, მერე ნელი ამოოხვრით, ძლივს გასაგონად, მორიდებით იკითხავს:

"რაიმე ხომ არ არის დამახსოვრებული?" "ხო, არის, არის"… – ცივად უპასუხებს ბარმენი. მათხოვარი დახლთან მიდის. უზომო ბედნიერებისგან არ იცის ხელებს რა მოუხერხოს, უცნაურად იქნევს აქეთ-იქით. დგას და მის კუთვნილ ყავას წრუპავს..."