„ფართო საზოგადოების მხრიდან სათანადო დაფასების სიმწირის მიუხედავად, არასდროს არავისზე განაწყენებულა... ასეთი ადამიანი წავიდა დღეს ჩვენგან“ - ნიკოლოზ რაჭველი

რაჭველი

„ჩვენ არ გვყოლია არნოლდ შონბერგი, არც ოლივიე მესიანი, ჩვენ გვყავდა ნოდარ მამისაშვილი, დიდი პიროვნება, დიდი მუსიკოსი, დიდი მოაზროვნე, მეცნიერი და კომპოზიტორი და რაც ყველაზე მთავარია დიდი პედაგოგი, ისეთი როგორიც რეჟისორებისთვის მიშა თუმანიშვილი იყო… ჰოდა ასეთი ადამიანი წავიდა დღეს ჩვენგან, რომელიც სხვათაშორის ჩვენი ფართო საზოგადოების მხრიდან სათანადო დაფასების სიმწირის მიუხედავად არასდროს არავისზე განაწყენებულა და ყოველთვის რუდუნებით ემსახურებოდა მუსიკასა და ადამიანებს, განსაკუთრებით მომავალ თაობებს, შვილებად და შვილიშვილებად რომ ვეკუთვნოდით“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ნიკოლოზ რაჭველი წერს.

„ერთი თვის წინ მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა ძლივს იქნა რუსთაველის პრემიაზე წარდგენილი, მაგრამ კომისიის მუსიკალური ნაწილის წევრმა კოლეგებთან ერთად კვლავ “თბილისურ-სნობური” და “ელიტარული” გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც ჩვენ, მისმა თანამემამულეებმა უკანასკნელი შანსიც კი გავუშვით ხელიდან იმქვეყნიურ გზაზე დამდგარი დიდი პიროვნებისთვის სიცოცხლეში ერთხელ მაინც გამოგვეხატა საკადრისი მადლიერება…

ასეთი ერი ვართ, ფიროსმანის და ილიას სიცოცხლის დასრულების მაგალითებმაც რომ ვერ გვასწავლა ჭკუა…

ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ, ეროვნულმა ორკესტრმა მოვასწარით და მის შემოქმედებას ფესტივალი “კონტრაპუნქტი” მივუძღვენით, ისევე როგორც არ მოჰკლებია მას ყურადღება ახალი თაობის კომპოზიტორებისა და რიგი შემსრულებლებისგან, როგორიც ნინო ჟვანია, მაკა ვირსალაძე, ეკა ჭაბაშვილი და მათი სამეგობრო თუ აღსაზრდელები არიან.

ბედნიერი ვარ იმითაც, რომ ვიცნობდი, მოვესწარი, გავმდიდრდი მისი ლექციებით და მასთან ურთიერთობით სტუდენტობის პერიოდში.

ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველში მისი პიროვნების შესატყვისი სამოთხისეული ადგილი, სინათლით სავსე, მისი სახელი, მუსიკა და გამოგონებები კი მუდამ უკვალავდეს გზას ქართული პროფესიული მუსიკის აწმყოს და მომავალს“, - წერს ნიკოლოზ რაჭველი.