EXCLUSIVE: „ყველაზე დიდი ეგოისტი ვარ... რადგან ვინც გასცემს, ის უფრო ბედნიერია!“- რანას სასარგებლო რჩევები და „სიმსივნეზე გამარჯვებულები“

ნათია ინასარიძე - რანას ჯგუფი - „სიმსივნეზე გამარჯვებულები“

„ბრძოლა, გამარჯვება, იმედი! - ეს სიტყვები, ადამიანის ფსიქიკაზეც პოზიტიურად მოქმედებს... ონკოლოგია, ძალიან რთული სამკურნალოა, შეიძლება სამი წელი კარგად იყო და ხუთი წლის შემდეგ, რეციდივია...

სწორი კვება, ნომერ პირველი წამალია, როგორც ჰიპოკრატემ თქვა -  „თუ საჭმელი არ გახდა თქვენი წამალი, მაშინ წამალი გახდება თქვენი საჭმელი“... - ამბობს 39 წლის რანა .

გაიცანით, ახალციხეში მცხოვრები ნათია ინასარიძე, იგივე რანა უსინი, რომელიც ტიბეტური მედიცინით არის დაინტერესებული და ამავე დროს, რამდენიმე წლის წინ, სოციალურ ქსელში ჯგუფი - „სიმსივნეზე გამარჯვებულები“ შექმნა.

მშობლიურ მხარეზე შეყვარებული პატრიოტი, „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ როცა პატრიოტიზმი გაწუხებს, როცა ვერ გაბედნიერებს მატერიალური ღირებულებები, თავს გრძნობ ცხადია, უბედურად.

მშობელს, რომელსაც ბავშვის სამკურნალოდ უამრავი ფული აქვს შესაგროვებელი, ქვეყნის ეკონომიკა ნაკლებად ადარდებს - შვილი ჰყავს გადასარჩენი!:

ჩემი საქმიანობით, ძირითადად, ისეთი ადამიანები ინტერესდებიან, ვისაც პირადად აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. რაც შემეხება მე, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ენთუზიაზმზე ვმუშაობ.

როცა პატრიოტი ადამიანი ხარ, სულ ცდილობ, ეს დაიკმაყოფილო. მახსოვს, ახალციხის საბავშვო ბაღში, პირველი ლექსი ვისწავლე  - „ვინც ეწვევა საქართველოს საოცნებო სერებს, სიმღერა რომ არ იცოდეს მაინც დაიმღერებს“(ავტ. გიორგი ქუჩიშვილი), რომელიც დღემდე ჩამრჩა გონებაში.

სკოლაში რომ ვსწავლობდი, სულ ვაკვირდებოდი ადამიანის მოწყენილ სახეებს, ეს ენერგეტიკა ჩემზეც გადმოდიოდა, ბავშვი ხომ ყველაფერს გრძნობს. დამებადა სურვილი, ეს ადამიანები გამემხიარულებინა.

როცა პატრიოტიზმი გაწუხებს, როცა ვერ გაბედნიერებს მატერიალური ღირებულებები, თავს გრძნობ ცხადია უბედურად. ანუ მე ვერ ვხარობ „აიფონ14"-ით და „ბენტლით".

არ ვიცი რატომ, მაგრამ ბავშობიდან ასე ვარ - ვხარობ მაშინ, როცა სხვას ვახარებ და ცხადია, ადამიანების გახარება უკვე ჩამომიყალიბდა, როგორც ყოველდღიურ მოთხოვნილებად.

როცა ვაცნობიერებ, რომ ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში, თუნდაც 0,0000001% წვლილი მიმიძღვის– ვბედნიერდები.

რაც უნდა ცუდად მეგრძნო თავი, ვცდილობდი კარგ ხასიათზე ვყოფილიყავი. როცა პოზიტიურ ენერგიას გასცემ და უკან არ გიბრუნდება, ასეთი გარემო, ადამიანზე ცუდად მოქმედებს. 

მატერიალური უზრუნველყოფა, მე ვერ მაბედნიერებს, 10 წლის წინანდელი ქურთუკი მაცვია, მაგრამ თავს ბედნიერად ვგრძნობ.

დავიბადე 1983 წელს ახალციხეში, ჩემი სახელი და გვარია ნათია ინასარიძე, წარმოშობით ანდრიაწმინდადან ვარ, დედა ასპინძიდან მყავს, გვარად ტივაძე.

აღმოვაჩინე, რომ ბედნიერი ვარ მაშინ, როცა გავცემ, როცა ვხედავ სხვა ადამიანის გაბედნიერებაზე მცირე წვლილი მიმიძღვის, მერე ამ ენერგიით მეც ვიკვებები.

ერთ-ერთ ჟურნალში, პატრიარქის ქადაგება წავიკითხე, სადაც ამბობს, როცა სიკეთეს აკეთებ, აქეთ უნდა გადაუხადო მადლობა, რადგან საშუალება მოგცა, სიკეთე გეკეთებინა.

დღემდე ჩამრჩა გონებაში, ეს სიტყვები. ტრადიციული ბიზნესი რომ დავიწყე, ვცდილობდი გაჭირვებულ ადამიანებს დავხმარებოდი. რამდენიმე წლის წინ, ძალიან რთული ნევროზი მქონდა.

აღმოვაჩინე, რომ ქიმიური პრეპარატებით მკურნალობამ, უარესი შედეგი გამოიღო და დავიწყე ალტერნატიული მედიცინის ძიება, რამაც კარგი შედეგი გამოიღო. ჩვენ ხომ ბუნების შვილები ვართ და გამოსავალიც იქნება.

როცა ბრძოლას ვიწყებ, მერე ვბედნიერდები, რადგან ვაცნობიერებ, რომ ე.ი. რაღაც წვლილი შევიტანე, რომ ჩემს თანაპლანეტელებს, უკეთეს სამყაროში ეცხოვრათ და თვალები ჰქონოდათ გაბრწყინებული.

ჰო და ყველაზე დიდი სამყარო, არის მისია სამშობლოს და შენი ხალხის წინაშე. მთელი ცხოვრება ვიყავი უბედური ვიდრე არ მივიღე პასუხი ჩემს კითხვაზე: "„რა არის ჩემი მისია? რისთვის დავიბადე?" - და ამ კითხვაზე პასუხი მე ვერსად მივიღე, ვერც ბაღში,ვერც სკოლაში, ვერც უნივერსიტეტში, ვერც ეკლესიაში და ვერც ტრადიციულ ბიზნესში...

ჰოდა შემაწუხა ამ კითხვამ. შეგაწუხა და ამომგლიჯა სული და გული და როგორც კი ჩემი ეს შინაგანი გოლგოთა გავიარე, ეგრევე მივიღე ჩემი შინაგანი აღდგომა - ამაღლება, ანუ პასუხი. დამიჯერეთ ხალხო, პასუხი რომ გაქვს ეს არის ყველაზე ნეტარი რამ.

ჰოდა მოკლედ პასუხი იყო: „ნათი, შენი თავის მისია, შენი სამშობლოს მსახურებაა და რამდენადაც ემსახურები შენს სამშობლოს იმდენად იქნები ბედნიერი" - მითხრა მეორე ნათიამ. ანუ მე ორი ნათია ვიყავი. ერთი კითხვებს სვამდა და მეორე პასუხებს ცდილობდა. ახლა კი ერთი ვარ. რანა ვარ. 

ჩემს სამშობლოზე ზრუნვა რომ ჩემს ხალხზე ზრუნვით უნდა დამეწყო, ესეც კარგად დავინახე პასუხში.

- რა პროფესიის ხარ?

დავამთავრე ახალციხის ი. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, სპეციალობით, მენეჯმენტის  ინფორმაციული ტექნოლოგიები. ჩემი აზრით, განათლება არის ის, რასაც დაეუფლებით და ისწავლი.

შესაბამისად, თითქმის 12 წელია, ჩემი სპეციალობა აღარ გამომიყენებია და ალტერნატიული მედიცინის პრაქტიკოსი ვარ.

როდის შეიქმნა ჯგუფი „სიმსივნეზე გამარჯვებულები“?

წამალი, ჩვენი ორგანიზმია, ვიკიპედიაში რომ დავგუგლოთ, ღვიძლს 500-ზე მეტი ფუნქცია აქვს და ამა თუ იმ ფუნქციის მოშლის დროს, რამდენი დიაგნოზიც არის (სიმპტომური მკურნალობის მედიცინაში) იმდენი წამალი გჭირდება.

2012 წელს, როდესაც პირველად მქონდა შეხება ალტერნატიულ მედიცინასთან, ჯგუფებში იწერებოდა, რომ ყველანაირი მედიკამენტი სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ამიტომ გადავწყვიტე, პროტოკოლით მკურნალობას, ბუნებრივი საშუალებებითაც დავხმარებოდი.

2018 წელს, ერთ-ერთი ჯგუფის კომენტარში ქალბატონი წერდა, ჩვენთვის, ონკოპაციენტებისთვის, ცალკე ჯგუფი არ არსებობსო?

ეს რომ წავიკითხე, ამის შემდეგ გადავწყვიტე, დიაგნოზების მიხედვით, სხვადასხვა  ჯგუფები შემექმნა, სადაც ადამიანები უამრავ საჭირო ინფორმაციას ერთმანეთს გაუზირებდნენ. 2019 წლის 3 ივნისს კი სპეციალურად ონკოპაციენტებისთვის, დავარეგისტრირე ჯგუფი.

ჯგუფის სახელწოდებაზე, ძალიან ბევრი ვიფიქრე და „სიმსივნეზე გამარჯვებულები“ დავარქვი. რადგან ძირითადად, გავრცელებულია ტერმინი - სიმსივნე დაამარცხე!

- როგორ გახდა ნათია ინასარიძე, რანა?

პირადობის მოწმობაში, ნათია ინასარიძე ვარ. რამდენიმე წლის წინ, სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი ადამიანის, (რამაზ სუხიტაშვილი) კომენტარი წავიკითხე, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია - „მდიდარი ადამიანი, იმაზე მეტად მდიდარია, ვიდრე ეს ჭკვიანს ჰგონია“.

ამ კომენტარით მივხვდი, რომ ეს ადამიანი, არა მატერიალურ, არამედ შინაგან სიმდიდრეს გვიქმნიდა. პირადში მივწერე, გეთანხმებით, ბ-ნო რამაზ -მეთქი!

გამესაუბრა, ასაკი მკითხა და მითხრა, გინდა ინტელექტის განვითარებაო? მაშინვე დავთანხმდი. დღეს რომ ასე ძლიერი და პოზიტიური ვარ, ბ-ნ რამაზის დამსახურებაა. 

ეს ადამიანი, პროფესიით მათემატიკოსია, ცხოვრობს თბილისში. მახსოვს, უსახსრობის გამო, ხშირად ინტერნეტი არ მქონდა და თანხას მირიცხავდა -ხოლმე.

 ბ-ნი რამაზი, ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს მცემდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა ასტროფიზიკა იყო, მათემატიკა, თუ რელიგია.

დღეში მინიმუმ 40 -იდან 60 -მდე კითხვას ვუსვამდი. ფაქტობრივად, ამ ადამიანმა გამზარდა, ამიტომ სახელი რანა, ჩვენი სახელების პირველი ასოებიდან ავიღე - რა (რამაზი) და ნა (ნათია) -რანა. ასე შემერქვა რანა. მან შემქმნა და „გამომძერწა“ და რაც მთავარია, პოზიტიური აზროვნება მასწავლა.

არიან ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელში ბედნიერად გვაჩვენებენ თავს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ასე არ არის.

ბევრჯერ მიფიქრია, ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად ძლიერი რომ იყოს, ემიგრანტი დედები, რომლებმაც შვილები სკაიპის საშუალებით გაზარდეს, ხომ არ მოიგლეჯდნენ ძუძუდან -მეთქი.

ბედნიერი ხარ, როცა სხვა ადამიანსაც ბედნიერს ხედავ. ქუჩაში რომ გადიხარ, ყველას მოწყენილი სახეები აქვს და შენც უბედური ხდები. სულ ვფიქრობ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ბედნიერი იყო, - უნდა იყო დასაქმებული, გქონდეს შემოსავალი, რომ საჭმლის და წამლის ფული გქონდეს.

ხშირად ვაქვეყნებ პოსტს - #იჯანსაღეჩემოერო! ავადმყოფი ერი, ვერ შექმნის ძლიერ ეკონომიკას, რაც უფრო ჯანმრთელია ადამიანი, მეტად ბედნიერია. უნდა იყო არა იმპორტიორი, არამედ ექსპორტიორი ქვეყანა.

მკურნალობის ფასები 100 000 - ს და მეტსაც აღწევს. მშობელს, რომელსაც ბავშვის სამკურნალოდ უამრავი ფული აქვს შესაგროვებელი, იმ ადამიანს, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების არც დრო აქვს, არც ენერგია - შვილი ჰყავს გადასარჩენი!

სწორედ, ეს გახდა მიზეზი, რომ ეს ჯგუფები შემექმნა, მინდა პოპულარიზაცია გავუკეთო ხალხურ მედიცინას, რომ მაქსიმალურად ბიუჯეტურად შევთავაზო მკურნალობა.

მოწამლულია ჰაერი, საკვები, როგორ უნდა მოახერხოს ფეხმძიმე ადამიანმა ჯანსაღი კვება.

- რთულია დღევანდელ პირობებში გაერკვიოს ადამიანი, რომელია ჯანსაღი პროდუქტი...

გეთანხმებით, შეძლებისდაგვარად უნდა ეცადოთ ბუნებრივი და სოფლის პროდუქტების მიღება, მაგალითად, ხილი რაც უფრო ცუდი შესახედია და ჭიანი, უკეთესია.

კარგი იქნება, სახელმწიფოს მხრიდან არსებობდეს პროგრამები, სოფელი რომ გაძლიერდეს და არ მოუწიოს ქალაქში სამუშაოს ძებნა. მინიმუმ წყალი, შუქი და გაზი უნდა არსებობდეს.

ინტელექტუალური აზროვნება სჭირდება ერს. რამაზის განმარტებით, ინტელექტი არის - დაკვირვების, დანახვის, შედარების, გააზრების, განსჯისა და დასკვნის გამოტანის უნარი. 

რამაზ სუხიტაშვილის დამსახურებით, ჩემი საიტი - „rana.ge“, მალე კომპანია გახდება. მინდა ქართული ხალხური მედიცინის პოპულარიზაცია. ახალციხეში ფუნქციონირებს გერმანული ქარხანა, სადაც რაც კი ჩვენ მხარეში ხარობს, ტყის ყველანაირ ნედლეულს აბარებენ და გერმანიაში ეზიდებიან.

და ამ დროს, შენ ქვეყანაში უამრავი სიმდიდრეა და ვერ იყენებ. მინდა, ბევრმა ადამიანმა გაიგოს მცენარეული ნაყენის სიკეთეზე. ადამიანებს ამ ნაყოფის დამზადება რომ ეცოდინება, ყველა წავა მის დასაკრეფად და დასამზადებლად.

უამრავი მცენარეა ტყეში, რასაც არ ვიყენებთ, და არც ვიცით მისი ვარგისობის შესახებ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველაფერში საჭიროა, ზუსტი დოზების დაცვა.

საწარმო მინდა დავაარსო, რომ ხალხიც დავასაქმო, რაც შეიძლება მალე დაიწყოს ხალხმა წარმოებები ანუ ყველა თავის რეგიონში დაამზადებს, საჯარო მექნება ჩართვები.

მინდა, მთელ საქართველოს გავუზიარო ჩემი ცოდნა - ისეთ მცენარეებზე, რაც ტყეში გვაქვს, ვასწავლო, რისგან რა მზადდება. ეკონომიკა რომ გაძლიერდება, მერე ტერიტორიების დაბრუნება, უკვე რეალური გახდება, ყველას ჩვენი მისია გვაქვს ამ სამყაროში!

- რთულია მართო ჯგუფი, სადაც ისეთი რთული დაავადების მქონე პაციენტები არიან, როგორიც არის სიმსივნე...

2019 წლიდან არსებობს ეს ჯგუფი, ბევრი ნეგატიური კომენტარიც დაუწერიათ, როგორ ბედავ და აძლევ რჩევებს ასეთი დიაგნოზის მქონე პაციენტებსო.

ძალიან დიდი სტრესი გამოვიარე, ჯგუფი რომ შემენარჩუნებინა. საშინელებაა, როცა გწერენ, რომ ხალხის მტერი ხარ.

ხალხს სჭირდება რეალური გამოსავალი და არა შენი სიტყვები. ბუნებრივი, უამრავი საშუალებებია, თუნდაც კაკლის უღელი, რომელიც ლეიკოციტების ასაწევად გამოიყენება. მე გავაკეთე ერთგვარი „კარაბადინი“. ეს ცოდნა ერთ წიგნად შევკარი. 2 წელი უამრავი მუქარა მქონდა, ძლივს გადავიტანე, ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ შევძელი ჩემ თავს „შემოვუძახე“.

ჯგუფი შექმნილია ერთმანეთისთვის ინფორმაციის გასაზიარებლად, თუმცა, ერთმანეთისთვის წამლების დანიშვნა აკრძალულია!

ჯგუფში საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით – არ არის აკრძალული ინტეგრალურ მედიცინაზე რეკომენდაციის გაწევა!

ვიფიქრე, რომ გარკვეული კონტინგენტი, მოიხმარს ამ საშუალებებს და თავად ჯგუფის წევრები გაუზიარებენ ერთმანეთს რჩევებს - მეთქი. მაგ: ანწლი, რომელიც უებარია ნევროზის დროს, დინდგელის სპირტხსნარი კუჭ-ნაწლავის დროს... თუნდაც უამრავი რეცეპტი ფიტო და აპითერაპიიდან. 

მთავარია, დოზები დაიცვა. მესმის ექიმების, მათ არ აქვთ უფლება პროტოკოლს გადაუხვიოს და მცენარეული პრეპარატები დაუნიშნოს პაციენტს! ყველა ექიმს უნდა, რომ პაციენტი გადაარჩინოს.

არსებობს უამრავი საკვებ დანამატები. ონკოლოგიის დროს, ეს უნდა იყოს ანტიოქსიდანტები, რადგან სიმსივნის დროს უჯრედები განიცდიან ოქსიდაციურ სტრესს და ამიტომ ანტიოქსიდანტები გვჭირდება, რომელიც საკვებიდანაც კი შეგვიძლია მივიღოთ - ჟოლო, მარწყვი, აუცილებლად უნდა იყოს ფუნქციების აღმდგენი.

ძირითადი სამი ჯგუფი, ეს არის - ანტიოქსიდანტები, ციტოსტატიკები და რესვერატროლები, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით არის საფერავის კანში და უამრავი ქსელური კომპანიებია, ეს ექიმმა უნდა ურჩიოს პაციენტს.

 სულ ვეუბნები ჯგუფის წევრებს, დაამატე საკვები პროდუქტები, ონკოლოგთან შეთანხმებით. ჩვენ ექიმების გარეშე, არაფერს ვურჩევთ, ვცდილობთ დავეხმაროთ მათ.

ჯგუფში, ვინც ძირითად მკურნალობასთან ერთად ესა თუ ის ალტერნატიული საშუალებაც დაიხმარა (დამატებით), შედარებით გაუადვილდა სიმსივნეზე გამარჯვების მიღწევა. 

- ჯგფის წევრებს ურჩევ, მედიკამენტებთან ერთად მიიღოს ბუნებრივი დანამატები, რაც უკეთესს შედეგს იწვევს...

რა თქმა უნდა. საბედნიეროდ, საქართველოში აღმოვაჩინე რამდენიმე ონკოლოგი, რომელიც ბუნებრივ საშუალებების მიღებას არ უარყოფს. ბევრი ადამიანი იღებს მედიკამენტებთან ერთად და შედეგიც კარგია.

ბუნებრივი საშუალებები, არა მარტო სამკურნალოდ, პროფილაქტიკისთვის გამოიყენება. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, მკურნალობა, ეს არის იატაკის მუდმივად გამშრალება.ხოლო– პროფილაქტიკა, ჭერის გამოცვლა.(მხ.ფილმის "საბუდარელი ჭაბუკი" - გატეხილი კრამიტის გამოცვლის სცენის მიხედვით) შენ თუ ჭერს გამოცვლი, მთელი ცხოვრება დაზღვეული იქნები.

ონკოლოგია, ძალიან რთული სამკურნალოა, შეიძლება სამი წელი კარგად იყო და ხუთი წლის მერე, რეციდივია. ეს ყველაფერი, ძირითადად, არასწორი კვების შედეგია. სწორი კვება, ნომერ პირველი წამალია, ჰიპოკრატემ თქვა -  „თუ საჭმელი არ გახდა თქვენი წამალი, მაშინ წამალი გახდება თქვენი საჭმელი“. 

უამრავი ექიმი დამიმეგობრდა და თუ რამე მჭირდება, მათთან გავდივარ კონსულტაციას. რადგან პროფესიით არ ვარ ექიმი, ყოველთვის მჭირდება მათი კონსულტაცია.

მე როგორც ჯგუფის ადმინი და ხელმძღვანელი, ხშირად მჭირდება ექიმის რჩევა. თუ ეს არის კლასიკური მედიცინის ექიმის კომპეტენცია, ამ დარგის სპეციალისტს ვეკითხები, თუ ალტერნატიული მედიცინის, მას ვეკითხები.

რადგან ჯანმრთელობის პრობლემები, სახუმარო არ არის, ყოველთვის უნდა გაითვალისწინო ექიმის რჩევა. რაც ამ ჯგუფმა გააკეთა, მთავარია რომ შეიკრა, დღეს ამ ჯგუფში თავისუფლად შეგიძლია ალტერნატივა დამატებით დაიხმარო.

უამრავმა ონკოპაციენტმა მიიღო შედეგი, საკუთარ თავზე გამოცადა, სამკურნალო წამლებთან ერთად, იღებდა კვების დანამატებს და როგორც ამბობენ, შედარებით იოლად გადაიტანეს მკურნალობის პერიოდი.

ჯგუფის წევრები, ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას და რაც მთავარია, ამხნევებენ. ეს ჯგუფი, უკვე ერთი ოჯახი გახდა, აღარ არის პაციენტი უკვე მარტო, მასთან როგორც ექიმები, ასევე თანამებრძოლები არიან.

ერთმანეთს რჩევებს უზიარებენ, რაც ბევრს ძალიან ეხმარება. როცა რომელიმე ექიმის ვიდეოს, ან კომენტარს ვნახულობ, ჯგუფში მომაქვს და პაციენტები მადლიერი არიან, მარტო აღარ გრძნობენ თავს, ეს არის, მათი დამაკავშირებელი ხიდი.

ეს არის ფსიქოემოციური ბმა, ექიმსა და პაციენტს შორის. ეს არის უფასო შეთავაზება და ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება.

ჩემი საიტის საშუალებით ექიმი და პაციენტი, ერთმანეთს უკეთ უკავშირდებიან. ბევრი ადამიანია, რომელსაც უნდა ექიმთან მისვლა კონსულტაციაზე, მაგრამ შიშის გამო ვერ ახერხებს.

ეს საიტი ასეთ ადამიანებსაც ეხმარება, ერთმანეთს ამხნევებენ. ხშირად ყოფილა, რომ გაიკეთა გამოკვლევა და ის, რისიც ეშინოდა, არ აღმოაჩნდა.

შიში უფრო „ანგრევს“ ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე დიაგნოზის გარკვევა. შენ ბედისწერას თავად ქმნი ადამიანი, უნდა დაიჯერო, რომ თუ არ გამოვა, გამოიყვან.

უამრავი მოსაზრებაა, თითქოს საზღვარგარეთ უკეთ მკურნალობენ სიმსივნეს, ვიდრე საქართველოში. ამ ჯგუფის საშუალებით, გაირკვა, რომ აქაც კარგი შედეგებია, თან უამრავ ადამიანს, არ გააჩნია სახსრები, რომ უცხოეთში იმკურნალოს.

ხშირად მითქვამს, დაწერეთ იმ პაციენტებმა, ვინც საქართველოში გაიმარჯვა, სიმსივნეზე. სწორედ ამ დროს, ბევრი იგებს კომენტარებით, რომ აქაც შეიძლება ამ ვერაგ დაავადებაზე გამარჯვება.

ბევრი წერს, რომ იმკურნალა უცხოეთში და ვერ გაიმარჯვა სიმსივნეზე, ან უარით გამოისტუმრეს. ამ ადამიანებმა,  საქართველოში გააგრძელეს მკურნალობა და ისევ ქართველმა ექიმებმა განკურნა.

- როგორც გატყობ, არ ცნობ სიტყვას - დაამარცხა...

ნამდვილად ასეა, გაიმარჯვა! - უკეთესია, ეს მოწოდებაა: მებრძოლებო, გამარჯვებულებო! ჯგუფში უკვე 14 000 ადამიანია და როცა ვესალმები, ვუწოდებ - მებრძოლებო/გამარჯვებულებო!

რამაზისგან გავიგე, რომ სიტყვა პაციენტი, ქართულად ტანჯულს ნიშნავს, ამიტომ ამოვიღე ეს სიტყვა და მივმართავ - მებრძოლებო! გამარჯვებულებო!

 - პატრიოტი ადამიანი ხარ და „გმირებიც“ ბევრი გყავს...

ბრძოლა, გამარჯვება, იმედი - ეს სიტყვები ადამიანის ფსიქიკაზეც პოზიტიურად მოქმედებს და ხშირად, კარგი შედეგიც აქვს. მეტი მოტივაცია აქვთ, ასეთ ადამიანებს.

- რამდენიმე მეთოდი გამარჯვებამდე...

როცა გადაწყვეტილებას იღებ, უნდა იცოდე, რომ შენი ბედის შემქმნელი, თავად ხარ. არავის იმედი არ უნდა გქონდეს.

როცა ვაცნობიერებ, რომ ამ ყველაფერში მეც უდიდესი წვლილი მიმიძღვის, უბედნიერესი ადამიანი ვარ. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ბ-ნ რამაზს, რომ არა რამაზი, ფიზიკურად ვერ შევძლებდი.

ძალიან ბევრი შეურაცხყოფა და ნერვიულობა გადავიტანე.  ჯგუფის სახელია - „სიმსივნეზე გამარჯვებულები“, რადგან ძირითადად, გავრცელებულია ტერმინია - „სიმსივნე დავამარცხე!" – სიტყვა „მარცხი," ნეგატიური ენერგიაა და ადამიანს კი, ენერგია ამოძრავებს.

ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დაავადებები, უჯრედულ დონეზე ენერგეტიკული დისბალანსის შედეგად იწყება. აღმოსავლურ მედიცინაში, (ტიბეტურ მედიცინაში) დადებითი ენერგია არის - იანი, უარყოფითი - ინი, ანუ ქალი ენერგია და კაცის ენერგია უჯრედის დონეზე, როცა ამ ორი ენერგიის დისბალანსი ხდება, აქედან მოდის ბიოქიმიური პროცესების ცვლილებები, ფუნქციური ცვლილებები და წლების შემდეგ ყალიბდება უკვე „ორგანიკა“ – დაავადებები, რომლებიც უკვე ექვემდებარება დიაგნოსტირებას

 -  შენი ფეისბუკ გვერდის სახელია –„რანა უსინი ტიბეტური მედიცინა“, რას ნიშნავს უსინი?  

აღმოსავლური მედიცინის მიხედვით, მთელი სამყარო და ცოცხალი ორგანიზმი, შედგება ხუთი ელემენტისგან - ცეცხლი, მიწა, ლითონი, წყალი და ხე. თითოეულ ამ ენერგიას, შეესაბამება თავისი ორგანო და სეზონი. მაგალითად, ცეცხლი ეს არის ზაფხული, მიწა - გვიანი ზაფხული, ლითონი - შემოდგომა, წყალი - ზამთარი, ხე - გაზაფხული.

ჩინურად U-SIN ნიშნავს - ხუთ ელემენტს. ჩვენ გვაქვს ხუთი წამყვანი ორგანო - გული, ელენთა, ფილტვი, თირკმელები და ღვიძლი. მათ ჰყავთ, თავიანთი მეწყვილე ორგანოები.

მაგ: გულის მეწყვილე ორგანოა წვრილი ნაწლავი, ელენთის - კუჭი და კუჭქვეშა ჯირკვალი, ფილტვის - მსხვილი ნაწლავი, თირკმელების - შარდის ბუშტი. ღვიძლის - ნაღვლის ბუშტი.

იბადება კითხვა - რატომ წამოვიდა ამდენი უშვილობა? ძალიან მიჭირს პატრიოტული ფილმების ყურება. საქართველოს ისტორია, სკოლის დონეზე ვიცი, რადგან ყოველთვის ემოციური ვხდები, როცა ჩემი სამშობლოს ისტორიას ვიაზრებ, გული „მეგლიჯება“.

- როგორც ჩანს, შენი საქმიანობა, პირდაპირ კავშირშია ბედნიერების ჰორმონთან...

ასე გამოდის, ბევრი ადამიანისთვის ძვირად ღირებული ნივთები უფრო მნიშვნელოვანია, მე ჩემი საქმიანობა და ადამიანების თვალების გაბრწყინება, უფრო მაბედნიერებს.

სინამდვილეში, ყველაზე დიდი ეგოისტი ვარ, რადგან ყველაზე დიდ ბედნიერებას მე ვიღებ, იმიტომ, რომ ვინც გასცემს, ის უფრო ბედნიერია... #იჯანსაღეჩემოერო!