ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
"ყველაფერი რაც გვიკეთებია არაგვს მიაქვს, მაგრამ ჩემი ქვეყნის დროშას ვერ გავატანდი" - ასე იწყებს "პრაიმტაიმთან" საუბარს ფასანაურში, სტიქიის ზონაში მყოფი ნიკა ქავთარაძე, რომელიც დაბა ფასანაურის მიმდებარედ, ჩაბარუხში ჯომარდობის ცენტრს ფლობდა.
მართალია, მისი ბიზნესი პირდაპირი გაგებით წყალმა წაიღო, მაგრამ პირველ რიგში, რის გადასარჩენადაც ადიდებულ არაგვში შევიდა, ეს საქართველოს დროშა იყო...
ნიკა ქავთარაძე "პრაიმტაიმის" მკითხველმა გუშინ, ჩვენს მიერ გავრცელებული დრამატული ვიდეო კადრების ავტორობიდან და მხოლოდ ერთი ემოციური ფრაზით - "არადა რაც მე აქ შრომა მქონდა ჩადებული" გაიცნო.
"პრაიმტაიმი" ის სულ სხვა მიზნით - სტიქიის ზონაში ამჟამინდელი ვითარების გასარკვევად და მიყენებული მატერიალური ზარალის შესახებ სასაუბროდ დაუკავშირდა, თუმცა ამ ერთმა ფრაზამ და "სამშვიდობოს" გამოტანილმა ეროვნულმა დროშამ, ჩვენი საუბარი სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა...
ამბობს, რომ დაცემულ, წყალს გატანებულ, დაფლეთილ ეროვნულ სიმბოლოს ვერავინ ნახავს, მით უფრო, ეთნიკური რუსები, რომლებსაც მის ულამაზეს ღია ბარში ყოფნა და მდინარეში ნავებით ცურვა დიდ სიამოვნებას ანიჭებდათ, მაგრამ იქ აღმართული დროშა აღიზიანებდათ...
ნიკა ქავთარაძე ასეთ სტუმრებს იმ მისამართზე უშვებდა, სადაც რუსული გემი უკრაინელმა მებრძოლებმა გაუშვეს...
"ყველაფერი რაც გვიკეთებია არაგვს მიაქვს, მაგრამ ჩემი ქვეყნის დროშას ვერ გავატანდი, ვერავინ ვერასოდეს ეღირსება საქართველოს დროშა დაეშვას, წყალმა ან სხვამ წაგვართვას. ჩემი ობიექტიდან, სადაც ტურისტები მოდიოდნენ, პირველი რისი გადარჩენაც შევეცადე, ეს ჩვენი სახელმწიფოს სიმბოლო იყო, რომელიც ჩემს ობიექტზე აღვმართე.
რუსებს აღიზიანებდათ ჩვენი ხუთჯვრიანი დროშის ხილვა და ამაზე პრეტენზიის გამოხატვასაც არ ერიდებოდნენ, თუმცა არც დავრჩენილვართ ვალში და მატერიალური სარგებლის ხიბლით მათთვის სასათბურე პირობები არ შემიქმნია.
ვინც, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და ერთიანობას პატივს არ სცემს, ის ჩემს ობიექტზე ვერ მოხვდებოდა...
რაც შეეხება სტიქიას, მეც და ჩემმა მეგობრებმაც დიდი მატერიალური ზიანი მივიღეთ, ის, რაც წყალს გადაურჩა, გადასარჩენი იყო, მაგრამ ამაზე დროშის შემდეგ ვიზრუნეთ. მინიმალური რამ გადაურჩა წყალდიდობას... ორი ტბა გვქონდა გაკეთებული, თითოეული 5 000 ლარი დაგვიჯდა.
ჩვენს მხარეში ახალგაზრდებს არანაირი შემოსავალი არ აქვთ, თუ ტურიზმზე არ მუშაობენ, ან წყალში ვართ, ან რესტორნებში მომსახურე პერსონალად, ესეც სეზონურად, სეზონიდან სეზონამდე თავი რომ გაიტანონ... ამ სტიქიამ ამ ზაფხულს ეს შესაძლებლობაც მოგვისპო. ის თან წაიღო მდინარემ, რა ინვესტიციაც გვქონდა ჩადებული...
რაც შეეხება ამჟამად არსებულ სტიქიურ ზონას, ფასანაურიდან გუდაურამდე ხეობებს, სოფლებს მთავარ მაგისტრალთან დამაკავშირებელი ხიდები თითქმის აღარ აქვთ და გარე სამყაროს სრულად მოწყვეტილები არიან.
სტიქიამ სამხედრო გზაც დააზიანა, ადიდებულმა მდინარემ, ტრასას მიწა გამოაცალა და ფასანაურის მიმდებარედ ორ ადგილას საავტომობილო გზის ნაწილი ჩავარდა... მოსახლეობა შველას ითხოვს...
ფასანაურში, სადაც კორპუსებია, ბუნებრივი აირის ერთ დროს დამიწებული მილები ახლა ჰაერშია, არაგვმა ამასაც მიწა გამოურეცხა... უმძიმესი ვითარებაა." - ამბობს ნიკა ქავთარაძე.
P.S. ეს პატრიოტი ახალგაზრდა 27 წლისაა, დიდი იმედი და გეგმები ჰქონდა, ახლა ფიქრობს, ღირს კი ისეთ მკაცრ პირობებში ბიზნესიდეების განხორციელება, როგორიც მთიულეთშია?! ჯერჯერობით ფიქრობს... ინტერვიუს დასასრულს კი ხუმრობანარევი სიმართლე ვუთხარი - 301-ე ჭეშმარიტი არაგველი ხარ-მეთქი...