Exclusive: „რა სალაპარაკოა ჩვენი ბიზნესი, როცა ხალხი უსახლკაროდ დარჩა, ყველა მათ დავეხმაროთ, გთხოვთ..." - ახალგაზრდა ბიზნესმენები სტიქიის ზონიდან

bichebi

"მთელი კომპლექსიდან ეს ორი ყუთი ჭურჭელი გამოვიტანეთ"  - ასე დაიწყო ამ ფოტო - ისტორიის შესახებ თხრობა "პრაიმტაიმთან" ახალგაზრდა ბიზნესმენმა, ზურა ქავთარაძემ, რომელიც სტიქიის ზონაში, ფასანაურთან საჯომარდო კომპლექსს ფლობდა. 

ფლობდა, სანამ ადიდებული არაგვი სხვების მსგავსად მის ობიექტსაც წაიღებდა... კითხვას - რა ოდენობის ზარალი მოგადგათ?! ასე პასუხობს:

"რა სალაპარაკოა ჩემს ბიზნესზე მოყენებული ზარალი, როცა სოფელ მლეთაში ადამიანებს სახლები დაუზიანდათ და საცხოვრებელი პირობები აღარ აქვთ... 

 - რას აპირებთ?

- მართალია, წყალდიდობამ ჩემი ობიექტი მნიშვნელოვნად დააზიანა, მაგიდები და სკამებიც კი წყალმა წაიღო, იმედი მაქვს, რომ მე და ჩემი მეგობრები ერთობლივი ძალებით კომპლექსს ისევ აღვადგენთ. ჩვენთან სტუმრობა ყველას ძალიან მოსწონდა, ოჯახები ბავშვებთან ერთად ამოდიოდნენ და ისვენებდნენ. ჩვენს გაშენებულ ტბაში იხვებიც კი გვყავდა, ულამაზესი ადგილია, უზარმაზარი ხეები, სიმწვანე, მდინარე და რაფტინგის პირობები...

უახლოეს დღეებში ტექნიკას მოვიყვანთ და გავაწმენდინებთ, ისევ აღვადგენ და ისევ ყველაფერი კარგად იქნება. ყველასთან კი ერთი თხოვნა მექნება - ვისაც გაქვთ შესაძლებლობა, ყველა იმ ოჯახებს დავეხმაროთ, ვინც სტიქიის გამო უსახლკაროდ დარჩა..." - ამბობს ზურა ქავთარაძე. 

P.S. ის ყველას მოუწოდებს, დაეხმარონ იმ ოჯახებს, ვინც სტიქიის გამო უსახლკაროდ დარჩა... თავისთვის არაფერს ითხოვს, თავადაც მათი დახმარებისთვის მზადაა...