დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულ თავდამსხმელ რევაზ ჩელებაძეს, 67 წელი შეუსრულდა. ყოფილი ფეხბურთელი 1955 წლის 2 ოქტომბერს, ქობულეთში დაიბადა.
ბავშვობაში კალათბურთის მოყვარული იყო, შემდეგ ფეხბურთის გუნდში გამოცდილ მწვრთვნელ ვალერიან ჩხარტიშვილთან გადავიდა.
1972-73 წლებში თამაშობდა ქობულეთის „შუქურაში“, 1974-75 წლებში ბათუმის „დინამოში“, 1976-81 წლებში თბილისის „დინამოში“, 1982 წელს ლანჩხუთის „გურიაში“ 1983 1984 წლებში ისევ ბათუმის „დინამოში“, 1985-87 წლებში თბილისის „დინამოს“დაუბრუნდა.
სსრ კავშირის ჩემპიონი, ვიცე-ჩემპიონი, 2 -ჯერ ბრინჯაოს მედლის მფლობელი, 2 -გზის სსრ კავშირის თასის მფლობელი, ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი, მოსკოვის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. 1973 წელს„იმედის თასის“ გამარჯვებული.
1977 წელს დაასახელეს, სსრ კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელებს შორის. თბილისის „დინამოში“ევროპის საკლუბო ტურნირებში ჩაატარა 14 მატჩი და გაიტანა 3 გოლი, ხოლო სსრ კავშირის ნაკრებში - 7 თამაში 3 გოლი.
აღსანიშნავია, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი - 1983 წელს ბათუმის „დინამო“ სსრ კავშირის პირველ ლიგაში გადავიდა და ჩემპიონატში 70 გოლი გაიტანა. ამ გოლებიდან, ჩელებაძემ 21 შეაგდო, ხოლო 39 საგოლე გადაცემა გააკეთა, მომდევნო წელს 1984 წელს კი, უკვე პირველ ლიგაში, ბათუმელთა 58 გოლიდან, ჩელემ, 28 შეაგდო და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.
2011 წლის 17 მაისს რევაზ ჩელებაძეს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა, ხოლო 2012 წლის 25 სექტემბერს ქობულეთის სტადიონს ოფიციალურად მისი სახელი დაერქვა. მისი შვილი გიორგიც ფეხბურთელია. ამჟამად კი ბატონი რეზო ქობულეთის „შუქურას“ პრეზიდენტია.
2022 წლის 13 ივლისს, პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, აჭარაბეთ არენაზე რევაზ ჩელებაძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა, რითაც სტადიონზე, ერთგვარ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი.
„პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში, ლეგენდარული ფეხბურთელი აცხადებს, რომ ბედნიერი ადამიანია, რადგან საზოგადოების მხრიდან სიყვარულს, დღემდე გრძნობს:
დაბადების დღეზე, ჩემი მეგობრები ჩამოვიდნენ, ეს ყველაზე დიდი სიამოვნებაა, შვილების და ოჯახის ჩემ მიმართ სიყვარული, ჩემთვის ყოველთვის პირველ ადგილზეა.
მახსოვს, რომ 2000 წელს „კვირის პალიტრამ“ გამოკითხვა ჩაატარა - „საუკუნის საყვარელი ფეხბურთელი“და ყველაზე მეტი ხმა დავაგროვე. 1000 კაციდან, 800 -ზე მეტი ხმა მქონდა. ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო. სამწუხაროდ, ეს გაზეთი დავკარგე, რაზედაც ძალიან გული მწყდება.
70 წლის იუბილეზე, აუცილებლად გრანდიოზულ დაბადების დღეს გადავიხდი. თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობამ და ქობულეთის ხელმძღვანელობამ, გადაწყვიტა, დაანგრიოს ძველი სტადიონი და ახლის აშენება იგეგმება. მომავალი წლიდან ბიუჯეტში ჩაჯდება.
სტადიონი, ისევ ჩემი სახელობის იქნება, ისეთი როგორც ბათუმის, მაგრამ მესამედი ფართობის. ქობულეთში, ასევე კეთდება ჩემი სახელობის საფეხბურთო აკადემია. დიდ პატივში ვარ, განსაკუთრებით აჭარის ხელმძღვანელებისგან. ამ ეტაპზე მე ვიქნები ხელმძღვანელი და შემდგომში, ჩემი შვილი გააგრძელებს.
- სად თამაშობს ამ ეტაპზე თქვენი ვაჟი?
დუშეთის გუნდში თამაშობს. მესამე ადგილზე არიან, პირველ ლიგაში უნდათ გადასვლა. ქობულეთის „შუქურასთან“ ერთად, დუშეთის გუნდის გულშემატკივარიც ვარ.
თბილისში ცხოვრობს, თბილისელი გოგო შეუყვარდა და რამდენიმე ხნის წინ დაქორწინდა, უკვე 3 თვის შვილიშვილიც მყავს - მარიამი.
ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ საზოგადოების სიყვარულს დღემდე ვგრძნობ. ფეხბურთის თამაშის გარდა, ბევრი სიკეთე მაქვს გაკეთებული. ჩემზე დიდი ფეხბურთელებიც თამაშობდნენ თბილისის „დინამოში“, დღემდე შემიძლია გაჭირვებულ ადამიანს, გვერდით დავუდგე. მაქსიმალურად ვცდილობ, ვინმეს გული არ ვატკინო.
„იმფერი“ ვარსკვლავი მაქვს გახსნილი, აგერ ვდგავარ და ვიღაცას მანქანა ჰყავს ზედ გაჩერებული (იცინის).
- პირველი ქართველი ფეხბურთელი ბრძანდებით, ვისაც ვარსკვლავი გაუხსნეს...
ასე გამოდის, ძალიან ვნერვიულობდი ვარსკვლავის გახსნაზე და საუბარიც გამიჭირდა. რამდენიმე ხნით ადრე ვიცოდი, ამ ამბის შესახებ. მითხრეს, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, ვარსკვლავის ხეივნის გახსნის და პირველი ჩემი უნდა გახსნილიყო, რადგან პირველ რიგში, ამ კუთხის მკვიდრი ვარ, ამავე დროს, ერთადერთი ოლიმპიური პრიზიორი ვარ აჭარაში ფეხბურთელი.
გარდა ამისა, მე- 20 -ე საუკუნეში, ჩემ გარდა, აჭარას არ ჰყოლია ოლიმპიური პრიზიორი, ევროპის თასის მფლობელი, ბათუმის დინამოს წარმატებაში, როდესაც მეორე ლიგიდან, პირველ ლიგაში გადავიდნენ - ლომის წვლილი მაქვს შეტანილი.
XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად მაღიარეს. აქედან გამომდინარე, აჭარის ხელმძღვანელობამ, აჭარა ბეთთან (Adjarabet) ერთად მიიღეს გადაწყვეტილება, ვარსკვლავის ხეივნის გახსნის შესახებ. მომავალში ნელ-ნელა შეივსება ლეგენდარული ფეხბურთელებით.
- ცერემონიას, თბილისის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელებიც ესწრებოდნენ?
ყველა ვერ მოვიდა, მაგრამ ჩემ გვერდზე იყვნენ ვლადიმერ გუცაევი, ალექსანდრე ჩივაძე, ნუკრი კაკილაშვილი, თენგიზ სულაქველიძე, დავით მუჯირი, ლევან ნოდია.
- შემდეგი მფლობელი ვინ იქნება?
არ ვიცი, ამ გადაწყვეტილებას აჭარაბეთი და აჭარის მთავრობა მიიღებს, ბევრი ღირსეული ფეხბურთელია, ვნახოთ ვის აირჩევენ. თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, ჩემთვის ყველა ერთია და ყველას ვენაცვალე, ვინც შემდეგი იქნება.
- რას ურჩევდით ქართველ ფეხბურთელებს?
ყველაფერი უნდა გააკეთონ, ფეხბურთისთვის გული, სული უნდა ჩადონ, რომ თავიანთ გუნდს და ქვეყანას გამოადგნენ, უნდა გაახაროს გულშემატკივარი კარგად თამაშით.
თავდაუზოგავი შრომა, დღეს შეუძლია არა მარტო პირადი ცხოვრება და კარიერა დაალაგოს, ქვეყნის და ერის შვილები გახდნენ, არამედ ახლობლებსაც გვერდში დაუდგნენ. იმდენად წარმატებულია დღეს დიდი ფეხბურთელის ცხოვრება.
გადახედონ პატარა ბიჭს, რა ბედნიერება და სიხარული მოაქვს ქვეყნისთვის ხვიჩა კვარაცხელიას. რომ წარმატებას მიაღწიონ, არ უნდა მოდუნდნენ, ის ყველასთვის მისაბაძი მაგალითია, ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ .წარმატებული ფეხბურთელი გახდეს.
კვარაცხელია გენიოსია, გადასარევი ბიჭია, პირველი ამხანაგური თამაში ითამაშა და საგოლე ორი გოლი შეაგდო, ბრწყინვალე მოთამაშეა.
ხვიჩას შეუძლია, ძალიან დიდ მწვერვალს და წარმატებას მიაღწიოს, ასევე უნდა იფიქროს ყველა ახალგაზრდამ, ხვიჩა არის ცოცხალი მაგალითი, მიხედონ და მიჰბაძონ, წაიკითხონ მისი ისტორია. ვარსკვლავური გარეგნობის ბიჭი, სულ ბაზაზე ცხოვრობდა, გარეთ არ გადიოდა, რომ დრო არ დაეკარგა, სულ ვარჯიშობდა.
კლუბი ვალდებულია, იქირაოს ბინა გუნდის წევრისთვის, მაგრამ ხვიჩა, ბაზიდან არ გადიოდა. ყოველთვის მოასწრებ გართობას, ამიტომ თავი უნდა გადადო, რომ კარიერა შეიქმნა. რა ნახტომებით მიდის, გაოგნებული ვარ.
- როგორც ვიცი, შეყვარებული ჰყავს...
ვენაცვალე სულში, თუ ჰყავს. ბევრ ადამიანს ჰყავს საცოლე, მაგრამ მაინც გვერდზე იხედება. ხვიჩა წესიერი ადამიანია, ღმერთმა გაუმარჯოს. ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ხვიჩას ვიცნობ. ანტალიაში ვიყავით ერთად. მის მწვრთნელთან (ყაზანის '„რუბინის'' მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი), სლუცკისთან, დიდი მეგობრობა მაკავშირებს. მადლობა გადავუხადე, ხვიჩას გამო, მთელი საქართველოს საყვარელი კაცი გახდი-მეთქი, ფაქტობრივად, მისი დამსახურებაა, ხვიჩას ასეთი წარმატება.
აღფრთოვანებული იყო მისი ნიჭით. მე ვთვლი, რომ ამ ადამიანს, „ლომის წილი“ მიუძღვის ხვიჩას წარმატებაში. ხვიჩასთვის უთქვამს, ჩელებაძეა მოსული შენ თამაშზეო. მატჩი რომ დამთავრდა, გაბრწყინებული თვალებით გამოიქცა და ჩამეხუტა, უთბილესი ადამიანია, ძალიან საყვარელი. ღმერთმა გადმოხედოს და კიდევ უფრო წარმატებული გახდეს. მისი გამართლებით, ჩვენ დიდ ფეხბურთსაც გაუმართლებს.
- ხვიჩამ, თითქმის მთელ მსოფლიოს გააცნო საქართველო...
ემიგრანტები აღნიშნავენ, რომ იგებენ ქართველები ვართ, ბედნიერები ვართ, ისე გვექცევიანო. გიჟდებიან ჩვენზეო. ეს ყველაფერი, ხვიჩას დამსახურებაა. თავიდან ამოაბრუნა ყველაფერი, სტალინის მერე, ხვიჩამ გააცნო საქართველო მსოფლიოს (იცინის).
- ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს ქართველებს...
გეთანხმებით, მაგრამ ამ სიტუაციაში ჩემპიონატზე სათამაშო დონე არ გვყოფნის. ფეხბურთის ფედერაციამ, ლეგიონერის 8 კაცის უფლება დართო. ლეგიონერი რომ მოიყვანო, „ჯიბეში“ ფული უნდა გქონდეს.
ამ სერიოზული ფეხბურთელების გვერდზე, აუცილებლად გაიზრდება ახალი თაობა. უნდა განვითარდეს საფეხბურთო სკოლები, უნდა აიწიოს მწვრთნელების კვალიფიკაცია, ამ ყველაფერს დიდი ფინანსები სჭირდება. გიჟები კი არ არიან, ფეხბურთელებში მილიონებს რომ იხდიან.
- ფეხბურთს უჭირს ფინანსურად...
რა თქმა უნდა. არიან ფეხბურთელები, რომლებსაც წლიური შემოსავალი 30-40 მილიონი აქვს.. ამხელა შემოსავალი, საქართველოში არ აქვს ფეხბურთს.
ევროპაში, ტოპ ფეხბურთელს რა შემოსავალიც აქვს, საქართველოში, წლის განმავლობაში არ იხარჯება ფეხბურთზე. იქ კი, ერთ კაცს აქვს - წარმოიდგინეთ, რა დონეზეა ევროპაში ფეხბურთი.
ბევრს წვალობენ ჩვენი ბიჭები, ერთადერთი გუნდი, რომელიც წარმატებულია, ეს არის ბათუმის დინამო. ჩემპიონატს რომ თამაშობს, ცოდოა, ვერ ამაღლდება მისი კლასი, ამისათვის ჩემპიონატს სჭირდება ჯერ თანხები და შემდეგ ლეგიონერები და დიდი ფეხბურთელები, სადაც საერთო კლასი აიწევს.
- რა არის გამოსავალი?
ფინანსური მხარდაჭერის გარდა, არაფერი უშველის ქართულ ფეხბურთს. ყველა გულით და სულით მონდომებულია, მაგრამ რადგან ფინანსურად უჭირს ფეხბურთს, ყველას ევროპაში გაქცევა უნდა.
რა ქნან, ჩვენ რომ 100 დოლარს გადავუხდით და ევროპაში 10 000-20 000 სთავაზობენ, წავა აბა რას იზამს. ერთხელ არის ამ ცხოვრებაში დაბადებული და იმ 10 წელში, უნდა მოასწროს ფეხბურთის თამაში.
- თქვენზე ამბობდნენ - „ვინ არის პელე, როცა გვყავს ჩელე“...
პელე ჩემზე კარგი ფეხბურთელი იყო და ჩემზე მეტი ფული ჰქონდა, თორემ დანარჩენი ყველაფერში ვჯობივარ.
ჩემზე დიდი ფეხბურთელი და ჩემზე მდიდარი (იცინის). სასწაული ფეხბურთელი იყო, მე პელესნაირი ფეხბურთელი არ მინახავს. ხუმრობითაც რომ გადარებენ, ეგეც კარგია.