გვაქვს მოცემულობა, რომ სამწუხაროდ გარკვეული ჯგუფები სარგებლობენ იმით, რომ 14 წლამდე ასაკის პირებს არ ეკისრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ფაქტობრივად ხდება მათი გამოყენება დანაშაულებრივ საქმიანობაში - თორნიკე ჭეიშვილი​

თორნიკე ჭეიშვილი

ხვალიდან კომიტეტებზე გადის მმართველი გუნდის ინიციატივა, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებს ეხება და მათ რეაბილიტაციასა და მხარდაჭერას ითვალისწინებს.

საკითხზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე იმსჯელებენ. კოლეგებს ცვლილებებს კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი გააცნობს.

19 გვერდიანი დოკუმენტის მიხედვით, რომელიც გერმანული მოდელის ანალოგია, საქართველოში არასრულწლოვანთა მხარდაჭერის სახლები აშენდება, სადაც ის პირები გადამისამართდებიან, რომლებმაც კანონსაწინააღმდეგო ქმედება 10-დან 14 წლამდე ასაკში ჩაიდინეს. დაკომპლექტდება მულტიდისციპლინარული ჯგუფიც. ინიციატივის ავტორების განცხადებით, კანონპროექტის მიზანი არასრულწლოვანთა მხარდაჭერა, მათზე ზრუნვა, რეაბილიტაცია და რესოცალიზაციაა.

"გვაქვს მოცემულობა, რომლის მიხედვითაც სამწუხაროდ გარკვეული ჯგუფები სარგებლობენ იმით, რომ 14 წლამდე ასაკის პირებს არ ეკისრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ფაქტობრივად ხდება მათი ჩართვა, გამოყენება დანაშაულებრივ საქმიანობაში. ბუნებრივია, ეს საჭიროებს რეაგირებას, უპირველესად იმ კუთხით, რასაც ჰქვია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანების თვალსაზრისით მათ ინტერესების დაცვასა და სათანადო სერვისების მიწოდებაზე. წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა კომპლექსურად ახდენს ამ საკითხის მოწესრიგებას, თუ კი მაინც დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც არასრულწლოვანი სჩადის გარკვეულ იმგვარ ქმედებას, რომელიც არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების მატარებელი, მასზე იწყება ზრუნვა სახელმწიფოს მხრიდან, რაც არის გამოხატული მულტიდისციპლინური გუნდის ჩართულობით, შესაბამისი სერვისების, პროგრამების შეთავაზებაში", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი.