Exclusive: გმირობის ახალი ისტორია ქუთაისში - სიკვდილს გადარჩენილი ბიჭი რეანიმაციაში მოინათლა

Oniani

რამდენიმე დღის წინ, ქუთაისში ახალი გმირობის ისტორია დაიწერა - ამჯერად, გმირი სამხედრო პირი, ირაკლი ონიანია, რომელიც ქუთაისში სატანკო ბატალიონის მეთაურია. 

ონიანმა 15 წლის ბიჭის სიცოცხლე იხსნა, როცა მდინარე წყალწითელაზე მყოფმა ადამიანებმა იფიქრეს, რომ საბა ღუღუნიშვილის სიცოცხლე შეწყდა, კაპიტანი ონიანი მსხნელად სწორედ მაშინ მოევლინა. წყლიდან გათიშული ბავშვი ამოიყვანა და სიკვდილს არ დაანება. გადაარჩინა და პატარა ბიჭი კლინიკის რეანიმაციაში მონათლა. 

უკვე ნათლია-ნათლულის ისტორიაზე „პრაიმტაიმი“ 28 წლის კაპიტან ონიანს ესაუბრა.

„11 ივნისს, ძმასთან და ჩვენს ორ მეგობართან ერთად წყალწითელაზე ვიყავი, ჩვენთან ბავშვმა მოირბინა და დახმარება გვთხოვა, მეგობარი იხრჩობაო. 

მაშინვე მდინარისკენ გავიქეცით, ბავშვი უკვე ჩაძირული იყო, მისმა პატარა მეგობრებმა მდინარეში სავარაუდო ადგილი გვაჩვენეს, სადაც საბა ჩაიძირა. ოთხივემ ჯაჭვი შევკარით, დინებას რომ არ წაეღო და ჩაძირული მოზარდი მოვძებნეთ.

დაახლოებით 5 წუთის ჩაძირული იყო, უგონო მდგომარეობაში ვიპოვეთ, ყველას გარდაცვლილი ეგონა. 

რა თქმა უნდა, პატარა ბიჭს სიკვდილს არ დავანებებდით და სასწრაფოს ეკიპაჟის მოსვლამდე საბას გადარჩენა გულის მასაჟებითა და ხელოვნური სუნთქვით შევძელით. 

ექიმის თქმით, საბა არა მხოლოდ დახრჩობას, არამედ ტვინის დაზიანებასაც პროფესიონალური მასაჟითა და ხელოვნური სუნთქვით გადაურჩა. 

მოზარდი კლინიკაში გადაიყვანეს. აღმოჩნდა, რომ საბა მონათლული არ ყოფილა, მადლიერმა მშობლებმა ეს დიდი მისია შვილის გადამრჩენელს დააკისრეს და რეანიმაციაში კაპიტანი ონიანი საბას ნათლია გახდა. მოზარდი კლინიკიდან გუშინ გამოწერეს...

„გუშინ, საბამ კლინიკა დატოვა. თავს კარგად გრძნობს. ძალიან თბილი იყო მისი მშობლების დამოკიდებულება ჩემ მიმართ. ბავშვის ნათლია საავადმყოფოში გავხდი. ყველაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად ჩემთან ერთად მყოფებმა და მადლობა უფალს, რომ ახლა, საბა ცოცხალია“.  - ამბობს ირაკლი ონიანი.

კითხვას, უკავშირდებოდა თუ არა შინდისის გმირის, ალექსანდრე ონიანის ისტორია მის გადაწყვეტილებას, გამხდარიყო სამხედრო პირი, ირაკლი ონიანი ასე ჰპასუხობს:

„ბავშვობიდან ძალიან მინდოდა, სამხედრო გამოვსულიყავი. 15 წლიდან კადეტთა კორპუსში ვსწავლობდი. შინდისის გმირი ონიანი ჩემი ნათესავი იყო.

ამ გადაწყვეტილებაზე ომმა, ნათლია-ნათლულის ისტორიამ და სხვა უამრავმა გმირულმა ბრძოლამ დიდი გავლენა იქონია. ახლა ქუთაისში სატანკო ბატალიონის მეთაური ვარ..." - ამბობს ირაკლი ონიანი.