წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
55 წლის ქართველი მომღერალი და მსახიობი მამუკა ონაშვილი, რამდენიმე დღის წინ, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ავარია, 30 ივლისს ნატახტართან მოხდა, რის შემდეგაც, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ორი დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
მამუკა ონაშვილის გამოსვენება, ხუთშაბათს, 14:00 საათზე, სიონის საკათედრო ტაძრიდან მოხდება. მომღერალს, მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
მეგობრები და ახლობლები, ემშვიდობებიან ყველასათვის საყვარელ მომღერალს და მის შესახებ, საინტერესო ისტორიებს იხსენებენ.
მუსიკოსი და პოლიტიკოსი, მუსიკალურ ჯგუფ „ვაკის პარკის“ ხელმძღვანელი, ზაზა ხუციშვილი, „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად, მამუკას შემოქმედებაზე ესაუბრება და ერთ საიდუმლოს უმხელს:
მამუკას მოულოდნელმა გარდაცვალებამ, როგორც ყველა მის მეგობარს, კოლეგას, თითქმის მთელ საქართველოს, ძალიან დამწყვიტა გული, ყველა განადგურებული ვართ.
ყველა მისი გამოჩენა სტუდიაში, გადასაღებ მოედანზე, თუ სამეგობრო წრეში, იყო ნამდვილი ზეიმი. რაც უნდა დაძაბული სიტუაცია ყოფილიყო, ან გადაღლილები ვიყავით, ეს ადამიანი ყველას ამხიარულებდა, ყველა ხასიათზე მოჰყავდა.
რაც შეეხება, ჩვენ ერთად მუშაობას, ეს იყო პროექტი, „საუკუნის ნოსტალგია“, რომელიც 2000-2002 წლებში სტუდია „მაესტრომ“ განახორციელა, სადაც გასული საუკუნის ცნობილი „ჰიტები“ ითარგმნა ქართულად, რომელიც ქართველმა მომღერლებმა შეასრულეს.
ერთ-ერთი იყო, ჯო დასენის ცნობილი სიმღერა „A toi “, რომლის ტექსტის ავტორი მე ვარ - „ის სხვა“ რომელიც შესანიშნავად შეასრულა მამუკა ონაშვილმა.
- მსმენელს რჩება შთაბეჭდილება, რომ წარსულს მისტირის...
სწორედ, ეს არის საოცარი, რომ იმ პერიოდში, მეუღლე ჰყავდა, მაგრამ მამუკა, იმდენად კარგად ასრულებდა და გადმოსცემდა მინორულ სიმღერებს, ვფიქრობ, მასში ყოველთვის იყო სევდა.
ორ პროექტში (საუკუნის ნოსტალგია) მონაწილეობდა, მისი პირველი სიმღერა - აფრიკ სიმონის „Hafanana“ იყო - „უკარება“(ტექსტის ავტორი ეკა აკობია), რომელსაც ყოფილ მეუღლე, ირინა ჩიხლაძესთან ერთად ასრულებდა.
- როგორც ვიცი, მხოლოდ ერთი სიმღერა ჰქონდათ ერთად ჩაწერილი...
პროექტში „საუკუნის ნოსტალგია“ორ კლიპში არიან გადაღებული - პირველი იყო „უკარება“ (აფრიკ სიმონის - Hafanana) და მეორე „ის სხვა“ (ჯო დასენის - A toi), ასევე „ფოთოლცვენა“(კომპოზიტორი ნ. ერგემლიძე), სადაც ერთად მღერიან.
სხვათა შორის, მამუკასთან, კიდევ ერთი გამონაკლისი გავაკეთე, როცა ეს პროექტი დასრულდა, დამირეკა და მთხოვა, ერთ-ერთი სიმღერის ტექსტი დამეწერა.
მანამდე, ერთმა პიროვნებამ მთხოვა, მაგრამ გადატვირთული რეჟიმის გამო, უარი ვუთხარი. მამუკა ისეთი კაცი იყო, ვერ დავწყვიტე გული და დავთანხმდი.
ეს იყო ადრიანო ჩელენტანოს - „L'arcobaleno“, რომელიც ასევე შესანიშნავად შეასრულა. არასდროს მითქვამს და მამუკასაც ვთხოვე, არსად გაემხილა, რომ ჩემი ტექსტია, პირველად ვამბობ თქვენთან.
- უამრავი ცნობილი სიმღერის ტექსტის ავტორი ბრძანდებით, რაც საზოგადოებამ ნაკლებად იცის...
„საუკუნის ნოსტალგია“- სამი პროექტი განვახორციელეთ და სამივეს ტექსტი ჩემია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე სიმღერას. თითო პროექტში, მაქსიმუმ, 12 სიმღერა იყო.
პროექტი, ბევრმა აიტაცა და გააკეთა ქართულ ტექსტზე, დათო გომართელმა, ირმა სოხაძემ. იმ პრინციპს, რომ „ვაკის პარკი“ ქართულად მღეროდა, ყოველთვის ვაქცევდი მნიშვნელობას - ტექსტი, არის მუსიკის, სიმღერის განუყოფელი ნაწილი.
ინგლისურად რომ მღეროდნენ, ჩემი აზრით, ბევრს აგებდნენ, როცა უცხო ენაზე ასრულებდნენ, ძალიან რთული იყო თან იმ პერიოდში. როგორც დღეს, ამ დონეზე ნაკლებად იცოდნენ.
პირველი, დაახლოებით, 22 წლის წინ შედგა, მანამდე იყო მაესტროს პროექტი - „ჯადოსნური ღამე“, რომელიც ასევე, ძალიან საინტერესო იყო, აქაც მონაწილეობდა მამუკა. იმ პერიოდში, რაც არ უნდა გაკეთებულიყო, ყველგან იყო.
- სამწუხაროა, რომ ბოლო ხანებში, თითქოს ყველამ დაივიწყა ...
ამ საკითხზე, ხშირად გიწევს საუბარი. ძალიან ბევრი კომპლექსური მიზეზია. თითოეული მუსიკოსი, არ შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე, ერთნაირად აქტუალური იყოს.
ზოგჯერ გვივიწყებს მაყურებელი და მსმენელი, მაგრამ როცა რამე საინტერესოს ვაკეთებთ, ისევ ვჩნდებით.
- რატომ? ძალიან ბევრი მუსიკოსი და მომღერალია, რომელსაც დიდი ხანია ვუსმენთ...
გეთანხმებით, მაგრამ ავტორის შემსრულებლების ცხოვრება, ვინც თვითონ წერს, მეტწილად, უფრო საკუთარ თავზეა დამოკიდებული.
უცხოეთში არიან მომღერლები, ვინც თავად არ წერს, მაგრამ ძალიან კარგი მუსიკოსები არიან, მათ უფრო სჭირდებათ კომპოზიტორების და პროდიუსერებისგან ხელშეწყობა. ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, ეს ჩვენი საერთო პრობლემაა.
მამუკას გარდაცვალება, ძალიან დიდი დანაკლისია, არა მარტო საქართველოს, არამედ ჩვენთვის, მეგობრებისთვის. ის იყო საზოგადოების გული, მასთან ერთად ყოფნა, ნამდვილი ზეიმი იყო. მშვიდობით მეგობარო!