Exclusive: „4 წლისა დედამ ბავშვთა სახლში მიმიყვანა... ჩემთვის ცრემლებიც არ შეუმშრალებია, ისე გატრიალდა და წავიდა“ - გიორგი გოგოჭური რთულ გზასა და წარმატებაზე

გიორგი გოგოჭური

21 წლის გიორგი გოგოჭური სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა პლატფორმაზე, დიდი პოპულარობით სარგებლობს, იღებს პოზიტიურ ვიდეოებს და საკუთარი ცხოვრების შესახებ რამდენიმე მძიმე ისტორიაც გაასაჯაროვა.

გიორგის ცხოვრებაში, ყველაფერი 4 წლის ასაკიდან შეიცვალა. შეიძლება ითქვას, უცებ გაიზარდა და 21 წლამდე გამოიარა ის გზა, რომელსაც ზოგიერთი, მთელი სიცოცხლის მანძილზე ვერ გადის.

@giorgigogochuriepatajur მომილოცეთ ხალხო ვერც კი წარმოიდგენთ როგორი ბედნიერი ვარ ❤️🫶 #მიყვარხართყველა❤️🤜🤛 #უფალიგფარავდეთ❤️ ♬ another love - ✨️

„პრაიმტაიმის“ მკითხველს ამ ყველაფერს თავად უამბობს. რა თქმა უნდა, საუბარს ბავშვობიდან ვიწყებთ.

გიორგი გოგოჭური: კასპის რაიონში, სოფელ დოესიდან ვარ, ჩემი მშობლები ახლაც იქ ცხოვრობენ. როცა 4 წლის ვიყავი, უჭირდათ და, აქედან გამომდინარე, კოჯრის ბავშვთა სახლში გადამიყვანეს. და-ძმა არ მყავს, ერთადერთ შვილს ყურადღება არ მომაქციეს და ბავშვთა სახლისთვის გამწირეს. გაკვირვებული ვარ... ეს არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოხდა. მოხდა, ალბათ, ჩემდა სასიკეთოდ...

მოგვიანებით გავარკვიე, რომ ჩემს მშობლებს სულაც არ უჭირდათ. გამოვკითხე ნათესავები, მეზობლები, ჩემმა დეიდაშვილმა მითხრა, რომ, უბრალოდ, არ უნდოდი და ეს გადაწყვეტილება ამიტომ მიიღესო. ისინი დღემდე ერთად ცხოვრობენ.

მახსოვს, 4 წლის ასაკში კოჯრის ბავშვთა სახლში დედამ რომ მიმიყვანა... ვტიროდი, ჩემთვის ცრემლიანი თვალები არც კი შეუმშრალებია, ცივად იყო განწყობილი. გაბრუნდა, გატრიალდა და ტერიტორია დატოვა, მე იქ დამტოვა...

ჩემს გარდა ბევრი ბავშვი იყო, 150-ზე მეტი, 3-სართულიან სახლში ერთად ვიზრდებოდით. ნელა გარემოს მივეჩვიე, შევიყვარე ბავშვები, ძიძები, მასწავლებლები, ყველა, ვინც ყურადღებას მაქცევდა.

4-დან 8-წლამდე ამ ბავშვთა სახლში ვიცხოვრე, შემდეგ შემატყობინეს, უნდა დაიკეტოსო. სოცმუშაკმა მითხრა, ან ბიოლოგიურ ოჯახში უნდა დაგაბრუნოთ, ან მიმღებ ოჯახში უნდა გადაგიყვანოთ, მინდობით აღზრდაშიო. მე, რა თქმა უნდა, ბიოლოგიური ოჯახი არ ამირჩევია. 4 წლის განმავლობაში, არც დედა, არც მამა, არც ნათესავები მოსანახულებლად ერთხელაც არ მოსულა და ძალიან განაწყენებული ვიყავი, გული მქონდა ნატკენი. დღემდე არ ვიცი, ასე რატომ მომექცნენ. 

8 წლის ასაკში, სოცმუშაკებმა ბორჯომში, დაბა ახალდაბაში გადამიყვანეს, მიმღებ ოჯახში. დოდო მჭედლიშვილს დიდი ამაგი აქვს ჩემს აღზრდაში. პედაგოგი იყო, მეუღლე და შვილები გარდაცვლილი ჰყავდა. როგორც საკუთარ შვილს ისე მექცეოდა. შრომა შემაყვარა, სოფლის საქმეები მასწავლა... თავად პედაგოგი, სწავლა-განათლების მხრივაც დიდ ყურადღებას მაქცევდა. 8 წლის განმავლობაში, ვცხოვრობდი მასთან ერთად და მიხარია, რომ ქუჩისთვის არ გამწირა. მასთან დღესაც მაქვს კავშირი, თავიდან დეიდას ვეძახი, მაგრამ ახლა დედაა. ვაპირებ, უახლოეს პერიოდში ჩასვლას და მის მონახულებას. ის ჩემი ოჯახის მთავარი ნაწილია.

8-დან 15 წლამდე მასთან ვცხოვრობდი, შემდგომ ხელშეკრულების ვადა გავიდა. სოცმუშაკებმა გორის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში გადამიყვანეს, რომელიც 10 ბავშვზე იყო განკუთვნილი, ოჯახური გარემო დამხვდა. მიმიღეს როგორც საკუთარი შვილი, ბავშვებთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა, ვმეგობრდობდით. ზოგადად, მე კონფლიქტური არ ვარ, ხელის კვრა არ მიყვარს...

აქ 18 წლამდე ვცხოვრობდი.

- ამ დრომდე, მშობლები არც ერთხელ გამოჩენილან?

- სახელმწიფო პროექტიდან ამომრიცხეს, რადგან დამოუკიდებლად უნდა დამეწყო ცხოვრება. მშობლები სწორედ მაშინ გამოჩნდნენ. რომ მოვიდნენ ბავშვთა სახლში, რა პირით მოხვედით-მეთქი, ვკითხე და ისტერიკა დამემართა. სოცმუშაკი ჩემთან ერთად იყო, ძალიან ცუდად გავხდი. დედამ მითხრა, მოდი, შვილო, ჩამეხუტეო. ვერ მივედი. რატომ უნდა ჩავხუტებოდი? ვერ მივედი და არც ჩემს თავს არ ვაკადრე...

მამაჩემმაც ტკბილეული მომიტანა, ტკბილი სიტყვებით მომთაფლეს, ჩვენთან გვინდა დაგაბრუნოთო. მე უარი ვუთხარი. მაგ დღეს ტერიტორია დაატოვებინეს, რადგან სასწრაფო გამოიძახეს, წამლები დამჭირდა.

ხელშეკრულებას რომ მომაწერინეს ხელი და ბავშვთა სახლს ვტოვებდი, სოცმუშაკი დამიჯდა და ასეთი რამ მითხრა: 1 კვირით, საცდელი ვადით წადი, იქნებ თბილად შეგხვდნენ და კარგად მოგექცნენო. არ გაინტერესებს, რას იზამენო? ქუჩაში დარჩენას, შენს მშობლებთან დაბრუნდიო. თუ ცუდად მოგექცნენ, არ მიგიღეს ისე, როგორც საკუთარი ბიოლოგიური შვილი, დაგვიკავშირდი და ჩვენ გვერდით დაგიდგებითო.

სოცმუშაკის მითითებებს მივყევი და სახლში დავბრუნდი. ვინანე, 1 კვირის მანძილზე ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ვიყავი დედაჩემის მხრიდან, მამაჩემი ყოველდღე სვამდა, საძმაკაცო მოჰყავდა. სამეზობლოში გადიოდა და მარცხვენდა: ჩემი შვილი ჭიქებს რეცხავს, ჭურჭელს, სახლს ალაგებს, ქალიშვილი შვილი მყავსო.

როცა დაღამდებოდა, გადავტრიალდებოდი და დაძინებადე ვტიროდი, რადგან მე ამას არ ვიმსახურებდი. გარეთ გასვლა მინდოდა, ამდენი წლის შემდეგ ოჯახში დავბრუნდი, ნაცნობების ნახვა მინდოდა, მაგრამ დედა არ მიშვებდა. მეუბნებოდა, თუ გარეთ გახვალ, ყელს გამოვიჭრიო. მას დედამისიც ასე ზრდიდა, მეზობლებმა მითხრეს, გარეთ არ ახედებდაო. გადავწყვიტე, რომ სოცმუშაკს დავკავშირებოდი, პოლიციის გამოძახებაც დამჭირდა, რადგან ჩემს ოთახში შემოვიდა, თავში და მუხლებში ხელებს ირტყამდა, მიყვიროდა, ღრიალებდა. იცით რა მითხრა? რატომ წამოგათრიე ბავშვთა სახლიდან, იქ ვერ ეგდეო? ეს იყო დედაჩემის სიტყვები. ყველა დედა დედა არ არის, არც მამა.

შემდეგ მე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში გადამიყვანეს. სად აღარ ვიყავი... 3-თვიანი პროექტი იყო, ქუჩაში რომ არ დავრჩენილიყავი და იქაც ოჯახური გარემო დამხვდა. ბენეფიციარებთან და ადმინისტრაციასთან იდეალური ურთიერთობა მქონდა.

- გიორგი, ამბობ, რომ ყველგან მეგობრული, ოჯახური და თბილი გარემო დაგხვდა, თუმცა, ხშირად მოგვისმენია სხვა აღსაზრდელებისგან, რომ თავშესაფრებში მკაცრი წესები მოქმედებს... 

- კოჯრის ბავშვთა სახლში მართლა კარგი ცხოვრება იყო, კარგად გვექცეოდნენ. თავიდან რომ მივედი, ყველა კარგად შემხვდა. ერთ ოთახში 6 ბიჭს გვეძინა. გოგოებთან შესვლა კატეგორიულად გვეკრძალებოდა. 

- ამ წლების მანძილზე, სწავლას რა დროს უთმობდი?

- ბაღი სოფელში დავამთავრე და კოჯრის ბავშვთა სახლში რომ გადავედი, სკოლაში 5 წლის ასაკში შევედი. ჩვეულებრივ ვსწავლობდი, სახლში საშინაო დავალებებს ძიძები გვაწერინებდნენ, გვეხმარებოდნენ. სწავლის მხრივ, დიდ ყურადღებას გვაქცევდნენ.

ბორჯომში რომ გადავედი, ჩემი პედაგოგი აღმზრდელი მამზადებდა და გვერდით მედგა. გორის ბავშვთა სახლში 9 კლასიდან გამოვედი და პროფესიულ სასწავლებელში შევედი. ერთი წლის განმავლობაში ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებას ვსწავლობდი, თუმცა, ჩემი პროფესიით არ მიმუშავია.

- როდის გამოჩნდა ტელევიზია შენს ცხოვრებაში? ბევრმა არ იცის, რომ წამყვანი იყავი...

- ერთ დღეს, ტელევიზორს ვუყურებდი და მორბენალ სტრიქონზე ვაკანსიის შესახებ წავიკითხე. დავრეკე, მენეჯერმა გასაუბრებაზე დამიბარა. მეორე დღეს რომ მივედი, ამიყვანეს. იცოდნენ, რომ ბავშვთა სახლში ვცხოვრობდი, ძალიან კარგად მექცეოდნენ. სტაჟირება წარმატებით გავიარე.

„თრიალეთის“ ჟურნალისტები, ტელეწამყვანები გვერდით დამიდგნენ, მათი იმედი მქონდა. ვიცოდი, რომ ცუდად არავინ მომექცეოდა.

ახალი წელი მოდიოდა და თანამშრომლებმა საოცარი სიურპრიზი გამიკეთეს. მუსიკალური გადაცემები მიმყავდა და რადიო ეთერის დროს ჩემი უფროსი  შემოვიდა. ყველა შენს გამო შევიკრიბეთო. მთელი ამ ორი თვის განმავლობაში შტატში გვყავდი ჩასმული, არ გეუბნებოდით და ახალ წელს ველოდით, რომ სიურპრიზი გაგვეკეთებინაო. დირექტორმა, რომელსაც შვილივით ვუყვარდი, კონვერტით  თანხა გადმომცა წახალისების მიზნით, თანამშრომლებმა საჩუქრები გადმომცეს და დღე გამილამაზეს. საახალწლო ეთერი მაჩუქეს ტელევიზიასა და რადიოში, მარტო მე უნდა წამეყვანა.

მაშინ ხელფასი 300 ლარი მქონდა, იმდენად მაგარი გუნდი იყო, ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. მე მყოფნიდა, ეს ჯიბის ფულზე მეტი იყო. 

შემდეგ ბავშვთა სახლმა რესტორანში დამასაქმა, უფასო კვება იყო, დიდ ყურადღებას მაქცევდნენ. მაგრამ ხან ჭიქა მივარდებოდა, ხან თეფში, ზარალი თვის ბოლოს მე უნდა ამენაზღაურებინა. ეს საქმე ჩემი არ იყო, ვერ შევძელი გაგრძელება.

ამის შემდეგ, შიდა უსაფრთხოების თანამშრომლის ვაკანსიას წავაწყდი და დღემდე იქ ვმუშაობ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე. 24 საათის მანძილზე მიწევს მორიგეობდა. კვირაში 2 დღე ვისვენებ. 600 ლარი მაქვს ხელფასი და მეორე სამსახურის ძებნაში ვარ. იმედი მაქვს, ვიპოვი და მაქსიმალურად დაკავებული ვიქნები.

- გიორგი, საბოლოოდ თუ შეხვდი დედას და დაუსვი ის კითხვები, რომელიც გაწუხებდა?

- დიახ, დედაჩემი დავისვი. მამაჩემი მსმელია და მასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა. ვუთხარი, რატომ გაწირე შენი ბიოლოგიური შვილი, ამხელა ტანჯვა რატომ მიაყენე, ერთხელ არ მოსულხარ სანახავად, არ გაინტერესებდა ჩაგრავდნენ თუ არა, აჭმევდნენ თუ არა, როგორ გეძინათ, როგორ ისვენებდით, ლუკმა როგორ გადაგდიოდათ-მეთქი და ასეთი პასუხი მივიღე: მე არ ვაპირებდი შენს გაჩენას, თავიდანვე აბორტი უნდა გამეკეთებინა, რატომ არ გავაკეთე, არ ვიცი, დღეს ვნანობო... სხვა არაფერი უთქვამს.

ღმერთის მადლობელი ვარ, რომ დღეს ვარსებობ და ამ ქვეყანაში მომავლინა. ახლა ის დროა, რომ მე ბედნიერი ვიყო.

@giorgigogochuriepatajur საკუთარი მშობლები არ დამხმარებიან გაჭირვების დროს ისე როგორც თქვენ მეხმარებით და გვერდში მიდგახართ დღემდე 😭❤️🫶 #მიყვარხართყველა❤️🤜🤛 #დიდხანსსიცოცხლე #უფალიგფარავდეთ🙏❤️ ♬ Beethoven Moonlight Sonata-High Sound Quality - Amemiya

- საკუთარი ოჯახის შექმნაზე თუ ფიქრობ, გაგვიმხილე სამომავლო გეგმები;

- სიმართლე რომ გითხრათ, ბევრი მეუბნება, ცოლი რატომ არ მოგყავსო. ჩემი სახლ-კარი არ გამაჩნია, რა ცოლი.... ჩემს განვლილ ბავშვობას რომ ვუყურებ, არ მაქვს კარგი მოგონებები, დღეს უფრო ბედნიერი ვარ, მარტო ცხოვრებით. ნაქირავებ ბინაში გადმოვედი, რა თქმა უნდა, კეთილი ადამიანებიც მიდგანან გვერდით და მეხმარებიან. ცოლის მოყვანას არ ვაპირებ.

​მე ბავშვთა სახლში რომ გავიზარდე, ვერ ვიტყვი, რომ კარგი ბავშვობა მქონდა. როცა ჩემი სახლ-კარი მექნება და ფეხზე მყარად ვიდგები, კარგი შემოსავლის წყარო გამიჩნდება, მინდა, თავშესაფრიდან ბავშვი გამოვიყვანო, შვილად ავიყვანო, გვარი მივცე და გავზარდო. ჩემი გაზრდილი ბავშვი მამას დამიძახებს, ეს ჩემი ოცნებაა.