ლონდონში, ამერიკის საელჩოსთან ბომბი იპოვეს
1732286440
ეკატერინე ფავლენიშვილმა ახლახან ინდოეთიდან ჯილდო მიიღო. კონკურსში გაიმარჯვა. საზოგადოება „მითჰუნ ჩაკრაბორტის სამყაროს“ მიერ გამოცხადებული კონკურსის პირობის თანახმად, კონკურსანტებს, ინდური კინო ლეგენდის - მითჰუნ ჩაკრაბორტის შესახებ ბენგალურ ენაზე 350 სიტყვიანი ესე უნდა დაეწერათ.
კონკურსი დასავლეთ ბენგალის დედაქალაქ კოლკატაში ვარსკვლავის დაბადების დღეს მიეძღვნა.
"ვიფიქრე, „საზოგადოებას“ წერილს მივწერ და ბენგალურ კონკურსზე ინგლისურენოვანი ესეს დაშვებას ვთხოვ-მეთქი. ელექტრონულ მისამართზე დადებითი პასუხი რომ მივიღე, ესე დავწერე და მას ჩემი წიგნის სათაური - "ბენგალელი ვეფხვი" დავარქვი, რომელიც თვეების წინ მითჰუნზე დავწერე და გამოვეცი", - "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ამბობს ეკატერინე ფავლენიშვილი.
მწერალმა თვე ნახევარში ბენგალიდან მისალოცი წერილი მიიღო. ის კონკურსის გამარჯვებული გახდა. არ ელოდა, თუმცა ცხადია, გაუხარდა. მით უფრო, როცა ეს კონკურსი მისი საყვარელი არტისტის სახელთან იყო დაკავშირებული.
ეკატერინე ფავლენიშვილი: გამომიგზავნეს ამ კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალის ვიდეო - გაიჭრა ტორტი, იყო ფეიერვერკი. მისი ღონისძიებების უპირველესი ნაწილი კი უპოვრების, ბავშვთა სახლების, ხეიბრების დაპურებაა. უნდა იცოდეთ, როგორ ელოდებიან ეს ადამიანები ჩაკრაბორტის ჯგუფების დახმარებას. მისი საქველმოქმედო ფონდებიდან ადამიანებს უდიდეს დახმარებას უწევენ, თირკმელებს უნერგავენ, სახლებს ყიდულობენ... მითჰუნი უდიდესი ქველმოქმედია.
"ბენგალელი ვეფხვი" არის ესე გამორჩეულ ადამიანზე, რომელიც 50 წელი წუთისოფლის ტატამზე იდგა, იმარჯვებდა და გამარჯვების ნიშნად ხელს მოწინააღმდეგეს აწევინებდა მაღლა. მან ბრძოლა ისე მოიგო, რომ დამარცხებული არავინ დაუტოვებია. ნამდვილად ასე ვფიქრობ. ინდოეთში თვლიდნენ, რომ ინდური კინოინდუსტრია 1985 წლიდან 1990 წლამდე ჩაკრაბორტიზე იდგა.
გამარჯვებას არ ველოდი, თუმცა ძალიან გამიხარდა. და ახლახან მივიღე სერტიფიკატი, ლოგო, წერილი და კალენდარი მისი ფოტოთი. კონვერტზე დაკრული საფოსტო მარკაც კი მითჰუნის გამოსახულებითაა...
***
"ბენგალელი ვეფხვი" ეკას მეორე წიგნია. მისი პირველი ნაშრომი "საწუთროს მარგალიტები" წლის საუკეთესო პროზაული კრებულის ნომინაციაში ფინალისტთა სამეულში მოხვდა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაიბეჭდა.
რაც შეეხება ინდური კინოს ვარსკვლავზე დაწერილ წიგნს, მისი ინსპირაცია მწერლის ბავშვობიდან იღებს სათავეს, იმ დროიდან, საქართველოში ინდური კინოს ბუმი, ჩვენი ქვეყნის პერიფერიებში, ზოგჯერ, კომიკურ სიტუაციებსაც რომ ქმნიდა. მწერალი, გარდა იმ ემოციური ხაზის ჩვენებისა, თუ როგორ მივიდა ამ წიგნის დაწერამდე, არტისტის მიღწევებსა და მისი ნიჭის მრავალმხრივობაზეც მოგვითხრობს.
ბავშვობის კერპი პანდემიის დროს სატელევიზიო ეთერში გასულმა "დისკოს მოცეკვავემ" შეახსენა. მასზე ინფორმაციების ძიებას შეუდგა და ჩაკრაბორტის პიროვნებით ხელახლა აღფრთოვანდა. მსოფლიოში ცნობილი მეგავარსკვლავის ქველმოქმედების მასშტაბებმა და სოციალური მიმართულებით მოღვაწეობამ, მწერალს საზოგადოების წინაშე მისი პიროვნების კიდევ ერთხელ წარმოჩენის სურვილი გაუჩინა. წიგნზე დაფიქრდა, თუმცა, გადამწყვეტი ბიძგი მაინც ინდოლოგმა - დავით ბეჟიტაშვილმა მისცა.
ეკატერინე ფავლენიშვილი: ინდური ფილმები, ისევე როგორც ყველგან, ჩვენთან - დედოფლისწყაროშიც პოპულარული იყო. ერთადერთი მთავარი გასართობი ეს იყო. ვერ გეტყვით, რომ ინდური კინოს მოყვარული ვარ. ინდური ფილმები მხოლოდ მითჰუნ ჩაკრაბორტის მონაწილეობით მაქვს ნანახი. იმთავითვე მისით ვიყავი დაინტერესებული, მისი არტისტული, მუსიკალური და ქორეოგრაფიული მონაცემებით. მსახიობი გარეგნობითაც მომწონდა. მოგვიანებით კი შემიყვარდა, როგორც მამაკაცი, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს ეს. ახლა ვხვდები, რომ ეს იყო 17 წლის გოგონას ნამდვილი სიყვარული.
1987 წელს ჩვენ თურმე ერთდროულად ვიყავით მოსკოვში, ის - საერთაშორისო კინოფესტივალზე, მე და დედა კი - პირად საქმეზე. იგი სასტუმრო "როსიაში" ცხოვრობდა. კინოფესტივალის გამო ბევრი ხალხი სტუმრობდა მოსკოვს. ერთხელაც მე და დედა წითელ მოედანზე ვსეირნობდით. უამრავი ხალხი ირეოდა. ტაქსიში ჩავსხედით და მძღოლი გვეუბნება, - თქვენც როგორ გაგიმართლათ, აქ რომ ხართ, მეც ახლა ვნახე მითჰუნ ჩაკრაბორტიო. გავგიჟდი! თურმე ის აუარებელი ხალხი, მის შესახვედრად საგანგებოდ მოსული გულშემატკივრები ყოფილან. დავიწყე მისი სამუშაო გრაფიკის ძიება, მაგრამ მალევე პრესიდან გავიგე, რომ მოსკოვიდან ტანზანიაში გაფრენილა. 37 წელი გავიდა იმ მომენტიდან და დღემდე ვფიქრობ, რა იქნებოდა, რომ მაშინ მითჰუნს მეც შევხვედროდი. გული მეტკინა, რომ სულ ცოტა ხნით ავცდი.
კიდევ უფრო შორეულ წარსულში, 1954 წელს საქართველოში იმოგზაურეს რაჯ კაპურმა და მისმა პარტნიორმა ნარგისმა. მამაჩემიც სხვებთან ერთად (მაშინ 24 წლის იყო) თურმე უკან დაჰყვებოდა ინდოელ ვარსკვლავებს. სახლში მამას გადაღებული რაჯ კაპურის ფოტოები გვქონდა.
პანდემიის დროს ერთ-ერთ მოთხრობაზე ვმუშაობდი, როცა სატელევიზიო ეთერით ქართულად ნათარგმნი "დისკოს მოცეკვავე" დაიწყო. ეს ფილმი, ბოლო 30 წლის განმავლობაში, აღარ მქონდა ნანახი. ვიფიქრე, თან ვიმუშავებ, თან ცალ თვალს გავაპარებ-მეთქი. მაგრამ, როგორც კი ტიტრები და მუსიკა დაიწყო, მივხვდი, რომ თვალის გაპარება არ გამოვიდოდა, ფილმი მომნატრებოდა და უსათუოდ უნდა მენახა. ლეპტოპი დავხურე და ხმის ემოციურ მეხსიერებას მივყევი...
ფილმის ნახვის შემდეგ მომინდა, თვალი გადამევლო ჩემი ბავშვობის კერპის ცხოვრებისათვის, დამაინტერესა, რა აკეთა, როგორ იცხოვრა ეს წლები... გავოცდი, თურმე, რა ცხოვრება გაუვლია! იგი უდიდესი მასშტაბის ფიგურაა. მენტალურად სრულიად შორს დგას სნობური ინდოეთისგან.
საოცარი შემოქმედებითი გზა აქვს გავლილი. 400-მდე ფილმში აქვს ნათამაშები. 74 წლისაა და დღემდე მოქმედი და აქტიური მსახიობია. თვლა არ აქვს მის ჯილდოებს, თუმცა უმთავრესი მაინც ახლახან მიღებული - დადასაჰებ ფალკეს სახელობის ჯილდოა. ეს ინდოეთის კინემატოგრაფიის უმაღლესი ჯილდო გახლავთ, რომლის მიღებაც ცხოვრებაში ერთხელ შეიძლება და რომელიც სრულიად გამორჩეულ პირებს გადაეცემათ ინდურ კინემატოგრაფიაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის.
მითჰუნი მსოფლიოში გამორჩეული მსახიობი რამდენიმე მიმართულებით გახლავთ. იგი დღემდე ერთადერთია მსოფლიოში, რომელმაც სადებიუტო ფილმში შესრულებული მთავარი როლისათვის მიიღო წლის უმაღლესი ჯილდო - ოქროს ლოტოსი ნომინაციაში - „მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულება“. გინესის წიგნის ერთადერთი რეკორდსმენია, რომელსაც ერთ წელიწადში 19 მთავარი როლი აქვს ნათამაშები (1989 წელს), ხოლო 49 წლის ასაკში მას უკვე შესრულებული ჰქონდა 249 მთავარი როლი. ამავე მონაცემებით იგი, ბუნებრივია, ინდური რეკორდების - „ლიმკას“ წიგნშიცაა შესული.
სხვათა შორის, როცა დასავლეთ ბენგალის შტატიდან მუმბაიში ჩავიდა, არც ჰინდი იცოდა და არც ინგლისური. მშობლიური ბენგალური იცოდა მხოლოდ. ქალაქში, რომელიც მილიონებს "ყლაპავს", სადაც ათობით ათასი ადამიანი ქუჩაში ათევს ღამეს, მას გულშემატკივარი არ ჰყავდა. მითჰუნსაც ქუჩაში ეძინა. ის ქუჩის გაზონიდან ამდგარი ბიჭია, ამ ფრაზის პირდაპირი გაგებით. იგი დიდი მასშტაბის მებრძოლია. ბოლივუდში თავის დამკვიდრება იოლი როდი გახლავთ, ისიც გავლენიანი პატრონის გარეშე. მითჰუნმა ეს მარტომ შეძლო - კინოინსტიტუტი ოქროს მედლით დაასრულა, შვიდი ენა ისწავლა და აიძულა კინოინდუსტრია, მისი ნიჭი დაენახათ. მას ბრძოლის გზაზე არავისთვის გადაუვლია, არავინ დაუზიანებია. მე მას უდიდეს ადამიანად ვთვლი. მე სასულიერო განათლება მაქვს და ჩემი წიგნის პრეზენტაციაზე ვთქვი, ამ კაცს რომ ვუსმენ, ასე მგონია, მართლმადიდებელი მოძღვარი ქადაგებს-მეთქი. ღმერთი მართლაც ერთია. თავმდაბლობა, გაღების სურვილი, მონანიების განცდა - ასეთი ღირებულებებით ცხოვრობს. რეინკარნაციის თეორიის გარდა, მას ყველაფერში ვეთანხმები. ასე მგონია, საერთო რელიგია გვაქვს.
მისი მონაწილეობით ნანახი მაქვს სუსტი მელოდრამებიც, რომელთა ფინანსური წინსვლა თავიდან ბოლომდე მის იმედად იყო. ამავე დროს მითჰუნი წარმატებით მუშაობდა ე.წ. „პარალელურ“ კინოში. ეს მისი ნამდვილი სახეა. რეჟისორებს თვეობით უწევდათ მისი ლოდინი.
„დისკოს მოცეკვავე“, რომლითაც მითჰუნმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა, ნაკლებად ცნობილი რეჟისორის გადაღებულია, თუმცა „დისკოს მოცეკვავე“ ათწლეულის ფილმად დასახელდა. 1980-დან 1990 წლამდე ყველაზე დიდი კინოჰიტი იყო. ეს ინდოეთის კინოს ისტორიაში პირველი ფილმია, რომლის შემოსავალმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა. და მითჰუნი ისეთი მოთხოვნადი მსახიობი გახდა, რომ შემდეგ "იცეკვე, იცეკვეს" გადასაღებად იმავე რეჟისორს რვა თვე მოუწია ლოდინი კონტრაქტის გასაფორმებლად.
მითჰუნი სოციალური მიმართულების გამორჩეული მუშაკია, საქველმოქმედო ორგანიზაციები აქვს. იგი დიდი ბიზნესმენიც გახლავთ. სასტუმროების ქსელის მფლობელია. მსახიობი ორჯერ იყო საქართველოში ჩამოსული - 2013 და 2014 წლებში, თავისი უფროსი ბიჭის მონაწილეობით ფილმიც გადაიღო და 40 დღე საქართველოში იცხოვრა, მე კი არ გამიგია.
***
მოკლედ, მასზე უამრავი რამ შევიტყვე და ღრმად გამიტაცა ამ სიახლეებმა. ვუყურებდი ფილმებს, ვუსმენდი ინტერვიუებს და ამასობაში გავიდა თვეები. დროს ვკარგავდი, ვხვდებოდი. წერა შევწყვიტე. მხოლოდ მასზე ვკითხულობდი ცნობებს. არადა, ბევრი მქონდა საწერი. მერე კი მივხვდი, რომ დროს არ ვკარგავდი, რომ ესეც თემა იყო, რომ ინდური კინოს ბუმზე უნდა დამეწერა, თუ რა ხდებოდა ქიზიყში და გამახსენდა თავშესაქცევი აუარებელი ისტორია. მერე კი დავით ბეჟიტაშვილი გავიცანი. ვიფიქრე, იქნებ მითჰუნი ჩვენს ქვეყანაში კიდევ მოგზაურობს და მე ესეც არ ვიცი-მეთქი. დათოს ჩემი აუარებელი ისტორია მოვუყევი, ჩემი მოთხრობების კრებულიც მივუტანე და ვუთხარი, მითჰუნ ჩაკრაბორტზე მოთხრობის დაწერას ვაპირებ-მეთქი. და უცებ დათო მეუბნება, - რატომ მოთხრობა და არა წიგნი? მეც მყისიერად დავფიქრდი, - იქნებ წიგნი და არა მოთხრობა?
სამი თვის თავზე წიგნი ხელში მეჭირა. მასში რეალური ისტორიები შევიდა - ქიზიყური ღრმა დიალექტით გაკეთებული კომენტარებით სოფლის კლუბებში, სადაც საკუთარი სკამები მიჰქონდათ. აღვწერე ამბები, რასაც შევსწრებივარ ამ მსახიობისა და ინდური ფილმების გარშემო, როგორც კახეთში, ისე თბილისში. მეორე ნაწილი კი მისი ცხოვრების რთული გზის წარმოჩენასა და ქველმოქმედების მასშტაბებს ეძღვნება...
"ბენგალელი ვეფხვი" მკითხველს ჯერ არ უნახავს, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც პრეზენტაციაზე იყო, ან ჩემგან მიიღო. ახლა ვფიქრობ, ეს წიგნი უნდა მივიდეს საკითხით დაინტერესებულ მკითხველამდე. ამ საქმეს კი თქვენი პუბლიკაციაც წაადგება...
- და მაინც მგონია, რომ ჩაკრაბორტის ოდესღაც შეხვდებით და რას ეტყვით?
- ვეტყვი, ჩემი ცხოვრების 40 წლიანი ინსპირაციის წყარო ხარ-მეთქი, მას ჩემი ცხოვრების ლაიტმოტივად მივიჩნევ. აუცილებლად ვეტყვი, რომ მომწონდა, როგორც მამაკაცი. ერთ-ერთ გადაცემაში იხუმრა, პირველად ჯილდო რომ ავიღე, თავი ალ პაჩინო მეგონაო. მე კი ვეტყვი, რომ ნამდვილად ალ პაჩინოს რანგის მსახიობად მიმაჩნია. გული მწყდება, რომ მისი ტალანტი მარტივ მელოდრამებზეც გაიფანტა.
და მე მაინც მის უმთავრეს ღირსებად მიმაჩნია ის სტიმული, რაც მან სამყაროს მილიარდობით უპოვარსა და უნუგეშო ადამიანს მისცა. მან ყველას დაანახვა, რომ ბრძოლითა და სიკეთით, არაფრისგან შეგიძლია ყველაფრის შექმნა, რომ ფარ-ხმალი არასოდეს უნდა დაყარო.
ინდოეთში მსახიობებს ზოგადად აფეტიშებენ. ის კი იმ დონეზე უყვართ, შეიძლება ტანსაცმელი დაუფლითონ და სახლში წაიღონ ღილები. ამიტომ ბუნებრივიცაა, რომ მას დაცვის ხუთი მანქანა დაჰყვება. ეს სიყვარული კი უბრალოებით მოიპოვა. სხვა მსახიობები ზევიდან იყურებიან. ინდოეთში კასტური დაყოფა და სნობური გარემოა. მაღალი კასტის წარმომადგენელი იქ მდაბიოს ხელს არ უწვდის. ჩაკრაბორტი ბრაჰმანთა უმაღლესი კასტის წარმომადგენელია და, მიუხედავად ამისა, უპოვრებთან ერთად ჯდება და მათი ჯამიდან ჭამს. იგი უპოვართა და უნუგეშოთა ნამდვილი იმედია!..