ევროპული დიპლომის ექსპერტები ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

ვიზიტი

ევროპული დიპლომის ექსპერტებმა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე სამუშაო და საველე ვიზიტი განახორციელეს. ევროპის საბჭოს ევროპული დიპლომის მინიჭების პროცედურის ფარგლებში, ექსპერტებმა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ბუნებრივი, ეკოლოგიური და საკონსერვაციო ღირებულებები, ასევე ტერიტორიის მართვის პრაქტიკა შეაფასეს.

ექსპერტებმა ადგილზე დაათვალიერეს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სხვადასხვა ლანდშაფტი და ეკოსისტემა, გაეცნენ ტერიტორიის ბიომრავალფეროვნებას, იშვიათ და ენდემურ სახეობებს, ჰაბიტატების მრავალფეროვნებასა და ეკოლოგიურ მნიშვნელობას. ასევე, შეაფასეს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მონიტორინგის პრაქტიკა, დაცული ტერიტორიის მართვის მექანიზმები, ვიზიტორთა ინფრასტრუქტურა და მდგრადი ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლებისა და ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განიხილეს დაცულ ტერიტორიასა და ადგილობრივ თემებს შორის თანამშრომლობა, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა, ეკოტურიზმის განვითარება, არსებული გამოწვევები და სამომავლო შესაძლებლობები.

ევროპის საბჭოს ევროპული დიპლომი წარმოადგენს დაცული ტერიტორიების განსაკუთრებული ბუნებრივი მემკვიდრეობისა და მისი დაცვის მაღალი სტანდარტების აღიარებას. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებისთვის დიპლომის მინიჭება ხელს შეუწყობს ტერიტორიის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდას, კონსერვაციისა და მართვის პრაქტიკის გაძლიერებას, საერთაშორისო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების განვითარებას, ასევე მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობას.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები 1912 წელს შეიქმნა და კავკასიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბუნებრივ ეკოსისტემას წარმოადგენს. ტერიტორია ასევე ზურმუხტის ქსელის მნიშვნელოვანი კომპონენტი და საერთაშორისო კონსერვაციული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიაა.

საქართველოს უკვე აქვს ევროპის საბჭოს ევროპული დიპლომის მქონე დაცული ტერიტორიის მართვის გამოცდილება - ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ევროპული დიპლომი 2015 წელს მიენიჭა.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებისთვის ევროპული დიპლომის მინიჭების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპის საბჭო შესაბამისი შეფასებისა და პროცედურების დასრულების შემდეგ მიიღებს.

✕