„არ დატოვოთ ონკანები ღია... გაზის მოწოდება ხვალამდე შეწყდება“ - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება
1791267744
ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომლის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი პაპაშვილმა სასამართლოში ჩვენება მისცა და ისაუბრა იმ მოვლენებზე, რომლებიც მკვლელობას უძღოდა წინ.
გიორგი პაპაშვილის ჩვენების მიხედვით, 17 თებერვალს, თამაზ მთივლიშვილის დაბადების დღეზე, მეგობრები ერთად იმყოფებოდნენ. მოგვიანებით, პაპაშვილის თქმით, საბა რობაქიძემ მას უთხრა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მთივლიშვილს რობაქიძის შეყვარებულთან, ვერიკო კაპანაძესთან, „ზედმეტი მოუვიდა“.
ბრალდებულის განცხადებით, აღნიშნულის გამო მთივლიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდა.
„სახეში ხელი შემოვარტყი. ისევ ვუთხარი, საბა აპირებს ლაპარაკს და ბოდიში მოიხადე-მეთქი. არ მოვიხდი ბოდიშს, ასე არ ყოფილაო, იუარა. კიდევ შეიგინა, კიდევ შევეხე ხელით. ვუთხარი, ჯობდა ბოდიში მოეხადა და ამით დამთავრდებოდა“, – განაცხადა პაპაშვილმა სასამართლოში.
მისივე თქმით, მოგვიანებით ისინი სახლში დაბრუნდნენ, სადაც კონფლიქტი კვლავ გაგრძელდა. პაპაშვილის განცხადებით, მთივლიშვილმა ბოდიშის მოხდაზე ისევ უარი თქვა, რის შემდეგაც მას სამზარეულოს საჭრელი დაფა ჩაარტყა.
„რა ბოდიშიო და ვარტყამ ამ დაფას. დაფა იყო ნახევარი თავიდანვე, ბზარიც ჰქონდა, დაფა დარტყმის შედეგად დაიშალა. ბოდიშს არ იხდიდა. ხელში დამრჩა პატარა ნაჭერი და ეგეც დავაგდე. ადექი, ბიჭო და „დაახვიე“ სახლიდან-მეთქი. მოხრილ მდგომარეობაში გამოვწიე, ფეხი წავარტყი და წაიქცა. რომ გავხედე, რეაქცია არ ჰქონდა“, – თქვა ბრალდებულმა.
პაპაშვილის განცხადებით, ამის შემდეგ მან და საბა რობაქიძემ მთივლიშვილის მოსულიერება სცადეს. მისი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს რეაქცია არ ჰქონდა, მოგვიანებით კი აკანკალდა.
მისივე თქმით, ამის შემდეგ მთივლიშვილის პულსი შეამოწმა და დარწმუნდა, რომ ის აღარ სუნთქავდა.
„არტერიაზე ხელი დავადე, გულზეც ხელი დავადე და გარდაიცვალა. არანაირი ნიშანწყალი არ ჰქონდა. რამდენჯერმე დავაწექი ხელით, გულზე ხელს ვადებ, პულსს ვუსინჯავ, არც ყელზე პულსი, არც ხელზე პულსი, არც გულისცემა. ვამბობდი, მოკვდა კაცი-მეთქი“, – აღნიშნა ბრალდებულმა.
პაპაშვილის ჩვენების მიხედვით, ამის შემდეგ მთივლიშვილის ცხედარი აბაზანაში გადაიტანეს.
გიორგი პაპაშვილის ჩვენების მიცემა მომდევნო სასამართლო სხდომაზე გაგრძელდება.
საქმის შესახებ
22 წლის თამაზ მთივლიშვილი, 2025 წლის 17 თებერვალს, საკუთარ დაბადების დღეზე, ცემის შედეგად გარდაიცვალა. გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს, მათ შორის, მწვანილის საჭრელი დაფით გაუსწორდნენ. მისი ცხედარი რამდენიმე დღის შემდეგ გიორგი პაპაშვილის საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს.
საქმეზე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ხუთი პირი მიეცა. სამართალდამცველებმა თავდაპირველად სამი პირის დაკავება შეძლეს, მოგვიანებით კი, საერთაშორისო ძებნაში მყოფი გიორგი პაპაშვილი დააკავეს.
საქმეზე უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი. თამაზ მთივლიშვილის მეგობრებსა და თანამშრომლებს – ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძესა და ბაირამ ალი გუსეინოვს – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ.
ბაირამ ალი გუსეინოვს დაუსწრებლად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, ლუკა გვენეტაძეს – 5 წლით, ხოლო საბა რობაქიძესა და ვერიკო კაპანაძეს – 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ბაირამ ალი გუსეინოვი, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის მსჯავრდებული, ამ დრომდე დაკავებული არ არის.