ბათუმში პროფესიული განათლების მასწავლებელთა III საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

გივი მიქანაძე

ბათუმში პროფესიული განათლების მასწავლებელთა III საერთაშორისო კონფერენცია -„პროფესიული განათლება თანამედროვე ეკონომიკური და ტექნოლოგიური ცვლილებების პირობებში“ გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

“ყოველწლიურად იზრდება პროფესიული განათლების დაფინანსება, ვითარდება კოლეჯების ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ინერგება სწავლების თანამედროვე მიდგომები და ციფრული ტექნოლოგიები. თუმცა, ძლიერი პროფესიული განათლების სისტემის მთავარი საფუძველი კვალიფიციური და პროფესიონალი მასწავლებელია.

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პროფესიული განათლების მასწავლებლების მხარდაჭერაზე და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას, საერთაშორისო გამოცდილების გაცნობასა და პარტნიორობის გაძლიერებას. სწორედ ამ მიზნით, პროფესიული განათლების მასწავლებლებს ვთავაზობთ სხვადასხვა პროექტს, მათ შორის საერთაშორისო სასწავლო ვიზიტებში მონაწილეობის პროგრამას, სადაც მათ აქვთ საშუალება, გაიღრმაონ პრაქტიკული ცოდნა, გაეცნონ სხვა ქვეყნების გამოცდილებასა და სწავლების თანამედროვე მიდგომებს. მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას კი ისინი საკუთარ კოლეგებსა და პროფესიულ სტუდენტებს გაუზიარებენ.

კონფერენცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც უცხოელი ექსპერტების ცოდნის, გამოცდილებისა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობას იხლევა. ამასთან, კონფერენცია ხელს უწყობს ახალი პროფესიული კავშირების დამყარებასა და თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც ცალსახად დადებითად აისახება ჩვენი მასწავლებლების საქმიანობასა და პროფესიულ განვითარებაზე,” - განაცხადა გივი მიქანაძემ.

კონფერენციაზე სიტყვით ასევე გამოვიდა აჭარის ა/რ განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოში მოქმედი სახელმწიფო და კერძო კოლეჯების დირექტორები, პროფესიული განათლების მასწავლებლები, უცხოელი
პედაგოგები, ექსპერტები და სხვა მოწვეული სტუმრები.

კონფერენცია აჭარის ა/რ განათლებისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. კონფერენცია მოიცავდა თემატურ პანელსა და რამდენიმე პარალელურ სესიას.

კონფერენცია პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე გლობალური ტენდენციების, ინოვაციებისა და გამოწვევების განხილვას, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.

✕