„ერთი დანახვით მივხვდი რამხელა პრობლემა ჰქონდა, გარდა გარეგნულისა, თუნდაც ის რომ პირს ვერ გააღებდა... ასე დაიწყო ეს ზღაპარი და დამთავრდა ზღაპარივით“ - სტამბოლის კლინიკაში მომუშავე ქართველი ექიმი

ექიმი

რამდენიმე თვის წინ ფოტოგრაფმა „დანტესმა“ კიდევ ერთი ქველმოქმედების ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მოთხრობილი იყო ქუთაისელ მარიამზე, რომელსაც სახის ძვლების პრობლემა ჰქონდა. მოგვიანებით, კი გაირკვა, რომ თურქეთში მცხოვრები ექიმი მედეა იობაშვილი მარიამს დაეხმარებოდა შუამდგომლობაში, რომ თურქ პლასტიკურ ქირურგს მისთვის შეღავათიან ფასად სახის ოპერაცია ჩაეტარებინა.

მედეა იობაშვილი, რომელიც სტამბოლის კლინიკაში მომუშავე ერთ-ერთი ექიმია და მარიამის ოპერაციის ჩატარებაში დიდი წვლილი მიუძღვის ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

„5 იანვარი იყო, რომ სულ შემთხვევით ვნახე მარიამის ვიდეო, სადაც საახალწლო სურვილები იყო წიგნები. ბოლომდე ვერც ვუყურე.. ერთი დანახვით მივხვდი რამხელა პრობლემა ჰქონდა, გარდა გარეგნულის. თუნდაც ის რომ პირს ვერ გააღებდა. ნეტა ასეთ გაჭირვებაში როგორ ჭამს? და უამრავი კითხვა დატრიალდა ჩემს თავში, ვცდილობდი გონებაში გამეცოცხლებინა მისი ყოველდღიური ცხოვრება. გავიდა რამდენიმე საათი და არ ამომდის ეს ბავშვი გონებიდან, მარიამის ფოტოს სქრინები გავუგზავნე ბატონ ალთანს კითხვით: 15 წლის ასაკში თუ შეიძლება გაკეთდეს ასეთ შემთხვევაშითქო. პასუხი: კი შეიძლება, მეტი ფოტო არ გაქვს? გამოგიზავნით, როცა მექნებათქო მივწერე. არ მასვენებს ფიქრი რომ წარმოვიდგენ ეს ექიმი თუ ამ ოპერაციას გააკეთებს ვიცი, რომ მარიამი თავიდან დაიბადება. თუმცა ბევრი კითხვა ჩნდება: თანხები? კი მაგრამ იქნებ დედას არ სურს ოპერაციის გაკეთება და ასე შემდეგ… .გახდა 22:30 საღამოს, რამდენიმეჯერ დავწერე წავშალე მესიჯი ბატონ ალთანისთვის, მერიდება კიდევ თხოვნა, რადგან 1.5 თვეა გასული რაც ერთი  ბავშვის ოპერაცია გავაკეთეთ ისე რომ ჰონორარი არ აუღია და გადაიხადა ოჯახმა მხოლოდ კლინიკის ხარჯი. ბოლოს ასე დავიწყე წერა.

რომ არ გკითხოთ პასუხი არ მეცოდინება…. არ ვიცი რას იფიქრებთ ჩემზე…. (მრცხვენია თან რადგან ყველა ჩემს მიერ მიყვანილ ქართველ პაციენტებიდან არ იღებს კონსულტაციის თანხას. 1.5 თვის წინ უფასო ოპერაცია გააკეთა. და ახლა უდიდეს ურთულეს ოპერაციას ვთხოვ). მოვუყევი მარიამის ისტორია და გავბედე მეთქვა თუ შეიძლება გავაკეთოთ მხოლოდ ხარჯებში. მოდის პასუხი: არ ინერვიულო გავაკეთებთ. ვიტირე ბევრი სიხარულისგან. შემდეგ ვცდილობდი დავკავშირდებოდი ოჯახს. ავიღეთ თანხმობა ჩავწერეთ ვიდეო. კიდევ ბევრი დეტალია რომელსაც ალბათ ერთ დღეს მოვყვები. ის დრო, რაც პროტეზების დამზადებას დასჭირდა, ყოველ დღე წარმოვიდგენდი ხოლმე მარიამი ოპერაციის შემდეგ როგორი იქნებოდა. ზუსტად ვიცოდი რომ ახლიდან დაიბადებოდა, ისევე როგორც ბატონი ალთანის სხვა პაციენტები. ასე დაიწყო ეს ზღაპარი და დამთავრდა ზღაპარივით.

მადლობა ყველა თითოეულ თქვენგანს, ვინც განხორციელებაში დამეხმარა ამ ჩანაფიქრის. ვინც დარიცხა თუნდაც ერთი ლარი, ვინც ილოცა, ვინც მაპოვნინა მარიამი. დანტეს, არ ვიცი ასეთი რა ილოცეთ სატურაცია არ შეცვლილა მთელი ოპერაციის განმავლობაში, რომელიც 7 საათზე მეტი გრძელდებოდა, არც სისხლი გადაგვისხია, არც რეანიმაცია გამხდარა საჭირო. ვუყურებ მარიამს და თვალს ვერ ვწყვეტ, მაბედნიერებს ის რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით. მიყვარხართ ერთიანო და ყველაზე გულიანო ქართველებო“, - წერს მედეა იობაშვილი.