"ერთგვარ ტრენდად იქცა "აფხაზური" ფეტიში... ლამის, ცხენზე მოჯირითე დროშიანი მხედრის თვალებში მალული ცრემლიც კი შენიშნეს" - მამუკა გონგაძე

mamuka

საქართველოს სახელმწიფო გერბის ავტორი, ჰერალდიკოსი მამუკა გონგაძე აფხაზების მიერ, ყოველწლიური აფხაზური დროშის ისტორიის გამოფენით გამოწვეულ ქართველთა რეაქციებს ეხმიანება. 

მამუკა გონგაძე: - გუშინ ვნახე პირველად ეს ვიდეო, ჩემთვის ახალი არაფერი არ იყო. მთელი ეს “ისტორია” კარგად ვიცი.

მაგრამ...  ქართულ სოციალურ ქსელში ამდენი ემოცია, პირჯვარი, სიხარული, სიამაყე, რა ვიცი... კიდევ რა ვნახე...

თითქმის საქართველოს სახელმწიფო დროშა ააფრიალეს და მგონი, ცხენზე მოჯირითე დროშიანი მხედრის თვალებში მალული ცრემლიც კი შენიშნეს და ბოლოს შერიგებისა დასცხეს კიდეც....

რა ვიცი, რა ვუწოდო ამას... ასეთ დამოკიდებულებას, ასეთ ზედაპირულობას, ზერელობას... ძნელია, რაიმე ვთქვა, მაგრამ ერთი ნათლად ჩანს:

რამდენად არაადეკვატურია ჩვენი საზოგადოება, რამდენად ინფანტილურია ასეთი მნიშვნელოვანი საკითხისას... რამდენად დაშორებულია რეალობას და კიდევ უფრო შორდება ყველა ასეთი ნაბიჯისა თუ კამპანიის და გამო.

ბოლო დროს გახშირდა, ერთგვარ ტრენდად იქცა "აფხაზური" ფეტიში, "აფხაზური" ვითომ კერძები, ვითომ სამკაული. ერთგან ადრეულ შუასაუკეენებში აფხაზეთში განათხარ, რეკონსტრუირებულ თავის ქალას წავაწყდი, რასაც ამაყად ეწერა "აფხაზიო" :))))

რა არის ამის საფუძველი?

არ ვიცი, მაგრამ აშკარად შესასწავლი ფენომენია და ამას სამშვიდობო პროცესთან და შერიგებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

სულ პირიქით, ამაყი მთიელი ასეთ დამოკიდებულებაში კარგად კითხულობს ქვემძრომ, გველაძუა დამოკიდებულებას... აქაოდა რაც იყო.. იყო.. ახლა...

ახლა კიდევ დავბრუნდებით და კიდევ ერთხელ.. ))

არადა, რაც ამ ხალხს უნდოდა არის სხვა, არის პარტნიორობა და ამას ითხოვდნენ 1980-იანი წლებიდან, პარტნიორობა და აღიარება რომ ის არაა, პატარა ძმა, რომელსაც ენის მოჩლექით უნდა ელაპარაკო.. რომ ის სუბიექტია, აქვს თავის ინტერესები და ითხოვს ამ ინტერესების აღიარებას..

მხოლოდ ერთხელ პრეზიდენტ გამსახურდიას მიერ იქნა გადადგმული რეალურად შემხვედრი ნაბიჯები და მომავალზე მიმართული ინიციატივა, რაც სამხედრო გადატრიალებამ დაასამარა და გაანადგურა.

მესმის პოლიტიკოსების, როცა მიმართავენ - "ჩვენო აფხაზო ძმებო და დებოოო"...

და ხალხს რა მოგივიდათ, რა და?! რის ძმა... !?!?

შეხდეთ სიმართლეს თვალებში.

ადამიანს, რომელსაც მტრობა არ შეუძლია, მოყვრობაც არ შეეძლება.

ეს იკითხება.

P.S.

ახლა კი ამ დროშების შესახებ, ჩვეულებრივი ყოველწლიური აფხაზური დროშის ისტორიის გამოფენაა. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმატში აწყობენ.

უფრო წვრილად, 2000 წელს ამ საკითხებზე დიდი ხანია ვმუშაობდი უკვე და მთელი ეს რუკები ჩვენთვის ცნობილია.. ერთ-ერთ ქართულ-აფხაზურ შეხვედრაზე იქიდან ჩამოსულ პიროვნებას ვესაუბრე, რომელსაც გადავეცი მასალები.. სადაც კარგად ჩანდა ამ რუკებით და დროშებით წაკითხული ჩვენი საერთო ისტორია.

შემდეგ მოიქცა ისე, როგორც მოლოდინი მქონდა, სოხუმში ადგილობრივ მობილური კომპანიის დახმარებით და ჩართულობით, 2007 წელს ჩაატარეს პირველი გამოფენა "აფხაზური სახელმწიფოებრიობის გამოფენა".

და წავიდა... ისე, რომ საქართველო და ქართველი არც უხსენებიათ და მერწმუნეთ, არც გუშინ გაახსენდებოდათ.

თუმცა ჩემი მიზანი მაინც შესრულებულია... ჩვენი საერთო ისტორია სოხუმშიც იციან და მათთვის დროშის ეს გამოსახულება არაა უცხო.

თუმცა საქართველოს სახელმწიფო დროშას აქვს თავის პროპორციები, ნახატი და ჩამოყალიბებული პარამეტრები.