ექიმი გინეკოლოგი, რომელიც სენაკსა და ოკუპირებული გალის საავადმყოფოში მუშაობდა, გარდაიცვალა

გარდაცვლილ იექიმი

ექიმი გინეკოლოგი გოგიტა ბჟინავა, რომელიც სენაკსა და ოკუპირებული გალის საავადმყოფოში მუშაობდა, გარდაიცვალა. 44 წლის მამაკაცი ნაწლავურმა ინფექციამ იმსხვერპლა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა გახდა.

„ნეტავ არ გამეგო ეს ამბავი! როგორი კარგი ახალგაზრდა წავიდა! გოგიტა ბჟინავა, ვერ ვიჯერებ - მიზნისკენ მიმავალი, ექიმობაზე მეოცნებე, პოეზიაზე შეყვარებული ბიჭი, კარგი მეგობარი - ასეთი მახსოვს!

ამ სურათებზე ჩვენი ბედნიერი წარსულია, როცა საკუთარ გზებს ვეძებდით, დევნილობის პირველი წლები იყო, ერთხანს თბილისში ვიკრიბებოდით ერთად, როგორი იმედებით, სურვილებით!

არც ერთისთვის არ იყო მარტივი, მაგრამ მივიწევდით წინ! გოგიტა ექიმობისთვის ემზადებოდა და საოცრად ამაყი იყო თავისი ნიჭიერებით, ამავე დროს თბილი და მოსიყვარულე, ბოლომდე გაყვა ეს თვისება!..

გავიდა დრო: ოცნება აგიხდა, ბევრი იბრძოლე ამისთვის და ნუთუ ასე ცუდად დამთავრდა შენი ბრძოლა სიცოცხლისთვის, გადარჩენისთვის?! ვერაფერს ვწერ მეტს!..

უზომოდ ვწუხვარ ამ შეწყვეტილ სიცოცხლეზე, გოგიტას რომ დაატყდა თავს! კიდევ ერთი კარგი ადამიანი დაგვაკლდა- ოჯახს, სოფელს, კუთხეს - აფხაზეთს!" - წერს ჟურნალისტი მარი ჩიტაია.

მას მეუღლე და 2 შვილი დარჩა.

ავტორი: თეა შონია