1728312638
„მე ვერაფერში გამოვიყენე ...კონვერტშიც ჩაგიდებთ და წარმატებებსაც გისურვებთ“ - ახალგაზრდა ქალის უცნაური შეთავაზება
ერთ-ერთ ყიდვა-გაყიდვის ვებგვერდზე 35 წლის ქალი ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ბაკალავრისა და მაგისტრის წარჩინების დიპლომებს ყიდის.
ფასი, დღევანდელი გაცვლითი კურსით, სოლიდურია - 6 000 აშშ დოლარს აფასებს, რაც ეროვნულ ვალუტაში 17 760 ლარი გამოდის.
ამ უცნაური შეთავაზების ნახვის შემდეგ "პრაიმტაიმი" დიპლომის გაყიდვის მსურველს დაუკავშირდა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ეს განცხადება სარკაზმს არ უკავშირდება, არც პროტესტის გამოხატვის ფორმაა. უბრალოდ, როგორც გამოუყენებელი და ზედმეტი ნივთი, ისე - ყიდის.
მყიდველმა როგორ უნდა გამოიყენოს არ იცის, თუმცა ამბობს, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი "მოსულა" და დამსაქმებელი თავად გამოაყენებინებს მას, ვინც დიპლომს შეიძენს...
"დიპლომს ვყიდი, რადგან 35 წლის ვარ და ამ დრომდე, ვერაფერში გამოვიყენე. დარწმუნებული ვარ, ვერც ამის შემდეგ გამოვიყენებ. ვყიდი, როგორც ნივთს, წარმატებას და კარიერულ წინსვლას ვუსურვებ ყველას, ვინც შეიძენს და გამოიყენებს.
- ეს პროტესტის ერთგვარი ფორმაა?
- არა, მართლა ვყიდი. მე სწავლა და ქირით ცხოვრება 30 000 ლარზე მეტი დამიჯდა, ეს ყველაფერი არ გამომადგა. ამ ქვეყანაში ყველაფერი "მოსულა" და გამოიყენებს ვინც შეიძენს კარგი პატრონის წყალობით. თუ შეიძლება, რომ ვიღაცების გამოცდები ჩავაბარო, რატომ არ შეიძლება, ჩემი ნივთი, რომელიც ნამდვილად ჩემია, გავყიდო?!
- განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, მსურველები თუ გამოგეხმაურნენ?
- დიახ. დამირეკეს და მკითხეს, როგორ გამოეყნებინათ ჩემს სახელზე გაცემული დიპლომი, მათაც იგივე ვუპასუხე, რაც - თქვენ. გამოყენება ჩემი პრობლემა არ არის, ამაზე მყიდველმა უნდა იზრუნოს.
- ახლა დასაქმებული ხართ?
- დიახ, თუმცა არა ჩემი პროფესიით. ჩვენს ქვეყანაში მგონი პროფესიით ძალიან ცოტა ადამიანი არის დასაქმებული. ჩემი ჯგუფელების დიდი ნაწილი პოლონეთში მუშებად მუშაობენ, მათ ამ ქვეყნიდან წასვლა უმუშევრობის გამო მოუწიათ და არა იმიტომ, რომ განათლება არ მიიღეს...
თუ რეალურად გსურთ ამ დიპლომის ყიდვა, კონვერტშიც ჩაგიდებთ, 5 000 დოლარად მოგცემთ და წარმატებებსაც გისურვებთ." - ამბობს დიპლომის გამყიდველი.