„ძველებურად რომ ვერ გაგრძელდება ყველაფერი, ამას რატომღაც ვგრძნობ“ - რაზე ესაუბრა თემურ ჩხეიძე „პრაიმტაიმს“ ბოლო ინტერვიუში

თემურ ჩხეიძე

ქართველი რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა. „პრაიმტაიმი“ რეჟისორს ბოლოს, პანდემიის პერიოდში, საკუთარ ფიქრებსა და შეგრძნებებზე ესაუბრა.

თემურ ჩხეიძე ამბობდა, რომ გრძნობდა, ყველაფერი ძველებურად ვეღარ გაგრძელდებოდა.

თემურ ჩხეიძე: – ბებია-ბაბუები და მშობლები, ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში ოპტიმიზმს გვინერგავდნენ, ადამიანმა ყველაფერს უნდა გაუძლოსო. მთავარია, სულიერად მდგრადი იყო. თუ ადამიანი სულიერად ძლიერია, ის ყველაფერს მიაღწევსო, გვეუბნებოდნენ.

დღეს მკვეთრად შეიცვალა სამყარო. არ ვიცი, ხვალ და ზეგ რა იქნება. ცხადია, მე ნოსტრადამუსი არ ვარ, მაგრამ ძველებურად რომ ვერ გაგრძელდება ყველაფერი, ამას რატომღაც ვგრძნობ. ის თეორია, რომ ადამიანს თავისი სულიერი სიმტკიცით რაღაცის კეთება შეუძლია, უკვე დაინგრა.

ჩვენ არ გვეგონა, რომ ასეთი რამ შესაძლებელია. პარალიზებულია სამყარო და ამ მდგომარეობიდან ის გამოვა. დიდი მოწადინებით და თავდაცვის ინსტინქტის აქტიური ჩართვით, შეიძლება გამოვიდეს, მაგრამ გამოვა სრულიად სხვანაირი.

არ ვიცი, რა შეიცვლება ადამიანებში. ადამიანიც ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც ამ პანდემიის წინ იყო. ნაწილობრივ, შეიძლება ეს სასიკეთოც იყოს ადამიანისთვის.

– ანუ ადამიანმა შეიძლება სულიერი კათარზისი განიცადოს?

– შეიძლება, როგორც ყველა დიდი გაჭირვების დროს ხდება. არ ვიცი. მე მხოლოდ იმედი მაქვს, რომ უკეთესობისკენ ძვრა მოხდეს ადამიანში. მინდა ამის იმედი მქონდეს და არა სრული უიმედობა. მაგრამ ზუსტად ისე რომ ვეღარ იქნება, როგორც იყო ყველაფერი, ამაში დარწმუნებული ვარ.

ხანდახან მეჩვენება, რომ ეს განგების მოვლენილი სასჯელია. გაიხსენეთ, რამდენი ხანია იმაზეა განგაში, ჩვენ პლანეტას უჭირს და დროზე თუ არ მივხედეთ, დავღუპავთო...

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „კატო გაქრისტიანდა“ - რა ფოტოებს აქვეყნებს რუსკა მაყაშვილი

👉 მას ინტერპოლთან ერთად სიცილიური მაფიაც ეძებდა – ტრაგედია, რომელმაც ბედნიერებაზე მომღერალი წყვილი დააშორა

👉 „მე და ჩემი შვილები ქმარმა ცისფერი თვალების ქონის გამო მიგვატოვა“ – ნიგერიაში მცხოვრები რისიკატის ისტორია

👉 შემთხვევა, როდესაც ცოლ-ქმარმა გაყრის შემდეგ ხელახლა იქორწინა - ასლან აბაშიძის ვაჟის ოჯახის ისტორია