1692302192
ძალიან მძიმე მკურნალობის კურსს გადის - როგორია ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

რამდენიმე თვის წინ, საზოგადოებრივი მოძრაობა „ერის“ ლიდერმა ლევან ვასაძემ, სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც მისი ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი დიაგნოზი აელ ტიპის ამილოიდოზია, რომელიც მილიონიდან მხოლოდ ორს ემართება.
ლევან ვასაძის ჯანმრთელობის შესახებ, მისი მეგობარი, სოსო მანჯავიძე საუბრობს.
„ჩავიდა აჯიბადენში და გული გაუსინჯეს თუ არა, გულის ამილოიდოზის დიაგნოზი დაუსვეს. მოგეხსენებათ, ეს ძალიან მძიმე ავადმყოფობაა. ამ დიაგნოზის შემდეგ ის წავიდა მოსკოვში, სადაც დაუდგინდა მიელომაც, რომელიც ძვლის ტვინის დაავადებაა და, საბედნიეროდ, პროცესი შორს არ არის წასული. მკურნალობის ის კურსი, რომელიც დანიშნული აქვს, მიზნად ისახავს, რომ ამილოიდოზის ცილა, რომელიც დალექილი აქვს გულში, მოაცილოს, გაანეიტრალოს. მკურნალობის შედეგად პროცესები სიკეთისკენ წავიდა, რადგან ჯანმრთელი ორგანიზმი აქვს და კარგად ებრძვის ავადმყოფობას. დიდი იმედია განკურნების, თუმცა, როგორც თავად ამბობს საკმაოდ ხშირად, ძალიან მძიმე მკურნალობის კურსს გადის. ეს არის ქიმიის გადასხმები. ძვლის ტვინი რომ გადაინერგოს, საჭიროა, გულის ფუნქცია ავიდეს გარკვეული მაჩვენებლის ზემოთ. თურქეთში რომ ჩავიდა, საკმაოდ ცუდი მაჩვენებელი ჰქონდა. რაღაც სკალაა, რომლის მიხედვითაც 27 ჰქონდა მაჩვენებელი და ახლა 48 აქვს. ამ სკალის მიხედვით 50-ის ქვემოთ უკვე ცუდია, 40-ის ქვემოთ ძალიან ცუდია და 30-ის ქვემოთ დაუყოვნებლივ სჭირდება დახმარება, რომ პროცესი ცუდი შედეგით არ დამთავრდეს.
ეს მაჩვენებელი თუ ავიდა 50-ის ზემოთ და იმედია, ავა, მერე შესაძლებელი გახდება ძვლის ტვინის გადანერგვაც. ამის შემდეგ არის შესაძლებელი განკურნება და ამის იმედი გვაქვს ყველას. ლევანის ეს ორივე დაავადება ძალიან მძიმეა, მაგრამ მთავარია, რომ განკურნება შესაძლებელია.
ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კაცობრიობამ შექმნა, კომერციული მედიცინაა. ისე აღარ არის, როგორც ნაციონალების დროს იყო, სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვის დაფინანსებამ მართლა უამრავი ადამიანი გადაარჩინა, რაც დიდი სიკეთე იყო. მიუხედავად ჩემი კრიტიკული დამოკიდებულებისა ამ მთავრობის მიმართ, თვალს ვერ დავხუჭავ და, რაც დადებითი ჰქონდათ, ის უნდა ვთქვა, მაგრამ, მეორე მხრივ, სისტემა მახინჯია, რადგან ხდება კორუფციული სისტემის აწყობა კლინიკებსა და სახელმწიფო ბიუჯეტის განმკარგავ ჩინოსნებს შორის და უარესიც, კლანებს შორის ხდება ეს გარიგებები, რომლებიც ამ ბიზნესს კურირებენ. ამ ყველაფრის შედეგი კი ისაა, რომ ჯანდაცვა არ არის ორიენტირებული ადამიანების დაცვაზე,“ - ამბობს სოსო მანჯავიძე.
მისივე თქმით, სანამ მოსკოვში სამკურნალოდ წავიდოდა, ჯერ თურქეთში იყო.
„თურქეთში მას რომ გულის ამილოიდოზის დიაგნოზი დაუსვეს, უთხრეს, დაუყოვნებლივ გაეკეთებინა გულის გადანერგვა. მაშინვე დაუკავშირდნენ მოსკოვში ლეო ბოკერიას და რამდენადაც ვიცი, მან უთხრა, რომ გადანერგვის გარეშეც შეიძლებოდა მკურნალობა.
ქართველი კაცია ბოკერია და იმ კლინიკაში კიდევ უამრავი ქართველი მუშაობს. ამიტომაც არჩია მოსკოვი. იმ კლინიკაში მხოლოდ ქართველი კი არა, ებრაელი ექიმებიც არიან და ერთ-ერთმა შეუდგინა მკურნალობის კურსი.
ავადმყოფობა იშვიათია და ბევრი სპეციალისტი ჩაერთო, კონსილიუმები იმართებოდა. თვითონ ლევანი ძალიან მოაზროვნე, ინტელექტუალი ადამიანია და დაწვრილებით იცის ხოლმე სხვადასხვა საკითხის შესწავლა. შესაბამისად, ძალიან კარგად გაერკვა ამ დაავადებაში და ვხუმრობდით კიდეც მისი ოჯახის წევრებთან, ყველაფერი კარგად რომ დამთავრდება, მერე შეიძლება ერთ-ერთ სერიოზულ სპეციალისტადაც ჩამოყალიბდეს ამ სფეროშიო. ლევანს აქვს თვისება, ესა თუ ის საკითხი მაქსიმალურად ბოლომდე შეისწავლოს,“ - ამბობს სოსო მანჯავიძე.