დიუშენის დაავადების მქონე ბავშვის მშობელი ზაქრო გვიშიანი - საჭირო, შინაარსიანი კითხვები იყო პრემიერის მხრიდან, პოზიტიურად ვართ განწყობილი, შევთანხმდით სამუშაო ჯგუფზე, მაქსიმუმ ზეგ ისევ შევხვდებით

ზაქრო გვიშიანი

ძალიან საჭირო და შინაარსიანი კითხვები იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან. პოზიტიურად ვართ განწყობილი. შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, – ამის შესახებ დიუშენის დაავადების მქონე ბავშვის მშობელმა, ზაქრო გვიშიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პრემიერი მშობლებს უახლოეს მომავალში კვლავ შეხვდება.

„დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. დეტალურად გადავეცით ინფორმაცია მედიკამენტებთან, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ასევე რატომ გახდა საჭირო უწყვეტი აქციის გამართვა მთავრობის სასახლის წინ. პოზიტიურად ვართ განწყობილი, რადგან ძალიან საჭირო და შინაარსიანი კითხვები იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან. გავცვალეთ ინფორმაციები. უკვე ვხედავთ მზაობას, რომ ირაკლი კობახიძე მაქსიმალურად მიიღებს ინფორმაციას და შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, ფორმატი. მაქსიმუმ ზეგ ისევ შევხვდებით და გავივლით ცალკეულ საკითხებს, რაც დღეს ვერ მოხერხდა. ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ჩვენი პროცესები არ არის პოლიტიკურად მართული. ძირითადი მოთხოვნა არის მედიკამენტების მიღება. საზოგადოებამ გამოხატა სოლიდარობა, პროცესი არავის მხრიდან არ არის მართული, არამედ დაკავშირებულია მხოლოდ იმ საჭიროებებთან, რაც აუცილებელია ამ ბავშვებთან მიმართებით. არანაირი კომუნიკაცია არ გვქონდა ფარმაცევტულ კომპანიებთან და ძალიან ცუდად ჟღერდებოდა, თითქოს ფარმაცევტული მაფიის მართული იყო რომელიმე მშობელი ან ორგანიზაცია. ამ კითხვებსაც გაეცა პასუხი. ბუნებრივია, არაერთი მედიკამენტი აღიარებულია როგორც ევროპაში ასევე ამერიკაში, ბოლოს დიდმა ბრიტანეთმაც აღიარა მედიკამენტები. ამასთან მიმართებით გაიცვალა ინფორმაციები და ჩვენი მხრიდან საჭირო ინფორმაცია მიიღო,  ყველა ინფორმაცია მიწოდებული იქნა პრემიერ-მინისტრისთვის. გავიარეთ ყველა საკითხი, მაგრამ დარჩენილია უამრავი საკითხი და ძირითადი გადაწყვეტილებები, რაც უნდა გავიაროთ შემდგომი შეხვედრებისას. სამუშაო ჯგუფი იქნება შეხვედრების ფორმატში. აღარ ყოფილა საუბარი უსაფრთხოებაზე. უფრო საუბარი იყო იმაზე, რომ ეფექტურია ეს მედიკამენტები და არ არის აუცილებელი, ყველაზე მკაცრმა რეგულატორმა აღიაროს ცალკეული მედიკამენტები. პრემიერს არცერთი კითხვა არ დაუსვამს იმის თაობაზე, რატომ არ არის აღიარებული EMA -ს ან სხვა ქვეყნების მიერ თუნდაც „ვამოროლონი“ ან „ჯივინოსტატი“. ჩვენ დავრწმუნდით, რომ თითოეული კითხვა მიმართული იყო იმისკენ, რომ პრემიერ-მინისტრის მხრიდან ქმედითი ნაბიჯები  გადაიდგას“, – განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.
 

წყარო: 1ტვ