„დილის პროდუქტების“ დირექტორი: ახალი წლისთვის არ გვინდოდა კვერცხის გაძვირება და გავაძვირეთ 9 იანვრიდან. პრემიერის გამოსვლის შემდეგ ნაბიჯიც გადავდგით საიმისოდ, რომ დავუბრუნდით ძველ ფასებს, მაგრამ დავუბრუნდით ჩვენი მოგების ხარჯზე

„დილის პროდუქტების“ დირექტორი

მე, როგორც კრიტიკული მართვის მენეჯერი, ვერ დავუშვებ იმას, რომ ჩემი წარმოება იყოს დაუცველი და კონკრეტულად არ ვიშოვო იმდენი ფული, მეყოს იმისთვის, რომ ეს დარგი რისკების გარეშე ვამუშაო, - განაცხადა კვერცხის მწარმოებელი კომპანიის „დილის პროდუქტები“ დირექტორმა, გია ლობჟანიძემ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.

ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ფასის ცვლილება ობიექტურ ფაქტორებზეა დამოკიდებული და კვერცხის ფასი განისაზღვრება ხორბლისა და სიმინდის ფასით. მისი განმარტებით, ძველი ფასი საკუთარი მოგების შემცირების ხარჯზე დააბრუნეს.

„ჩვენი კვერცხის მომავალი წლის ფასი ყოველთვის დგება ოქტომბრის თვეში, როდესაც რუსეთიდან იწყება ხორბლისა და სიმინდის შესყიდვა. ტენდენციას ვუყურებთ, რა სიტუაცია არის. ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული... იქ არის აქციზები, ამინდი, ფასი, მოსავალი და ყველაფერი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეთანხმება სუპერმარკეტებთან, რომ ერთი თვით ადრე უნდა მივწეროთ კვერცხის გაძვირების შესახებ. რაც მოხდა წელს. მივწერეთ სუპერმარკეტებს, ახალი წლისთვის არ გვინდოდა კვერცხის გაძვირება და გავაძვირეთ 9 იანვრიდან. 25 დეკემბერს მოხდა ბატონი პრემიერის გამოსვლა ამ საკითხთან დაკავშირებით და ისეთნაირად გამოჩნდა, რომ თითქოს საბოტაჟთან გვქონდა საქმე.

კიდევ კარგი გვქონდა საშუალება სხვადასხვა ორგანიზაციებში და ბატონ პრემიერთანაც პირადად აგვეხსნა ეს სიტუაცია, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი. და შესაბამისი ნაბიჯიც გავაკეთეთ საიმისოდ, რომ დავუბრუნდით ძველ ფასებს, მაგრამ იმიტომ არ დავუბრუნდით, რომ დიდი მარჟა გვქონდა, ჩვენი მოგების ხარჯზე დავუბრუნდით და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე როგორც კრიტიკული მართვის მენეჯერი ვერ დავუშვებ იმას, რომ ჩემი წარმოება იყოს დაუცველი და კონკრეტულად არ ვიშოვო იმდენი ფული, მეყოს იმისთვის, რომ ეს დარგი რისკების გარეშე ვამუშაო. ჩვენ რომ გავაძვირეთ კვერცხი, ეს იყო გარდაუვალი აუცილებლობა. ახლაც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კონკრეტულად ჩემს საწარმოს კვერცხის ერთით თეთრით გაიაფების საშუალება არ აქვს. თუკი იქნება კომპლექსური მიდგომა, თუ დაიწევს 18- 27%, რა თქმა უნდა, შეგვიძლია დავსხდეთ და დავწიოთ ფასი“, - განაცხადა გია ლობჟანიძემ.