დიდთოვლობა და შტორმი აჭარაში - რეგიონში საგანგებო შტაბი ამუშავდა

დიდთოვლობა

რთული ამინდის, შტორმისა და დიდთოვლობის გათვალისწინებით აჭარაში საგანგებო შტაბი ამუშავდა. სანაპირო ზოლზე შტორმია, მაღალმთიან აჭარაში კი უწყვეტად თოვს და თოვლის საფარი უკვე 1 მეტრს აღემატება.

ვითარება მაღალმთიან აჭარაში უცვლელია. ქედაში, შუახევსა და ხულოში ამ წუთებშიც ინტენსიურად თოვს. ასევე მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები. გაწმენდითი სამუშაოები გარდა მაღალმთიანი სოფლებისა, ხელვაჩაურისა და ქობულეთის რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თქმით, არც ერთ მოქალაქეს არ შეექმნება გადაადგილებაზე პრობლემა.

„ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე მისასვლელი გზა უკვე გაწმენდილია. თუმცა, როგორც ცნობილია დღის განმავლობაში გაგრძელდება თოვა, თუმცა ყველა სამსახური, მათ შორის საგანგებო შტაბი, რომელიც ფუნქციონირებს ყველა მუნიციპალიტეტში გააგრძელებს მუშაობას, რომ არცერთ მოქალაქეს არ ჰქონდეს შეფერხება გადაადგილებისას," - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.