„დიახ, მრავალფეროვნად ვართ შექმნილები და მრავალფეროვნად უნდა შევძლოთ თანაარსებობა“ - რას ამბობს ბაია პატარაია ტრანსგენდერი ქალების მიმართ ძალადობაზე

პატარაია

ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ტრანსგენდერი ქალების მიმართ ძალადობას ეხმაურება.

„სახლში რაც გინდათ, ის აკეთეთ!" ეუბნებიან ხოლმე ლგბტ ადამიანებს და საჯარო სივრცეში პროტესტის გამოხატვას უკრძალავენ. გუშინ 5 ტრანსგენდერ ქალს სახლში შეუვარდა 20 კაცი, ანუ აღარც სახლში დაედგომება ადამიანს?

მეგობრებო, რატომაა შეცდომა ეს ფრაზა? ვისაც ქუჩიდან განდევნი, მალე იმას სახლიდანაც განდევნი და ქვეყნიდანაც... ამიტომ ვინმეს განდევნა საჯარო სივრციდან აუცილებლად გადაიზრდება კიდევ უფრო დიდ დევნად.

რუსთაველი უნდა გაგახსენოთ: "რომელმან შეჰქმნა სამყარო, გვაქვს უთვალავი ფერითა". დიახ, მრავალფეროვნად ვართ შექმნილები და მრავალფეროვნად უნდა შევძლოთ თანაარსებობა არა მხოლოდ ინდივიდებმა, არამედ პარტიებმაც, რელიგიებმაც, ეთნოსებმაც და სხვა.

ვინც ჩვენ მრავალფეროვნებას ებრძვის - მოძალადეა და რამეს კი არ იცავს, არამედ ძალადობს ბუნებაზეც და ადამიანზეც და იმის გადაკეთებას ცდილობს, რისი გადაკეთებაც შეუძლებელია.

და ის თუ იცით, რომ მთელი ეს შევარდნა-დაწიოკება მოჰყვა სექსზე უარს. ხო, არც მეტი და არც ნაკლები, ტრანსგენდერმა ქალმა სექსზე უარი უთხრა კაცს და ამ კაცმა მოხიკა თავისი ძმა-ბიჭობა და დააწიოკა მთელი საცხოვრებელი. მივადექით ისევ გაუპატიურების კულტურას (rape culture), სადაც კაცს უბრალოდ არ ესმის სექსზე უარი და იწყებს ძალადობას.

რა ეშველება ამდენ უტვინო და მოძალადე კაცს, რომელიც ვერ ეგუება ქალის უარს? როდის უნდა შეიგნონ კაცებმა, რომ ქალებს აქვთ უარის თქმის უფლება? რატომაა ასეთი ძნელი, ქალი (გინდ ტრნსგენდერი და გინდ სისგენდერი) ვაღიაროთ ადამიანად, რომელსაც აქვს უარის თქმის უფლება კაცისთვის (მათ შორის, შეყვარებულისთვის, ქმრისთვის, მამისთვის ან უცხო კაცისთვის)?

რა გავაკეთოთ ქალებმა, რომ კაცებმა აღიარონ ჩვენი უფლება, ვთქვათ უარი კაცთან ურთიერთობაზე/ქორწინებაზე და სხვა? რით ვერ მოვიპოვეთ უარის თქმის უფლება?", - წერს უფლებადამცველი.