დღეს სულთმოფენობაა - რა უნდა იცოდნენ და გააკეთონ მორწმუნეებმა

სულთმოფენობა

დღეს სულთმოფენობაა. ერთ-ერთი უდიდესი მოძრავი საუფლო დღესასწაული, რომელიც აღესრულება ამაღლებიდან ორმოცდამეათე დღეს.

სულთმოფენობის დღესასწაული აღინიშნება აღდგომიდან 50-ე დღეს. ძველ აღთქმაში პასექი ებრაელების ეგვიპტელთა მონობისაგან გამოსვლას აღნიშნავ და, ხოლო პასექიდან ორმოცდამეათე დღეს აღინიშნებოდა ღმერთის მიერ მოსესთვის სჯულის – სინას მთაზე ათი მცნების მიცემა. და როგორც ახალ აღთქმაში პასექი გახდა ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის ზეიმი, ადამიანთა „გამოსვლა“ ცოდვილი სამყაროდან ღვთის სასუფეველში, ასევე, ორმოცდამეათე დღის დღესასწაული გახდა „ახალი სჯულის“ მოცემის, ქრისტეს მოწაფეებზე სულიწმინდის გარდამოსვლის ზეიმი.

დღესასწაულის ღვთისმსახურებაში სულიწმინდის გარდამოსვლა აღინიშნება ადამიანებისთვის წმინდა სამების გამოცხადებასთან ერთად, რადგან სულიწმინდის ადამიანებზე გარდამოსვლით ვლინდება ღმრთეების სისავსე, მისი თვითგანცხადება და თავდადება თავისი ქმნილებისათვის. მართლმადიდებლურ გარდამოცემაში სულთმოფენობას ხშირად სამებობასაც უწოდებენ და ამ დღეს ტაძრის ცენტრში აბრძანებენ წმინდა სამების ხატსაც, რომელზედაც წმინდა სამება გამოსახულია სამი ანგელოზით, რომლებიც მამამთავარ აბრაამს გამოეცხადნენ.

სულიწმინდის გარდამოსვლის კანონიკურ ხატზე კი გამოსახულია თორმეტ მოციქულზე გარდამოსული ცეცხლოვანი ენები; მოციქულები სხედან ერთად, „კოსმოსი“-სამყაროს სიმბოლურ წრეზე. ესაა სწორედ „სამოციქულო“ ეკლესიის პირველი სახე.

დიდ მწუხრზე სამი ხანგრძლივი ლოცვა იკითხება, რომლის დროსაც მორწმუნეები აღდგომის შემდეგ პირველად იყრიან მუხლს.

სულთმოფენობის შემდეგ პირველი ორშაბათი სულიწმინდის დღესასწაულია, „სულიწმინდის დღე“ შემდეგი კვირა კი – ყველაწმინდანის დღესასწაული.