დღეს გაჩენილი ხანძრის გამო, ყვარლის სოფელ შილდის პირველი საბავშვო ბაგა-ბაღიდან, აღსაზრდელები გაურკვეველი ვადით დაითხოვეს

ბაღი

დღეს გაჩენილი ხანძრის გამო, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის პირველი საბავშვო ბაგა-ბაღიდან აღსაზრდელები გაურკვეველი ვადით დაითხოვეს.

ხანძარი ბაღში დღისით, სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობის დროს გაჩნდა. ცეცხლი, სავარაუდოდ, შეშის ღუმელიდან გავრცელდა და ჭერის ნაწილს მოედო. დაკვამლიანება ერთ-ერთმა ძიძამ შენიშნა, რის შემდეგაც შენობიდან ბავშვებისა და აღმზრდელების ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს. ცეცხლის ქრობისას, წყლის ნაკადმა ჭერი დაასველა და ის ნაწილობრივ ჩამოცვივდა. ყვარლის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ნონა დავითაშვილის განმარტებით, შენობაში საბუხრეები არ არის და ოთახებში შეშის ღუმელები გამოიყენება.

„45 ბავშვი შენობიდან იმავე წამს გავიყვანეთ და 112-ში დავრეკეთ. ბაგა-ბაღი ისტორიულ გალავანშია მოქცეული, რის გამოც კაპიტალური რემონტის ჩატარება რთულია. ხვალიდან დაიწყება ზიანის შესწავლა“, - განაცხადა დავითაშვილმა.

როდის აღდგება ბაღში სააღმზრდელო პროცესი, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.