„ვიყავი თეონას საფლავზე და გვირილები მივართვი. როგორ ვატარებ არ ვიცი, მაგრამ ჯვარს რომ ვატარებ, ვიცი“ - რას გვიყვება ტრაგიკულად გარდაცვლილ ცოლზე გიო მგელაძე

teona

 რეჟისორი გიო მგელაძე 21 წლის წინ ტრაგიკულად გარდაცვლილი მეუღლის ფოტოს აქვეყნებს და აწერს - დღეს თეონას დაბადების დღეა.

თეონა ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. ფოთის ხეივანში მიმავალ მანქანაში მასთან ერთად ისხდნენ გიო და ნინია კაკაბაძე, რომელიც საჭეს მართავდა.

"მამაჩემს ხილვა ჰქონდა და ეს ავარია თავიდან ბოლომდე ნახა. გზაში ვიყავით, რომ დამირეკა… ასე რომ, არავის ბრალი არ არის ის ავარია. 

ჩემი მხარე დაეტაკა ხეს და ხე მანქანაში შემოვიდა. წესით, მე უნდა დავღუპულიყავი. მთლიანად დავილეწე, თეონა კი…" - ძველ ინტერვიუში ჰყვებოდა გიო. 

გიოს და თეონას ვაჟი ლუკა 31 წლისაა. წყვილის სიყვარულის ისტორია კი ერთ-ერთი გამორჩეული იყო...

გიო მგელაძე ძველ ინტერვიუებში საყვარელ ქალს ასე იხსენებდა: "თეონა ჩემთვის ყველაზე მაგარი გოგო იყო, ვისაც შევხვედრივარ. გამიმართლა, ძალიან მაგარ გოგონებთან მქონია ურთიერთობა. არავის ერთმანეთს არ ვადარებ, მაგრამ თეონა ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარულია. 

თეონასთან ვიგრძენი, სიყვარულის ხარისხი სულ იცვლებოდა. ოღონდ ''დაუნ'' (ქვევით) - არა, ''აფ'' (ზევით). 13 წელი ვიყავით ერთად და კი არ გამქრალა სიყვარული, უფრო და უფრო გვიყვარდებოდა ერთმანეთი.

უშრეტი ენერგია ჰქონდა. სანამ გავიღვიძებდით, ამხელა სახლი მთლიანად ბზინავდა. მინიმუმი, ხუთი სახეობის კერძი გაკეთებული ჰქონდა და ხატავდა უკვე. მისი უამრავი ნახატი მაქვს სახლში კედლებზე. 

კინორეჟისორი გია რევიშვილი ფილმ “კვირა დღეს” იღებდა და მთავარ როლს მე ვთამაშობდი. ამ ფილმში ერთი სიუჟეტია, სადაც ჩემი გმირი გოგოს გამო ჩხუბობს. თეონა იმ დროს მოვიდა გადაღებაზე. გავიცანი თუ არა, რაღაც მოხდა. იმავე დღეს ავადექი სახლში და ეს სიყვარული იმ დღის მერე აღარც დამთავრებულა, ისევ გრძელდება. მან მაჩვენა, რომ შეიძლება სიყვარული გახუნდეს კი არა, ყოველდღე უფრო და უფრო გაძლიერდეს".

ტრადიცია, რომელსაც ყოველ 17 მარტს გიო ზედმიწევნით ასრულებს, ყვავილების საფლავზე მირთმევა და ტაძარში პანაშვიდის გადახდაა.

და 21 წლის შემდეგ გიო "პრაიმტაიმის" მკითხველს თეონაზე უყვება...

გიო მგელაძე: ამ დღეს მივდივარ საფლავზე და მიმაქვს ყვავილები. დღეს მეგობართან ერთად ვიყავი საფლავზე და გვირილები მივართვი.

არ ვსევდიანობ, ამ დღეს ლაღად და თავისუფლად ვარ. 

ერთადერთხელ დამესიზმრა. თეთრი შენობები იყო, ხალხიც თეთრებში იყო გამოწყობილი. თეონა დაიკარგა, ვეძებდი, ვეძახდი და ვერ ვიპოვე. 

იცით, დრო სტატიურია, ცხოვრება ცხოვრებაა და ის უამრავი პროცესები, რასაც გავდივართ, პირველ ემოციებს აქარვებს, ცვეთს. ყველაზე მნიშვნელოვანი რჩება, დარდი, სევდა, მონატრება კლებულობსავით და უფრო გაცნობიერებულად უყურებ სხვადასხვა რაკურსიდან. რაკურსები იცვლება ჩვენთან ერთად. 

ტკივილი აძლიერებს... კიდევ კარგი, რომ გაძლიერებს ის, რაც არ გკლავს. როგორ ვატარებ არ ვიცი, მაგრამ ჯვარს რომ ვატარებ, ვიცი. არ არის მძიმე. ნელ-ნელა შემსუბუქდა. სხვა ფორმა მიიღო. ემოცია შედარებით ცივმა გაცნობიერებამ ჩაანაცვლა. 

- რა ხდება თქვენს ცხოვრებაში ახლა?

 - ორი წელია აღარ ვარ მარტო. ვცხოვრობ ჩემს მეორე ნახევართან, ლიზა ვაჩნაძესთან ერთად. 

- ძველ ინტერვიუებში ამბობდით, იქნებ კიდევ მოვიდეს ჩემს ცხოვრებაში სიყვარულიო. მოსულა...

- რა თქმა უნდა, მოვიდა...

- შემოქმედებაშიც გაქვთ სიახლე?

- დავასრულე ჩემი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი "ნაფლეთები დაფერფლილი დღიურიდან". მას მალე იხილავს მაყურებელი.