1782240913
დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებსა და ბიზნესს ჰქონდეს შესაძლებლობა, საჭირო სერვისები სწრაფად და ეფექტიანად მიიღონ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ქუთაისში, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისი გახსნა.
მინისტრმა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი და აღჭურვილი შენობა დაათვალიერა. დავით სონღულაშვილი სააგენტოს თანამშრომლებსაც შეხვდა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კომფორტული გარემო კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის საქმიანობას და გაზრდის მომსახურების ხარისხს.
„დასავლეთ საქართველოში მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისის გახსნა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს სააგენტოს სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და რეგიონებში წიაღის სექტორის ეფექტიანი მართვის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებსა და ბიზნესს ჰქონდეს შესაძლებლობა, საჭირო სერვისები ადგილზე, სწრაფად და ეფექტიანად მიიღოს. ჩვენი მიზანია, თანამედროვე მიდგომებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვით შევქმნათ უფრო გამჭვირვალე, შედეგზე ორიენტირებული სერვისები, რომელიც თავსებადი იქნება გარემოსდაცვით სტანდარტებთან“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
ახალი რეგიონული ოფისის გახსნას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილეები ლაშა ავალიანი და გიორგი წკრიალაშვილი, ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი აბელ აბესაძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.












