ვიქტორ ჯაფარიძე გენერალურ პროკურორს: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გენერალურ პროკურატურაში შეიქმნა სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტი და დღესაც ძალიან ბევრი, სააკაშვილის რეჟიმის დროს, გაუბედურებული და "გაკულაკებული" მოქალაქე ელოდება ამ დეპარტამენტის პასუხებს, რატომ ჭიანურდება ეს საქმეები

ვიქტორ ჯაფარიძე

პარტია “ხალხის ძალის“ რეგიონალურმა მდივანმა ვიქტორ ჯაფარიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, გენერალური პროკურორის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენისას გიორგი გვარაკიძეს კითხვებით მიმართა.

დეპუტატმა გენერალურ პროკურორს სთხოვა დაჩქარდეს იმ საქმეების განხილვა, რომელიც წლებია სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტში დევს და დაზარალებულმა ადამიანებმა მიიღონ პასუხი, თუნდაც უარყოფითი.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გენერალურ პროკურატურაში შეიქმნა სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტი და დღესაც ძალიან ბევრი მაშინ [სააკაშვილის რეჟიმის დროს] გაუბედურებული და "გაკულაკებული" მოქალაქე ელოდება ამ დეპარტამენტის პასუხს. ძალიან კარგად მესმის, რომ რთულია - შეიძლება კეთილსინდისიერი შემძენიც იყოს კონკრეტულ ქონებებზე; ისიც ვიცი, რომ რთული პრობლემებია - მესმის, რომ ბევრ ადამიანს დაუბრუნდა ქონება და ა.შ. მაგრამ, არიან გარკვეული პიროვნებები, რომელებიც საქმეების გადახედვას ითხოვენ, ასეთ დროს უარიც პასუხია, რომ იმედი აღარ ჰქონდეთ ქონების დაბრუნების.

ვიცი, რომ ამ საკითხის განხილვა ამ ფორმატში არ არის შესაძლებელი, მაგრამ მაინც გეტყვით ერთ-ერთ ქეისზე. მოქალაქე ბონდო შალიკიანის საქმე მთელმა ქვეყანამ იცის, ყველამ იცის, რა გაუკეთეს, ბოლოს გაურკვეველ ვითარებაში იქნა მოკლული მინსკში. მისი ოჯახი კი მთლიანად გაკულაკებულია. ჩამორთმეული ქონება ოჯახმა ვერ დაიბრუნა.

აქ არიან პარლამენტის წევრები, რომლებიც სამართლიანობაზე საუბრობენ. მსურს შევახსენო ერთ-ერთ მათგანს, რომელიც ბონდო შალიკიანზე ამბობდა, თითქოს ის კანონიერი ქურდი იყო და ქონება ამიტომ არ უბრუნდებოდა. მსურს შევახსენო, რომ ის (ბონდო შალიკიანი) იყო პარლამენტის არჩეული წევრი, რომელიც დააპატიმრეს; საჯაროდ გახდა ცნობილი ინფორმაცია, როგორ ითხოვდნენ გუბერნატორი და პროკურორი ქონების გადაფორმებას. ეს ყველაფერი მაგალითის სახით მოგიყევით და გთხოვთ, როგორმე დააჩქაროთ ეს პროცესები -უარიც პასუხი იქნება,”- განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

ვიქტორ ჯაფარიძის საპასუხოდ გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ დეპარტამენტში დღესაც არის მიმართვიანობა და გარკვეულწილად გასაკვირია, როდესაც ახლა შემოდის ისეთი განცხადებები, რომლებიც შეიძლებოდა შემოსულიყო დეპარტამენტის შექმნის ეტაპზე. გენერალურმა პროკურორმა თავი შეიკავა კონკრეტულ საქმეებზე საუბრისგან და აღნიშნა, რომ მისთვის გასაგებია პროცესების დაჩქარების აუცილებლობა.