,,დანახვისთანავე მივხვდი, რომ ის არის..." - გამოცდაზე ხელის თხოვნა და ქართლ-კახური სიყვარულის ისტორია

წყვილი

დღეს, სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, რომელიც თელავის უნივერსიტეტში იყო გადაღებული. ბიჭმა საყვარელ ადამიანს ხელი გამოცდაზე სთხოვა.

წყვილი საკუთარი სიყვარულის ისტორიას ,,პრაიმტაიმის" მკითხველს უზიარებს.

დანიელ გიგაური ქარელიდან არის, გურანდა ღარიბაშვილი კი, ყვარლიდან.

ბიჭი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხოლო გოგონა - თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია.

წყვილი ერთმანეთს დანიელის დაარსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დააკავშირა, სადაც გურანდა გასაუბრებაზე მივიდა.

"მაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია, განათლების მიმართულებით. გურანდა გასაუბრებაზე მოვიდა და ფსიქოლოგიის კომიტეტში დაიწყო მუშაობა. პირველსავე დანახვაზე მივხვდი, რომ ის არის, ვისაც მთელი ცხოვრება ვეძებდი. აი, ხომ იცით, მუცელში პეპლები რომ დაფრინავენ, ჭიანჭველები რომ დადიან და თვალები გიციმციმებს, ზუსტად ასე დამემართა", - უყვება ,,პრაიმტაიმს" დანიელი.

ბიჭისგან სიყვარულის გამხელას გოგონამ თავიდან უარით უპასუხა, თუმცა გრძნობამ თავისი გაიტანა და წყვილმა ურთიერთობა გადაწყვიტა.

"ორგანიზაციაში უსიამოვნებები იყო. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, კონფლიქტი რამე სასიამოვნოთი შემეცვალა. ავდექი და სიყვარულში გამოვუტყდი. თავიდან უარი თქვა, გოგოა, მაინც... თუმცა, გრძნობამ თავისი გაიტანა და ერთმანეთს ერთი წელია, ვხვდებით. ერთად ყველაფერი გვიადვილდება." - ამბობს დანიელ გიგაური.

შეყვარებულმა ბიჭმა, გოგონას გამო ქარელი მიატოვა და საცხოვრებლად ყვარელში გადავიდა. დანიელი ჰყვება, რომ გადაწყვეტილებამ მისი ოჯახი არ აღაფრთოვანა, თუმცა, სიყვარულის გამო უჩვეულო გადაწყვეტილებებს, ის კანონზომიერად მიიჩნევს.

"გადავწყვიტე, დამეტოვებინა ქარელი. როდესაც გიყვარს, მხარი უნდა დაუჭირო, განვითარებაში დაეხმარო, თანადგომა გამოიჩინო. გურანდას სიყვარულით, ჩემთვის სრულიად უცხო საგნების სწავლაშიც კი მასთან ერთად გამითენებია, ჩემები ძალიან შეწუხდნენ, ერთი ბიჭი ვარ ოჯახში, მაგრამ გურანდა ყველაზე მთავარია ჩემს ცხოვრებაში. დავრჩები ყვარელში მანამდე, სანამ სწავლას დაასრულებს, მერე ვნახოთ".

დანიელი გვიყვება, რომ საჯაროდ ხელის თხოვნისას, გურანდასთან სათქმელად წინასწარ მომზადებული ტექსტი დაავიწყდა და ბევრი რამ მხოლოდ ვიდეო - კადრების ნახვის შემდეგ აღიდგინა.

"ბუნებრივია, წინასწარ ვემზადებოდი. საქმის კურსში იყო მხოლოდ მეჯვარე და ვინც გამოცდიდან გამოდიოდა, ისიც იგებდა. ვიცოდი, რომ როგორც წარჩინებული, დიდხანს იმუშავებდა და სესიიდან ბოლოს გამოვიდოდა. ვფიქრობდი, 7-8 ადამიანი მოგროვდება და თავს გავართმევ- მეთქი. თუმცა, იმდენი ხალხი და ისეთი ემოციური ვითარება იყო, წინასწარ მომზადებული ტექსტი სულ დამავიწყდა, სურათი კი, მხოლოდ კადრების ნახვის შემდეგ აღვიდგინე, საერთოდ აღარაფერი მახსოვდა".

გურანდა ღარიბაშვილი უკვე მეოთხე კურსზეა. ,,პრაიმტაიმთან" გოგონა ჰყვება, რომ დანიელის გამორჩეულ ყურადღებას მუდმივად გრძნობდა, თუმცა გადაჭარბებულ ყურადღებას, მხოლოდ ახალი სამსახურით ხსნიდა.

"მეგონა, ახალი ვარ და ყურადღებას ამიტომ იჩენს- მეთქი. სიმპათიები მეც მქონდა, მაგრამ სიყვარულის ახსნა, მოულოდნელი იყო. ამიტომ ცოტა უკან დავიხიე, თუმცა სიყვარულთან გამკლავება ადვილი არ არის. ხელის თხოვნა ხომ საერთოდ ისეთი მოულოდნელობა იყო, ვერაფრით წარმომედგინა. მე ყველაფერს ვგეგმავ, როცა რამეს ვაკეთებ. ეს აშკარად, სხვა იყო, სრულიად ახალი, ამაღელვებელი... აღმოჩნდა, რომ მამაჩემიც ეხმარებოდა და ჩემმა მეგობრებმაც იცოდნენ. თუმცა, ჩემს გადაწყვეტილებაში ისეთი დარწმუნებული ვარ, რომ ვიცი, არასოდეს ვინანებ".

წყვილი მალე ხელს მოაწერს. სწავლის დასრულების შემდეგ კი, საქორწინო ცერემონიალი შედგება.

მანამდე შეყვარებულები ყვარელში, მშობლებისგან განცალკევებით იცხოვრებენ და როგორც თვითონ ამბობენ, ახალდაქორწინებულთა ყველასათვის ცნობილ წინააღმდეგობებს, ერთად, სიყვარულით გადალახავენ.