დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გაფრთხილება - როგორ უნდა მოიქცეთ თუ ზღვაზე დასვენებას აპირებთ

ზღვა

ზაფხულის სეზონიდან გამომდინარე, ზღვაზე დასვენება და რუჯის მიღება აქტუალურია. ამ დროს მოქალაქეები კანის შეფერვისთვის არაერთ არაორდინარულ მეთოდს მიმართავენ, რასაც ხშირად ჯანმრთელობისთვის საზიანო შედეგი მოჰყვება.

„პრაიმტაიმთან“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე განმარტავს, როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები თუ ზღვაზე დასვენებას გადაწყვეტენ. როგორც ქაშიბაძე აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა რუჯი დილის 11 საათამდე და საღამოს 5 საათის შემდეგ მიიღონ.

„მოქალაქეებმა დასვენების დღეები მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ. ვინც ზღვაზე მიდის, უნდა იცოდეს, რომ 11 საათამდე და 5 საათის  შემდეგ არის რუჯის მიღება უსაფრთხო. მაინც და მაინც ამ დროის შუალედში თუ გადაწყვეტენ რუჯის მიღებას, აუცილებლად უნდა გამოიყენონ მზისგან დამცავი კრემები. მზისგან დამცავ კრემსაც სწორი გამოყენება უნდა. საათში ერთხელ უნდა მოხდეს მისი განახლება. განსაკუთრებით მოუფრთხილდით ბავშვებს, რადგან მათი კანი განსაკუთრებით ნაზია. ასევე, აუცილებელია ღია ფერის ქუდი გვეხუროს, მზისგან დამცავი სათვალე გვეკეთოს“,-  განაცხადა ქაშიბაძემ.

საქართველოში რუჯის მიღების განსხვავებულ ხერხსაც მიმართავენ, რაც დამწვრობას იწვევს. საუბარია ლეღვის ნახარშზე, რომელიც წელს 16 წლის გოგონამ გამოიყენა. აღნიშნულის გამოყენების შემდეგ, მან სხეულის დამწვრობა მიიღო. ქაშიბაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ლეღვის ნახარში რუჯის მიღებისთვის არ გამოიყენონ.