დაიბადა, დაიბადა! დიტო რაზმაძე, რომელმაც აგვისტოს ომში დედ-მამა დაკარგა, ბიჭის მამა გახდა (VIDEO)

peg

"აქ იდექი, არსად წახვიდე, დედიკოს ჩამოვიყვან და აქაურობას გავეცლებით..." - ეს მამა-შვილის უკანასკნელი დიალოგი იყო, გორში აგვისტოს ომის უმძიმეს დღეს ზვიად რაზმაძე და მისი მეუღლე დაიღუპნენ. მათი შვილი, დიტო რაზმაძე სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა... ასე გახდა ის ომის შვილი... 

ახლა, სულ რამდენიმე წუთის წინ დიტო რაზმაძე მამა გახდა, აგვისტოს ომს უკვე "შვილიშვილი" ჰყავს... ახალშობილი ომში ტრაგიკულად დაღუპული პაპის - ზვიადის მოსახელეა... 

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, დიტო რაზმაძესთან ინტერვიუ ჩავწერე... 

2008 წლის 8 აგვისტო, დილის 9 საათი. გორის ცაზე რუსული ბომბდამშენები გამოჩნდნენ. პირველი საჰაერო იერიში ვერხვების დასახლებაზე მიაქვთ. აფეთქების ხმა... ცეცხლის ალში გახვეული სახლებიდან თავზარდაცემული ადამიანები გარბიან.

ზვიად რაზმაძე 7 წლის შვილთან და შვიდი თვის ორსულ მეუღლესთან ერთად ჯერ სახლშია. აფეთქების სიმძლავრემ მათი ბინის კარი ჩარაზა და გარეთ გასვლას ვერ ახერხებენ. ზვიადი შვილს კისერზე ისვამს, მესამე სართულის აივნიდან ბუნებრივი აირის მილით ბიჭუნა ეზოში ჩაჰყავს და ავტოფარეხში მალავს:

"აქ იდექი, არსად წახვიდე, დედიკოს ჩამოვიყვან და აქაურობას გავეცლებით..."

ეს მამა-შვილის უკანასკნელი საუბარია... მერე ზვიადი მილით უკან აცოცებას ცდილობს, მაგრამ ამ დროს ჭურვი რაზმაძეების კორპუსს ეცემა. ზვიადის უსულო სხეული მესამე სართულის აივნიდან მიწაზე ეცემა... მოგვიანებით მის საძებნელად მისული ძმა ზვიადის ცხედარს პოულობს და რაზმაძეების შეხვედრის სულისშემძვრელი კადრი აგვისტოს ომის სიმბოლოდ იქცევა. ამ ფოტოსურათმა მსოფლიო შეძრა.

(დიტო რაზმაძის მამა და ბიძა)

მანამდე კი...

დაჭრილი შვიდი თვის ორსული ზვიადის მეუღლე ალმოდებულ სახლში დახმარებას ითხოვს. მეზობლები გაჭირვებით, მაგრამ მაინც ამტვრევენ კარს და მუცელში ანასხლეტებმოხვედრილი ახალგაზრდა ქალი ეზოში, სასწრაფო დახმარების მანქანასთან ჩაჰყავთ... გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაუდებელ ოპერაციას უტარებენ, მაგრამ... მაკა მესროფაშვილი 27 წლის იყო...

აფეთქების სიმძლავრემ 7 წლის დიტო შორს გადააგდო. მეზობელმა იპოვა და ისიც გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, იქ, სადაც მისი გარდაცვლილი მშობლები იყნენ... მძიმედ დაჭრილი ბავშვი გადარჩა.

ომის სიმბოლოდ ქცეული ფოტოს მეორე გმირი, ზვიადის ძმა ზაზა რაზმაძე, 2014 წელს დენის მაღალმა ძაბვამ იმსხვერპლა.

გავა წლები და ზაზა და ზვიად რაზმაძეების დედა ერთ-ერთ ინტერვიუში იმ ტრაგიკულ დღეს ასე გაიხსენებს:

"ერედვიდან 1993 წელს წამოვედით. მოვახერხეთ და ბინა ვიყიდეთ. ზაზა და ზვიადი პროფილაქტიკაში ერთად მუშაობდნენ... 4 აგვისტოს თბილისში გამიშვა ზვიადმა, ჩემი დის სანახავად, თან შვილიშვილები მიმყავდა. იმ დროს გორში საშიშროება არ იგრძნობოდა. მერე ზაზამ დამირეკა, არეულობაა, აქეთ არ წამოხვიდე, მე ვაგონში დავიძინებ, ზვიადი და მისი ცოლ-შვილი კი სიდედრთან, სოფელ ხელთუბანში წავიდნენო.

8 აგვისტოს ზვიადს ღამის 12 საათზე ველაპარაკე. ტელევიზორში დავინახე, ჩემი სახლი იწვოდა. არ მინდოდა, დამეჯერებინა და თავს ვარწმუნებდი, არა, ეს ჩემი სახლი არ არის-მეთქი. ისიც კი გამოაცხადეს, ამ ბინაში ფეხმძიმე გოგო დაიღუპაო. ჩემი რძალი, მაკა, 7 თვის ფეხმძიმე იყო, მაგრამ არ მიფიქრია, რომ ის იქნებოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ისინი მაკას მშობლებთან იყვნენ. ჩვენს კორპუსში იმ დროს ოთხი ფეხმძიმე ცხოვრობდა და ვტიროდი, ნეტავ, რომელია-მეთქი? თურმე, ზაზამ იქ რომ გამოიარა, დაინახა, სახლი იწვოდა და აგიზგიზებულ ცეცხლში შევარდა...

ოჯახის წევრებს ეძებდა... ჭრელი მაისურით იცნო გარდაცვლილი ძმა და ლამის გაგიჟდა... მაკა თურმე, ჯერ ცოცხალი იყო. საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ მხოლოდ ოთხი საათი იცოცხლა. სიკვდილის წინ უთქვამს, სად არის ზვიადი? დიტოს მიმიხედეთო."

"ხუთი წლის წინ ბიძაც დავკარგე"

დიტო პაპა-ბებიასთან გორის რაიონში, სოფელ ხელთუბანში იზრდებოდა. გავიდა წლები და ჩემთან საუბარში უმძიმესი დღე ასე გაიხსენა:

"სახლში ვიყავით, დაბომბვა რომ დაიწყო. მამამ კორპუსზე მიმაგრებული გაზის მილით ეზოში ჩამიყვანა, მერე კი დედას ჩამოსაყვანად უკან აბრუნდა... მერე ბომბი ჩამოვარდა... მეტი არაფერი მახსოვს. სამი თვე ვიწექი კლინიკაში.

ჩემი სახლისკენ გახედვაც არ მინდა. ჩემი მეორე მშობლები პაპა და ბებია არიან. დედ-მამაზე არ ვლაპარაკობთ, მაგრამ ფიქრებით სულ ჩემთან არიან. ყველაზე მეტად მიმძიმს დღესასწაულები, მათი დაბადების დღეები, გარდაცვალების დღე, აღდგომა... - იხსენებდა დიტო რაზმაძე.