დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან, სადაც შეიარაღებული პირია შეჭრილი, საპოლიციო ღონისძიება ამ დრომდე გრძელდება. „კურიერმა“ ერთ-ერთი მძევლის ჩაწერა მოახერხა.
„დაძაბული ვითარებაა, ველოდებით თანხას, რომ მალე გამოვიდეთ აქედან. 13 თუ 14 ვართ, არ ვიცით. [თავდამსხმელს] პრეტენზია არ აქვს, უბრალოდ რაღაც წამმზომი რომ არის დაყენებული, დრო გასდის და შეიძლება, აფეთქდეს. არ ვიცი, რამდენი დროა დარჩენილი. ვნერვიულობთ და ვღელავთ. თანხას რომ მოიტანთ, მერე გამოვალ ლაივშიო“, - ამბობს ერთ-ერთი მძევალი.
ცნობისთვის, რამდენიმე საათია ქუთაისში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში სპეცოპერაციაა. ბანკში მძარცველი შეიჭრა, რომელმაც 12 მძევალი აიყვანა და 2 მილიონ დოლარს ითხოვს.
ბანკის ტერიტორიაზე მყოფების ინფორმაციით, ბანკში შეჭრიდან რამდენიმე წუთში, მათ უკვე გაიგეს ხმაური.
თვითმხილველის თქმით, დაინახა დამლაგებელი ქალი, რომელიც შეჭრის დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ის სავარაუდოდ შიშის გამო სიმაღლიდან გადმოვარდა. მისივე თქმით, ქალს უკვე გაეწია პირველადი დახმარება და ის ერთ-ერთ მთავარ მოწმედ განიხილება.
„ატყდა ერთი ამბავი გარეთ, მერე მივედით და გავიგეთ, რომ დამლაგებელი ასული ყოფილა ზევით, რომ შევარდა ეს შიშის გამო გადმოვარდა თუ გადმოხტა კივილ-კივილით გამორბოდა ის ქალი, მანამდე ბანკში ყოფილა ეს დამლაგებელი ქალი, ფანჯარას წმენდდა და გადმოვარდნილა“, - აცხადებს თვითმხილველი.