„უფალო, გვაპოვნინე...“ - ცნობილია ახალგაზრდა კაცის ვინაობა, რომელსაც მტკვარში ამ დრომდე ეძებენ
1780557055
საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სპორტულ ღონისძიებაში - მარშირება რთულ რელიეფზე მონაწილეობის მისაღებად შოტლანდიაში გაემგზავრნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამხედროები თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გააცილეს და წარმატებული ასპარეზობა უსურვეს.
მარშირებაში რთულ რელიეფზე მონაწილეობას მიიღებენ: პოლკოვნიკი ელგუჯა ბიბინიძე, მაიორი ავთანდილ მუშკუდიანი, მასტერ-სერჟანტი ივანე ემელიანოვი, უმცროსი სერჟანტი გიორგი ჭინჭარაული, კაპრალი რამინ ფუტკარაძე, ვიცე-პოლკოვნიკი მერაბ დემურაშვილი და ბაკურ მგელიაშვილი. ტურნირში ჩართვისთვის მათ ინტენსიური მომზადება გაიარეს.
ქართველი სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული გუნდი აღნიშნულ ღონისძიებაში მეხუთედ მონაწილეობს. გასულ წლებში მათ წარმატებით იასპარეზეს და არაერთი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ღონისძიება 6-12 ივნისს შოტლანდიის ქალაქ პერზირში ,,Allied Forces Foundation"-ის (მოკავშირე ძალების ფონდი) ეგიდით გაიმართება. სპორტულ ღონისძიებაში ქართველი სამხედროების გარდა, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, უკრაინისა და სხვა სახელმწიფოების ათასზე მეტი წარმომადგენელი ჩაერთვება. ღონისძიება მიზნად ისახავს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების თავდაჯერებულობისა და თვითშეფასების ამაღლებას, რაც მათ თვითრეალიზაციაში დაეხმარება. სპორტული აქტივობები დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს კონტაქტის დამყარების, ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობასაც აძლევს.