დაავადებები, რომლებიც შეიძლება დეპრესიაში აგვერიოს

ექიმი

ადამიანები ხშირად უჩივიან გუნება-განწყობის დაქვეითებას და ფიქრობენ, რომ დეპრესია აქვთ. „მოთენთილი ვარ“, „არაფრის ხალისი არ მაქვს“, „რასაც ადრე ვაკეთებდი, ვეღარ ვაკეთებ“ - მსგავსი ჩივილები გავრცელებულია, თუმცა ექიმთან მიმართვა იშვიათად ხდება.

როგორც ექიმმა გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში დილა მშვიდობისა, საქართველო განმარტა, დეპრესიის მსგავსი ნიშნები შესაძლოა სხვა, ზოგჯერ საკმაოდ სერიოზულ დაავადებებს უკავშირდებოდეს, მათ შორის ონკოლოგიურ პათოლოგიებსაც.

რომელი დაავადებები იწვევს დეპრესიის მსგავს სიმპტომებს?

ფარისებრი ჯირკვალი (ჰიპოთირეოზი)
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება იწვევს განწყობის გაუარესებას, ენერგიის კლებას, მადისა და ძილის რეჟიმის ცვლილებას.

ძილის აპნოე (ღამით ხვრინვა)
ასეთ დროს ღამით სუნთქვა პერიოდულად ჩერდება, ტვინს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება და ადამიანი დილით უკვე დაღლილი იღვიძებს, რაც განწყობაზეც აისახება.

ღვიძლის დაავადებები
ღვიძლის პრობლემები აფერხებს ანდროგენებისა და ტესტოსტერონის სწორ მეტაბოლიზმს. ექიმის თქმით, მამაკაცისთვის დაქვეითებული ტესტოსტერონი ენერგიისა და მოტივაციის მნიშვნელოვან კლებას იწვევს.

შაქრიანი დიაბეტი
დიაბეტი აზიანებს სისხლძარღვებს, რის შედეგადაც ირღვევა ჟანგბადის მიწოდება და მცირდება ენერგია.

მედიკამენტები
წნევის, არითმიისა და სხვა ქრონიკული პრობლემების სამკურნალო პრეპარატები, ასევე სტეროიდები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ალერგიის, კუჭის წყლულისა და აკნეს სამკურნალო მედიკამენტები შესაძლოა განწყობის დაქვეითებას იწვევდეს.

ონკოლოგიური დაავადებები
პანკრეასის სიმსივნე, ლიმფომები და ფილტვის სიმსივნე ზოგჯერ სწორედ დეპრესიის მსგავსი სიმპტომებით ვლინდება.

ანთებითი დაავადებები
ქრონიკული ანთებითი პროცესების დროს სისხლში მიმდინარე ბიოქიმიური ცვლილებები გავლენას ახდენს ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე.

მძიმე მეტალები
ორგანიზმში ტყვიის მაღალი შემცველობაც შესაძლოა დეპრესიულ მდგომარეობას უკავშირდებოდეს.

ვიტამინების დეფიციტი ან სიჭარბე
B12, B1, D ვიტამინებისა და ფოლიუმის მჟავას დეფიციტი ან სიჭარბე ხშირად განწყობის ცვლილებებს იწვევს.

ექიმის განმარტებით, თუ ადამიანს ხანგრძლივად აქვს ენერგიის ნაკლებობა, ინტერესის დაკარგვა და განწყობის დაქვეითება, აუცილებელია მიზეზის დადგენა და მხოლოდ „დეპრესიად“ არ უნდა ჩაითვალოს მდგომარეობა. სპეციალისტთან კონსულტაცია ხშირად საშუალებას იძლევა, დროულად გამოვლინდეს ძირითადი პრობლემა და თავიდან იქნას აცილებული გართულებები.