"ჩემო მეგობარო! არ გემშვიდობები! ეს ცრემლი გინათებდეს სულეთში მიმავალ გზას" - ტარიელ ხარხელაურის ემოციური გამოსათხოვარი თამაზ მეჭიაურს

ხარხელაური

"შვილო ტანჯულის ქვეყნისავ, სული დაჰლიე ტანჯვითა, მიუხვალ მამა-პაპათა ამოღებულის ხანჯრითა" - ვაჟას ამ სიტყვებით ემშვიდობება ტარიელ ხარხელაური თავის უერთგულეს მეგობარს, თამაზ მეჭიაურს.

პოეტი, საკუთარ სოციალურ გვერდზე ძალზედ ემოციურ სიტყვებს წერს.

ტარიელ ხარხელაური: - ჩემო თამაზ! ჩემო მეგობარო! როგორ მეუხერხულება შენზე სამგლოვიარო სიტყვების წერა და ჩემთვის როგორ თავზარდამცემია შენი ამ ქვეყნიდან წინსწრებით გასვლა.

უხდებოდი შენს ქვეყანას, სჭირდებოდი შენს თიანეთს, გვჭირდებოდი ჩვენ - უფრო მეტად შენს მეგობრებს... სატირალსა და სავაგლახოს შენნაირი წესით ნაცხოვრები კაცები არ სტოვებენ... მიდიხარ და მიგაქვს შენთვის სალოცავ ხატად გამხდარი თიანეთისა და თიანელებისგან საოცრად ნატკენი გული... რა ვუყოთ, ძმაო! ეს წუთისოფლის თანამდევი სენია, ავადმყოფობაა. დღევანდელობისაგან თავგზააბნეულებს ქვეყნისთვის ავისა და კარგის გამორჩევისთვის ვერ მოგვიცლია, თვალი ვერ გაგვისწორებია, თვალი გონებისა, სინათლისა და სიყვარულის მადლით მხედველი... დროს ვერ მოვერიეთ, დროს - ერთმანეთის საკორტნელად წამქეზებელს. საქართველოზე ჯავრით სავსე და ნატკენი გულით გაცილებს მთელი საქარათველო.... არა მგონია იოლი იყოს შენნაირი კაცების ჭირისუფლობა, არადა, თურმე შეგვძლებია...

მართალი არ ვიქნები თუ ამ დღეებში შენთვის დაღვრილ ცრემლს გულჩვილობას მივაწერ. მხოლოდ ასეთი გულწრფელი ცრემლი და ტკივილია ჭეშმარიტი ტკივილი. ეს ტკივილი და ეს ცრემლი გინათებდეს სულეთში ღირსებით მიმავალ გზას მამაპაპათა აჩრდილებთან ღირსეულად შესახვედრად...

ცრემლმა გაგალა თვალები, უნდა უცრემლოდ გიტირო,

აღარც შენ მეპიტნავები - შენაც ამჯავრდი სიკვდილო!

სიცოცხლესთან ხარ შეთქმული, სულეთს გაუღე კარები,

სამშობლოსათვის ერთგულნი მიდიან ლომა ხარები.

მზერა დაბინდეს ნისლებმა, გავალ, მდუმარე გავცდები,

წუთისოფელი იცლება თვირთვილიანი კაცების.

გზა ტკივილებით გავლიე, ფიქრმა გაძარცვა გონება,

შენი დროც მოვა, ტარიელ! აქ აღარ დაგედგომება...

 

არ გემშვიდობები! შეხვედრამდე, მეგობარო...

 

კოვიდთან 18 დღიანი ბრძოლის შემდეგ, 15 თებერვალს, 67 წლის ასაკში, თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა.