ბრალდებული მამის სულისშემძვრელმა ჩვენებამ საზოგადოება შოკში ჩააგდო -„ეს კაცი გაათავისუფლეთ და მისი მხეცი შვილი ჩასვი ციხეში“

გორის ამბავი

"პრაიმტაიმმა" ცოტა ხნის წინ სტატია სათაურით "მამის სულის შემძვრელი ჩვენება, რომელმაც შვილის მოკვლა სცადა - „ძვლები სულ მტკივა, იატაკზე მაგდებდა და ჩემს სხეულზე ხტუნაობდა" გამოაქვეყნა, რომელსაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

სოციალური ქსელის მომხმარებლები მოხუც კაცს მხარდაჭერას უცხადებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ სასამართლო მას პატიმრობას არ მიუსჯის, გაითვალისწინებენ მის მონათხრობს შვილის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე, დარბაზიდან გაათავისუფლებენ და მის შვილს დააკავებენ:

"მოსამართლევ ეს კაცი გაათავისუფლე და მისი მხეცი შვილი ჩასვი ციხეში." - წერს მომხმარებელი.

"გამოუშვით და მე შევიფარებ საცოდავ მოხუცს, სად გაქვთ სამართალი, რა ზომამდე მიიყვანა დაუძლურებული მოხუცი მისმა მხეცმა შვილმა, იმას რატომ არ საზღვრავთ. თუ სამართალია ქვეყანაში მოხუცი არ უნდა დაისაჯოს. ჰყოფნის თავის სიბერე. ყველამ წარმოიდგინეთ თქვენი თავი, მეც მოვკლავდი." - წერს მომხმარებელი.

ასევე, მკითხველები გამოდიან ინიციატივით, რომ შეიქმნას მოხუცის მხარდამჭერი ჯგუფი:

"იქნებ ვინმემ შექმნას ჯგუფი, სადაც იქნება მოთხოვნა ამ მოხუცის თავისუფლება. ერთად ბევრი ვართ, ძალიან ბევრი და დავეხმაროთ. ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ე.წ. "შვილი" ფულსაც სძალავდა და სავარაუდოდ კაზინოში ანიავებდა. გადაუმოწმონ შვილს თუ იყო აზარტული თამაშების მომხმარებელი და ასევე შეაფასებინონ ფსიქიატრსაც. ამ მოხუცს კი ნუ გაუმწარებენ ხანმოკლე სიცოცხლის დარჩენილ წლებს ...შექმენით ვინმემ ჯგუფი." - წერს მაკო ჭკუასელი.

ცნობისთვის, დღეს, გორში შვილის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული 82 წლის კაცის სასამართლო პროცესი გაიმართა.

სხდომაზე ბრალდებულმა მოსამართლეს მიმართა და განაცხადა, რომ იგი შვილის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ხშირად იყო.

„ახალი წელი რაც დაიწყო, სულ ცემა-ტყეპაში ვიყავი, ძვლები სულ მტკივა. ძირს რომ ვეგდე, იატაკზე, ჩემზე დახტებოდა და ხტუნაობდა“, - განაცხადა ბრალდებულმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, გორში მამამ 47 წლის შვილი დაჭრა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.